Aa
Aa

ბრაზილიის დრამატული მოგება და ნეიმარის ცრემლები - "სელესაო" 1/8 ფინალს მიუახლოვდა!

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კოსტა რიკასთან შეხვედრაში დიდ უპირატესობას ფლობდა და მატჩის მანძილზე არაერთი მომენტიც შექმნა, თუმცა კეილორ ნავასმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რითაც თავისიანებს ქულის აღების შანსი ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნა.

შეხვედრის სტარტზე ცუდად არც კოსტა რიკა გამოიყურებოდა და პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ოსკარ რამირესის ბიჭებმა შექმნეს. კრისტიან გამბოას გადაცემის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე სელსო ბორხესი დარჩა, რომელსაც გატანა მართებდა, თუმცა კარს ააცილა.

ბრაზილიელები უპირატესობას დაეუფლნენ და შეტევების განვითარებას ცდილობდნენ, რასაც კოსტა რიკამ ზონური დაცვით უპასუხა, რომელიც რამდენიმე ბარიერისგან შედგებოდა. 

26-ე წუთზე, გაბრიელ ჟესუშმა გოლი გაიტანა, თუმცა იგი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში, "ლოს ტიკოსის" კართან კიდევ ერთი ხიფათი შეიქმნა. ნეიმარი ბურთით საჯარიმოში შევიდა და დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას ცდილობდა, როცა მას ბურთი მეკარემ აართვა.

რამდენიმე მომენტის მიუხედავად, პირველი ნახევარი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და ბრაზილიელებმა საქმე მეორე ტაიმისთვის გადადეს.

"პენტაკამპეონებმა" მე-2 ნახევარი აქტიურად დაიწყეს და საწყის 5 წუთში 2 ბრწყინვალე მომენტი გაანიავეს. 50-ე წუთზე ჯერ გაბრიელ ჟესუშის თავური მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი კოუტინიოს გამჭოლი პასი მცველებმა ბოლო წამს ჩაჭრეს.

56-ე წუთზე, კეილორ ნავასმა თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. კოსტა რიკელთა ლიდერმა ამჯერად ნეიმარს აუღო და მართლაც ფანტასტიური სეივი შეასრულა. ორიოდ წუთში, მორიგი რეალური მომენტი ვიხილეთ - ნავასმა კოუტინიოს აჯობა.

ნავასის ბრწყინვალე თამაშის დახმარებით, "ტიკოსმა" ნულოვანი ფრე ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა. 79-ე წუთზე კი, ბრაზილიელებს პენალტი უნდა დაერტყათ, თუმცა ბიორნ კუიპერსს გადაწყვეტილება ვიდეო რეფერიმ შეაცვლევინა.

ნეიმარი საჯარიმოში მოქაჩეს და მცირე კონტაქტი იყო, რის შემდეგაც ბრაზილიელთა ლიდერს სულმა წასძლია და ეპიზოდი აშკარად გააფორმა და თერთმეტმეტრიანიც ამიტომ აღარ დაინიშნა.

 

კოსტა რიკამ 90 წუთი გაძლო, თუმცა მსაჯმა თამაშს 6 წუთი დაამატა და 91-ე წუთზე დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა. საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა რობერტო ფირმინომ მოიგო, შემდეგ გაბრიელ ჟესუშმა კარში დასარტყმელად მომზადება სცადა, თუმცა ბურთთან უცებ კოუტინიო გაჩნდა და უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.

 

გაშვებულმა გოლმა კოსტა რიკელებზე დამთრგუნველად იმოქმედა და ორიოდ წუთში მათ კარში კიდევ ერთი ბურთი გავიდა. დუგლას კოშტა საჯარიმოში შევიდა და ნეიმარს ცარიელ კარში გაატანინა.

ნეიმარმა "სელესაოს" მაისურით 56-ე გოლი გაიტანა და რომარიოს მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მასზე წინ რონალდო და პელე არიან, "ფენომენის" ანგარიშზე 62 ბურთია, ხოლო "ფეხბურთის" მეფემ 77 გოლი მიითვალა.

 

ბრაზილიამ 4 ქულა მოაგროვა, კოსტა რიკა კი უქულოდაა და შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს. ტიტეს შეგირდები ბოლო ტურში სერბეთს შეხვდებიან, კოსტა რიკა შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები