ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი ფავორიტის, ბელგიის და ინგლისის ნაკრებების თამაში ვიხილეთ, ბელგიელებმა პანამა დამაჯერებლად გაანადგურეს, ხოლო „სამმა ლომმა“ ჰარი კეინის ბოლო წუთებზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა. ზემოთხსენებული ნაკრებების გარდა გამარჯვება შვედეთმაც მოიპოვა, რომელმაც სამხრეთ კორეა გრანკვისტის თერთმეტმეტრიანის წყალობით დაამარცხა.

ჰარი კეინი სადაა???

ინგლისის ნაკრებმა საოცარი პირველი ტაიმი ჩაატარა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. გოლის გატანა დროის ამბავი იყო და საბოლოოდ „სამმა ლომმა“ მეტოქე გუნდის კარის აღება სტანდარტულის შედეგად მოახერხა. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ კუთხურს ჯონ სტოუნსი დახვდა და ტუნისელთა კარისკენ გაგზავნა, მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა, თუმცა დამატებაზე კეინმა მას შანსი არ დაუტოვა. ევრო 2016-ზე როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრებში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი კუთხურებს აწვდიდა, რაც „სამი ლომის“ ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო.

სტანდარტულის ჩაწოდების და სტოუნსის თავურის შემდეგ კამერებმა საუტგეითის რეაქცია და ფრაზა დააფიქსირეს:“ოჰ, ჰარი სადააა“? საბედნიეროდ მის სიტყვებს გოლი მოჰყვა და კეინმა ინგლისის ნაკრები დააწინაურა. საინტერესოა, რომ მეორე გოლიც კუთხურის შედეგად გავიდა და გარეტ საუთგეითი კეინისთვის სტანდარტულების ჩაწოდების აკრძალვას ალბათ სულაც არ ნანობს.

სამხრეთ კორეის ფეხბურთელმა, პარკ ჯუ ჰუმ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მისი მოედნიდან გაყვანა გახდა საჭირო, თუმცა მანამდე საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ექიმებმა ბარძაყის დაზიანებული ადგილის გაყინვის ნაცვლად მოთამაშეს ფეხზე პოლიეთილენის შესაფუთი პარკი შემოახვიეს და მოედნიდან მხოლოდ ამის შემდეგ გაიყვანეს.

სამხრეთ კორეის ნაკრების სავარჯიშო ფორმამ ქომაგების გულები დაიპყრო

Nike-ის წარმოებულმა ნიგერიის ნაკრების ფორმამ საყოველთაო ფურორი მოახდინა და მისი შეძენა მილიონობით გულშემატკივარს მოუნდა. იგივე სამხრეთ კორეის ნაკრების სავარჯიშო მაისურმაც მოახერხა, რომელიც მწვანე და შავ ფერებშია გადაწყვეტილი და შთამბეჭდავად გამოიყურება.

სტოკჰოლმში დარჩენი შვედი ქომაგების აგონია

შვედმა ქომაგებმა სამხრეთ კორეასთან დაპირისპირების შემდეგ სტადიონი გახარებულებმა დატოვეს და გუნდისთვის გულშემატკივრობა არც მატჩის მიმდინარეობისას დაუკლიათ, თუმცა საკუთარი ნაკრების გამარჯვების შემდეგ ბედნიერი ყველა შვედი ნამდვილად არ ყოფილა. 120-მა გულშემატკივარმა, რომელმაც მატჩზე დასასწრებად პირველი კლასის ჩარტერული რეისის ბილეთის სანაცვლოდ 1300 ევრო გადაიხადა, რუსეთში გამგზავრება ვერ მოახერხა. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე კომპანიამ ფრენის გადადების შესახებ განაცხადა და მიზეზად პილოტთა ეკიპაჟის არყოლა დაასახელა.

მოსაწყენი სტარტი და თითქმის ახალი რეკორდი

შვედეთისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებას საკმაოდ არასანახაობრივი დასაწყისი ჰქონდა, გუნდები თითქმის არ უტევდნენ და ბუნებრივია მომენტიც არ შექმნილა.  კარისკენ პირველი დარტყმა ზუსტად მეოცე წუთზე განხორციელდა და რეკორდის მოხსნამდე სულ ცოტა დააკლდა. კარისკენ დარტყმისთვის ყველაზე მეტი დრო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს დასჭირდათ - 20 წუთი და 59 წამი.

მუნდიალზე ანრის სამწვრთნელო დებიუტი შედგა

მუნდიალზე, პანამასთან დაპირისპირებაში რობერტო მარტინესის ასისტენტის, ტიერი ანრის სამწვრთნელო დებიუტი შედგა. კამერებმა გვირაბში ალდერვეირელდის და ტიერის საუბარიც დააფიქსირეს. ბელგიელი ფეხბურთელების მიხედვით ფრანგმა ლეგენდამ მათ გამოცდილება გაუზიარა და ყველა საჭირო დეტალზე ესაუბრა. ვინ იცის იქნებ ბელგიამ ანრის დარიგებების წყალობით ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს.

"გადაცემების ოსტატმა" ფაბრეგასმა დენიელ მერფი გააკრიტიკა

„ჩელსის“ ნახევარმცველმა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კომენტატორის როლი მოირგო. ბელგია-პანამის დაპირისპირება სესკს და დენიელ მერფს მიჰყავდათ, როდესაც ამ უკანასკნელმა დე ბრუინს არამარტო პრემიერ ლიგის, არამედ ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო მეპასე უწოდა.

ძმები აზარები ისტორიაში შევიდნენ

პანამასთან მატჩისბოლოს რობერტო მარტინესმა აქტიურ როტაციას მიმართა და მერტენსის ნაცვლად ტორგან აზარი შემოიყვანა. 25 წლის ფეხბურთელმა ადგილი თავისი ორი წლით უფროსი ძმის, ედენის, გვერდით დაიკავა და ისტორიაში შევიდა. აზარები ისტორიაში მეათე და 1930 წლის შემდეგ პირველი ძმები გახდნენ, რომლებმაც ტურნირზე ერთ შეხვედრაში იასპარეზეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები