''ძალიან ცუდად ვითამაშეთ'' - ''შვედეთთან მატჩი გადამწყვეტია''
Aa
Aa

''ძალიან ცუდად ვითამაშეთ'' - ''შვედეთთან მატჩი გადამწყვეტია''

მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი პირველი ჰიპერსენსაცია მექსიკის ნაკრებმა შემოგვთავაზა, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

პირველ ტურში გერმანიის მსგავსად ბრაზილიამ, არგენტინამ და ესპანეთმა ვერ მოიპოვეს გამარჯვებები.

გასული 4 ჩემპიონატის გამარჯვებულ ნაკრებთაგან 3 მომავალ მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. 2002 წელს ეს საფრანგეთს დაემართა, 2010 წელს იტალიას, ხოლო 2014 წელს - ესპანეთს. გამონაკლისი მხოლოდ ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც 2002 წელს მუნდიალი მოიგო და 2006-შიც ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. შესაძლოა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მსგავსად გერმანიაც დიდ საფეხბურთო ფორუმს ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობოს.

''წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვერ მოახერხეს მოქმედმა ჩემპიონებმა შემდეგი მუნდიალის ჯგუფური ეტაპის გავლა, მაგრამ ჩვენ იგივე ბედს არ გავიზიარებთ, ჩვენ  შემდეგ ეტაპზე გავალთ'' - აღნიშნა მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების დაცვითი ხაზი სუსტად გამოიყურება, იოახიმ ლიოვი რადიკალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს.

''პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ვერ შევძელით  ჩვეულ სტილში ასპარეზობა. მარცხის გამო პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ.

წარმატების მისაღწევად სირთულეების გადალახვა მოგვიწევს. შემდეგ მატჩში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. გოლის გატანის რამდენიმე შანსი გქვონდა, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა, არ გაგვიმართლა.

შეტევისას ჩვენს პასებს სიზუსტე და ეფექტურობა აკლდა. მექსიკის ნაკრები კონტრშეტევის განხორციელებას  ხშირად ახერხებდა. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაკარგვის შემდეგ ბევრი ნაპრალი ჩნდებოდა.

თამაშის გეგმა არ შეიცვლება. ჩვენთვის შემდეგი მატჩი  გადამწყვეტი იქნება.

შვედეთთან უნდა გავიმარჯვოთ. ახლა ჩვენ წნეხის ქვეშ ვართ, მაგრამ ამ თემაზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ შემდეგ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი.''

1982 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრები მუნდიალის პირველ ტურში პირველად დამარცხდა.

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ სენსაციური გამარჯვების შემდეგ განაცხადა: ''პირველ ტაიმში ვცდილობდით თავის დაცვას და კონტრშეტევებზე აქცენტის გაკეთებას. გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო.

მეტოქის მიმართ პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ რომ პირველ ნახევარში მეტოქეზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ.

მეორე ტაიმში გერმანიის ნაკრები დიდი შემართებით ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გერმანიის ნაკრებთან თამაშის გეგმა შევადგინეთ, რომელიც გულისხმობდა ორი სწრაფი გარემარბით სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას. ერთ ფლანგზე ირვინგ ლოსანო და მეორე ფლანგზე მიგელ ლუინი, რომელიც ჩვენს გუნდში ყველაზე სწრაფია. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ფეხბურთელებით.''

23 ივნისს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. F ჯგუფში კორეა მექსიკას შეხვდება, გერმანია კი - შვედეთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები