Aa
Aa

"ლივერპულის" დიდი პრობლემა ანუ "სიტის" მთავარი შანსი - ტაქტიკა დეტალებში

წყვილის პირველი მატჩის შემდეგ „ლივერპულმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მაინც ვერ იტყვი, რომ 1/2 ფინალში გამსვლელი გარკვეულია. თანაც, წლევანდელი პრემიერ ლიგის ეგიდით მანჩესტერში გამართული შეხვედრა „სიტიმ“ 5:0 მოიგო.

პეპ გუარდიოლას იურგენ კლოპის წინააღმდეგ განსაკუთრებულად უჭირს და მასთან აქამდე გამართული 13 ურთიერთდაპირისპირებიდან 7 წაგებული აქვს.

„ლივერპული“ უდავოდ კარგ ფორმაშია, რაზეც ბოლოდროინდელი სტატისტიკაც მეტყველებს. იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 12 მატჩიდან 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

იგივეს ვერ ვიტყვით „სიტიზე“, რომელმაც ბოლო 5 მატჩიდან იმდენი დათმო (3), რამდენიც მთელი პირველი წრის განმავლობაში არ წაუგია.

„სიტის“ უპირატესობა მისი გადაჭედილი „სიტი ოფ მანჩესტერი“ იქნება. ასეთ მძიმე მომენტში გულშემატკივრის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და 53 ათასი ადამიანი დღეს მანჩესტერულად იგუგუნებს.

 

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ „ქალაქელები“ არცთუ კარგ სვლაზე არიან, რაც გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პეპ გუარდიოლას გუნდი დერბიში „იუნაიტედს“ საკუთარ არენაზე ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ ლიგის ჩემპიონი ნაადრევად გახდებოდა. ყველაფერი იდეალურად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახლდათ, ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ „იუნაიტედს“ არათუ კარში, არამედ კარისკენ დარტყმაც არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა მეორე ტაიმი პირწმინდად ჩააგდეს, დაცვაში მოიშალნენ, რითაც „წითელ ეშმაკებს“ ერთბაშად 3 გოლის გატანისა და თამაშის 2:0-დან 3:2 მოგების საშუალება მიეცათ.


 

ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, თუმცა გუნდის არასტაბილური თამაში მაინც თვალშისაცემია. მასპინძელთაგან დღევანდელ დაპირისპირებას მენდი და სტოუნსი გამოტოვებენ, საეჭვოა დანილოს მოედანზე გასვლაც.

შესანიშნავი განწყობაა იურგენ კლოპის გუნდის ბანაკში, რაც შედეგებზეც ნათლად აისახება. გერმანელმა მწვრთნელმა მოახერხა და ფეხბურთელები სეზონის დასკვნით ნაწილს ოპტიმალურ ფორმაში შეახვედრა.

მერსისაიდელებმა უქმეებზე ძალები დაზოგეს და დერბიში „ევერტონთან“ 0:0 ითამაშეს.


 

„ლივერი“ პრემიერ ლიგის ზედა ოთხეულში მყარადაა და მე-5 ადგილოსან „ჩელსის“ მთელი 10 ქულით უსწრებს.

კლოპს ჟურნალისტებმა მოჰამედ სალაჰის თაობაზე ჰკითხეს, რაზეც გერმანელმა განაცხადა, რომ სალაჰმა გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და დიდი შანსია, დღევანდელი შეხვედრისთვის მზად იყოს. ასევე გაურკვეველია რობერტსონისა და მორენოს საკითხიც. თუკი ისინი ვერ ითამაშებენ, დაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემა იქმნება და იქ თამაში მარჯვენა მცველ ალექსანდრ-არნოლდს ან უნივერსალ ჯეიმს მილნერს მოუწევს.

ზოგადად, ლივერპულელებს შესამჩნევი საკადრო პრობლემები აქვთ, გადაწყვეტილია, რომ ტრავმების გამო მოედანზე ჰენდერსონს, ჯანს, გომესს, ლალანასა და მატიპს ვერ ვიხილავთ.

„სიტის“ უპირატესობა - როგორ უნდა შეავსოს კლოპმა დანაკლისი?..

როგორც უკვე ითქვა, „ლივერპულის“ მთავარი პრობლემა ფეხბურთელთა ტრავმებია, რაც გუნდის შემადგენლობას კარდინალურად შეცვლის. მარცხენა მცველის საკითხი განვიხილეთ და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ პოზიციაზე კლაინს, ალექსანდრ არნოლდს ან მილნერს ვიხილავთ, რომელთაგანაც ნომინალური მარცხენა მცველი არცერთი არაა. სტუმართათვის ძალიან კარგი იქნება, თუკი რობერტსონი ან მორენო სათამაშოდ მზად იქნებიან. როგორც იწერება, ამის შანსი რობერტსონის შემთხვევაში უფრო არსებობს და uefa-ს ოფიციალური საიტი სავარაუდო შემადგენლობაში სწორედ შოტლანდიელს მოიაზრებს.

მეორე მხრივ, მილნერის სხვა პოზიციაზე გამოყენება, პრობლემას ნახევარდაცვას უქმნის, რადგან ჰენდერსონი, ლალანა და ჯანი თავისთავად უდიდესი ძალაა, შუა ხაზს გამოკლებული მილნერი ნიშნავს იმას, რომ კლოპი მხოლოდ ვაინალდუმისა და ჩემბერლენის იმედად რჩება, ეს უკანასკნელი კი უფრო მეტად შემტევი ფეხბურთელია და გასაგებია, რომ „სიტის“ სუპერნახევარდაცვასთან ასე გამკლავება ურთულესი იქნება.

„ლივერის“ დამრიგებლის მთავარი საფიქრალი სწორედ მოედნის ცენტრია. მან არსებული მწირი რესურსი ოპტიმალურად უნდა გადაანაწილოს. სავარაუდოდ, მზადაც რომ არ იყვნენ, კლოპს რობერტსონის ან მორენოს ჯანმრთელობით გარისკვა მოუწევს, რათა მილნერი ნახევარდაცვაში დააყენოს.

ამრიგად, შუა ხაზში ვაინალდუმი-ჩემბერლენი-მილნერის ტრიოს ვიხილავთ, სათადარიგოთა სკამზე კი თინეიჯერები ვუდბერნი, ჯოუნსი ან კამაჩო მოხვდებიან. მათით მეორე ტაიმში ცენტრის გამაგრება რამდენად გამოვა და შესაძლებელია, რთული სათქმელია. შესაბამისად, შეხვედრის დასკვნით ნაწილში „ლივერს“ წესით დაღლა დაეტყობა, რადგან „სიტი“ ინტენსიურ პრესინგს თამაშობს და ახლა ისეთი ანგარიში აქვს მოსატრიალებელი მეტოქის წნეხში მოქცევას ორმაგად ეცდება.

მოჰამედ სალაჰის ამბავი თავისთავად გასაგებია. ეგვიპტელი წლევანდელი „ლივერპულის“ მთავარი ფეხბურთელია და გარდა გოლებისა, ბურთის დაჭერისა და სწრაფი შეტევებისთვის უაღრესად სასარგებლო მოთამაშეა. დღეს კი „ლივერს“ ორივე მათგანი ჰაერივით სჭირდება. სალაჰის თამაში ძალიან მნიშვნელოვანი ნახევარდაცვისთვისაც, რადგან თუკი ეგვიპტელი მოედანზე იქნება და იგი ჩვეულად ითამაშებს, მის თანაგუნდელებს პერიოდულად ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.

ტაქტიკა - დაახლოებით როგორი იქნება თამაშის სცენარი...

მანჩესტერელები პირველივე წუთებიდან შეუტევენ და ტოტალური უპირატესობის მოპოვებას ეცდებიან. აქცენტი სწრაფ გოლზეც უნდა გაკეთდეს, რადგან ამ პოტენციურმა გოლმა, შესაძლოა, თამაში გარდატეხოს.
ნახევარდაცვაში ფერნანდინიოსთან ერთად, დავიდ სილვა და დე ბრუინი ითამაშებენ, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან „სიტის“ დღეს ფანტაზია, შეტევის გაგრძელების ბევრი შესაძლო ვარიანტი, გამჭოლი პასები და თამაშის გამწვავება სჭირდება.

ამას „ლივერპული“ მოძრავ თამაშს დაუპირისპირებს და ერთი მხრივ სივრცის შეზღუდვას და მეორე მხრივ თავისთვის სივრცის მოძებნას ეცდება, რათა ბურთი დაიჭიროს ან სწრაფ შეტევაში გადავიდეს.

„ლივერმა“ დღეს აქტიურად უნდა ითამაშოს და მეტოქის ნახევარზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს, სხვა შემთხვევაში ამ 3 ბურთიანი სხვაობის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება. რთული იქნება თუნდაც იმიტომ, რომ სტუმრებს მუდმივი წნეხის ფონზე თამაში მოუწევთ. „ლივერს“ სჭირდება ისეთი კომპაქტური და მობილური თავდაცვა, როგორც ეს 1 კვირის წინ იყო. ზონების სწორად და სწრაფად შევსება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, უფრო მეტად „სიტის“ წინააღმდეგ, რომლის თამაშიც ტექნიკურ და კომბინაციურ თამაშზეა აწყობილი.

მერსისაიდელთა დაცვასა და უფრო მეტად ნახევარდაცვაში არსებული პრობლემები „ქალაქელთა“ მთავარი უპირატესობაა. ამ ფონზე, აუცილებელია, რომ „ლივერპულის“ განაპირა მცველელები წინ აქტიურად წავიდნენ, რათა ამით ცენტრში არსებული სხვაობა პერიოდულად უკანა პლანზე გადავიდეს და „სიტის“ ფეხბურთელთა განლაგება და შესაბამისად სათამაშო სქემა რაც შეიძლება „გაიწელოს“. „გაწელვაში“ მეტოქის ფეხბურთელთა ფლანგებისკენ იძულებით გადასვლა და ამით „სიტის“ მონახაზის შედარებით არევა იგულისხმება.

სავარაუდო სათამაშო სქემები

მანჩესტერელები ჩვეული 4-3-3 სქემით თამაშს აპირებენ, მოედანზე კი 2 გამთამაშებეული იქნება, რომლებიც შეტევების დამწყებებად და განმავითარებლებად უნდა მოგვევლინონ.

შეგვიძლია მივყვეთ თანმიმდევრობით. კარში ედერსონ მორაეში დადგება, რომელიც ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს და სწრაფი შეტევები, შესაძლოა, მანაც წამოიწყოს. პლიუს ამას, როგორც ყოველთვის, მუდმივი კონტაქტი ექნება მცველებთან და ბურთსაც ხშირად მიაწვდიან.

დაცვაში უოკერი, კომპანი, ოტამენდი და დელფი მოიაზრებიან. განაპირა მცველები შეტევაში ინტენსიურად წავლენ, კომპანი და ოტამენდი კი ამას უფრო სტანდარტულებისას გააკეთებენ. მანჩესტერელთა ბელგიელი კაპიტანი ნელ-ნელა ფორმაში შედის და მისი მოედანზე ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაცვითი ტიპის საყრდენად ფერნანდინიო მოგვევლინება, რომლის წინაც 2 ფლეიმეიქერი - დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი გაირჯებიან. ფერნანდინიოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მან სილვასა და დე ბრუინის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს და ისინი დაცვითი სამუშაოსგან მაქსიმალურად გაათავისუფლოს.

მარჯვენა ვინგერად სტერლინგი უნდა ვიხილოთ, რომელმაც პარალელურ ფლანგზე მოთამაშე ლეროი სანესთან ერთად, მეტოქის დაცვის ფლანგები უნდა დატვირთოს და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს. შეტევის წინა ხაზზე გამოცდილ სერხიო აგუეროს განიხილავენ, თადარიგიდან კი შესანიშნავი ვარიანტი გაბრიელ ჟესუში იქნება.

ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ მაინც სადღაც შესაძლებელი სქემა 3-5-2 გახლავთ, როცა ფლანგებს უოკერსა და დელფს ჩააბარებენ, წინა ხაზზე კი ჟესუში და აგუერო იმოქმედებენ. თავიდან ალბათ არა, მაგრამ თუ საჭირო გახდა, გუარდიოლა 2 ფორვარდიან ტაქტიკაზე, შესაძლოა, მე-2 ტაიმში გადაერთოს, როცა „ქალაქელთა“ განლაგება გაცილებით რისკიანი გახდება.
არაა გამორიცხული, რომ ასეთ დროს ერთ-ერთი ცენტრალური მცველი მოიხსნას და მაგალითად კომპანისთან ერთად დაცვითი ფუნქციები ფერნანდინიომ და ფლანგის მცველებმა გადაინაწილონ.

ასევე, შეიძლება შეიცვალოს ერთ-ერთი ვინგერი და მის მაგივრად დასვენებული ბერნარდო სილვა გამოვიდეს.

ლივერპულელთა სქემაც 4-3-3 იქნება, თუმცა მეტოქესთან მიმართებით განსხვავება ისაა, რომ 1-ის ნაცვლად მოედანზე 2 უკანა ნახევარმცველი იქნება.

კარში ლორის კარიუსია, რომელიც სტაბილური მეკარე ჯერ ვერაა და „ლივერპულის“ გულშემატკივრებმა იმედი უნდა დაიტოვონ, რომ დღეს კარგი დღე ექნება.

დაცვაში საკადრო პრობლემებია, თუმცა ეს მარჯვენა ფლანგს ნაკლებად ეხება, სადაც ალექსანდ-არნოლდს ველით. იგი ძალიან ახალგაზრდა და ლოვრენისა და ნახევარმცველების დახმარება დასჭირდება. ტანმაღალ ხორვატთან ერთად დაცვის ცენტრს ვირხილ ვან დიიკი გაამაგრებს, მარცხენა მხარეს კი, მცირე ტრავმის მიუხედავად, ძირითადის კაცი ენდრიუ რობერტსონი მოიაზრება.

ნახევარდაცვაზე ბევრი ვისაუბრეთ და დავაკონკრეტოთ, რომ საყრდენებად ვაინალდუმი და მილნერი მოგვევლინებიან, მათ წინ კი ჩემბერლენი განლაგდება. კლოპს სხვა ვარიანტი უბრალოდ არ აქვს, მაშინ მან 2 კაციანი ნახევარდაცვა უნდა აირჩიოს, რაც ასეთ თამაშში თითქმის გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ამ 3 ფეხბურთელზე უდიდესი დაწოლა იქნება და მათ სათადარიგოთა სკამზე რეალური შემცვლელი არ ჰყავთ.

იმედიანად არიან მოჰამედ სალაჰის თაობაზეც და დიდი ალბათობით, იგი სასტარტოში დაიწყებს. უშუალოდ დღევანდელ მატჩში ეგვიპტელის მნიშვნელობასა და მის შესაძლო ფუნქციებზე ზემოთ ვილაპარაკეთ და უდავოა, რომ საკადრო პრობლემების ფონზე, სალაჰის მოედანზე ყოფნა ორმაგად მნიშვნელოვანია. „ლივერის“ ლიდერს შეტევაში, ტრადიციულად, სადიო მანე და რობერტო ფირმინო შეუამხანაგდებიან. ფირმინომ პირველ ბურთებზე აქტიურად უნდა ითამაშოს და მათი მოგება სცადოს, ამასთანავე, მან და მანემ მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი მაქსიმალურად უნდა დაიჭირონ.

სტუმართა თადარიგში კლაინი, კლავანი, სოლანკე და ინგსი დარჩებიან. რომლის ან რომლების გამოყენება დასჭირდება კლოპს, მთავარიც სწორედ ესაა...

მსაჯი

თამაშს ესპანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, რომელსაც გამოცდილი ანტონიო მატეუ ლაოსი უხელმძღვანელებს.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მატჩის პროგნოზი იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები