Aa
Aa

ზვერევმა მადრიდის მასტერსი სეტის და საკუთარი მოწოდების წაუგებლად მოიგო!

მამაკაცთა შორის მადრიდის მასტერსის 2018 წლის გამარჯვებული ალექსანდრ ზვერევი გახდა.

ახალგაზრდა გერმანელმა ჩოგბურთელმა ტურნირი სეტის წაუგებლად დაასრულა. მან ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელ დომინიკ ტიმს 6:4; 6:4 მოუგო. ზვერევმა ორივე სეტის პირველსავე გეიმში ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა დამაჯერებლად შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ზვერევმა განვლილ ტურნირზე საკუთარი ყველა ჩაწოდება მოიგო.

ალექსანდრ ზვერევმა კარიერაში მე-8 ტიტული მოიგო, ამ კვირიდან კი რომის მასტერსზე წინა წელს მოპოვებული საჩემპიონო ქულების დაცვაზე ზრუნვა მოუწევს.

აქვე დავამატოთ, რომ რაფაელ ნადალის წაგების გამო, რომელმაც მადრიდში სარეიტინგო ქულები ვერ დაიცვა, დღეიდან მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი როჯერ ფედერერმა დაიბრუნა.

რაც შეეხება ქალთა თანრიგს, მისი გამარჯვებული ჩეხი პეტრა კვიტოვაა. იგი ფინალში ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს შეხვდა და 3 სეტში, 7:6; 4:6; 6:3 მოუგო.

კვიტოვა პირველი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც მადრიდის მასტერსის მოგება 3-ჯერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ კვიტოვამ ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო. მან გასულ კვირას პრაღის ტურნირზე იმარჯვა და გადატვირთული გრაფიკის გამო, რომის მასტერსიდან განაცხადი მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები