Aa
Aa

"იგუაინი ნაკრებს უნდა მოაშორონ" - საშინელი ტაქტიკა და კრიტიკა ლეგენდების მხრიდან

ესპანეთთან განადგურების (1:6) შემდეგ საფეხბურთო სამყაროს სასაუბრო თემა არგენტინის ნაკრებია.

„ალბისელესტე“ ძალიან ცუდ დღეშია. როდესაც მესი მოედანზე არაა, ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმის ჟანრს ემსგავსება.

მუნდიალის დაწყებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და სამპაოლის გუნდში კვლავ სრული ქაოსია.

ბევრი არ ელოდა, მაგრამ ფაქტია - ხორხე სამპაოლიც იმ მწვრთნელთა კატეგორიას შეუერთდა, რომლებსაც უბრალოდ მესის გენიოსობის იმედი აქვთ და შედეგის დადებას მხოლოდ ამით ცდილობენ.

არანაირი ტაქტიკა, არანაირი მონახაზი, არანაირი გონივრული შეცვლები - მწვრთნელს სიტუაციაზე კონტროლი დაკარგული აქვს.

მადრიდში სამარცხვინოდ წაგების შემდეგ „ალბისელესტე“ მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განსაკუთრებით მთავარ მწვრთნელზე ითქმის.

არგენტინული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდებმა ხმა აიმაღლეს და ყველაფერი საჯაროდ თქვეს, თუმცა ამაზე ბოლოს იყოს.

სამპაოლის გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს და ერთ-ერთი მათგანი თავად მწვრთნელიც გახლათ.

უსარგებლო ვეტერანები

იგუაინი, ბილია, ბანეგა და უკვე მასკერანოც? - ფეხბურთელები რომელთა პოზიცია მოედანზე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ როდესაც ისინი ნაკრების მაისურს ირგებენ უსარგებლონი ხდებიან.

რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ნაკლებად მასკერანოზე ითქმის, თუმცა არგენტინელი უკვე ასაკშია და ბოლო მატჩებში მისი თამაში საკმაოდ არადამაჯერებელი იყო.

გაცილებით უარეს მდგომარეობაში არიან სიის დანარჩენი წევრები.

ეს გუნდისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ისინი მუნდიალზე მიემგზავრებიან და მათ შემცვლელი ესაჭიროებათ.

ამ ყველაფრის ფონზე, მისაღებ ვარიანტად ახალგაზრდა ჯოვანი ლო სელსო ჩანს, რომელიც არგენტინელთა ნახევარდაცვას აშკარად გამოაცოცხლებს.

„ალბისელსტეს“ მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლი ძალიან უჭირს - არგენტინელები ან მესის ეძებენ, ან თამასი მალევე ფლანგზე გადააქვთ, რაც თამაშზე კონტროლის დაწესების საშუალებას სპობს.

რაც შეეხება გონსალო იგუაინს, მისი თემა უკვე იმდენჯერ განიხილეს, რომ ამაზე რაიმე ახალის თქმა ძნელია.

იგუაინის მისამართით კრიტიკა 100%-ით გამართლებულია და ეს, ფაქტებით უკვე ბევრჯერ გამყარდა.

საკმაოდ უცნაურია და ძნელი მისახვედრია, თუ რატომ თამასობს ის არგენტინის ნაკრებში დღემდე...

მწვრთნელი

ხორხე სამპაოლიმ მოლოდინი ვერ გაამართლა. მისგან ბევრს ელოდნენ და რა მიიღო არგენტინამ? არასტაბილურობა და მუდმივი როტაცია.

სამპაოლიმ ნაკრების ჩაბარების შემდეგ ტაქტიკა უმალვე შეცვალა და გუნდი 3-5-2 სქემაზე გადააწყო, რამაც შედეგი არ გამოიღო.

შემდეგ კვლავ 4-2-3-1 სქემას დაუბრუნდა და რაც მოხდა ყველამ კარგად ვნახეთ.

მსოფლიო ჩემპიონატი ფაქტიურად კარსაა მომდგარი. არგენტინის ნაკრებს კი ჯერჯერობით არც შემადგენლობა ჰყავს დაბალანსებული და არც ტაქტიკა.

სამპაოლი თავისი წინამორბედების მიერ დანერგილ არასწორ ტრადიციას „წარმატებით“ განაგრძობს. არგენტინის ნაკრებში ჭარბად არიან მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატს წარმოადგენენ და რეალურად, მათ გუნდისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ.

ასევე, გაუგებარია ლეგიონერების გამოძახების საკითხიც. იკარდისა და დიბალას ყბადაღებული თემა ყველას კარგად მოეხსენება. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ...

რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ არგენტინის ნაკრების ნებისმიერი მწვრთნელი დანიშვნის პირველივე დღინავდე უცნაური გადაწყვეტილებების მიღებას იწყებს.

ხორხე სამპაოლის ძალიან ცოტა დრო და რამდენიმე ამხანაგური მატჩი რჩება. მან, უბრალოდ სწორი მიმარტულება უნდა მოძებნოს.

მესის შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს მისი გუნდში ყოლაც არ არის ადვილი. როდესაც საუკეთესო იარაღი გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაზე უკეთ იყენებ. არგენტინის ნაკრები ამის ცოცხალი მაგალითია.

პრობლემა დაცვაში

თუ, დაცვის ცენტრში შედარებით ნაკლები პრობლემებია, იგივეს ვერ ვიტყვით ფლანგებზე.

სამპაოლი განაპირა მცველების ძიებაშია და ამ პოზიციაზე უკვე უამრავ ექსპერიმენტს მიმართა.

თანამედროვე ფეხბურთში ძლიერი ფლანგის მცველის გარეშე ფონს გასვლა ძალიან გაგიჭირდება.

ესპანეთთან შეხვედრაში არგენტინელთა ფლანგებს ტალიაფიკო და ბუსტოსი აკონტროლებდნენ, რაც რბილად რომ ვთქვათ საკმაოდ სუსტი გადაწყვეტილება იყო.

სამპაოლიმ ამ პოზიციებზე ნახევარმცველების გამოყენებაც სცადა. როცა არგენტინა 3 ცენტრალური მცველით თამაშობდა, ფლანგები აკუნიასა და სალვიოს ებარათ, თუმცა დღეს ტაქტიკა კვლავ შეცვლილია და „ალბისელესტე“ 4-2-3-1 სქემით თამაშობს.

დიბალა და იკარდი

პაულო დიბალა და მაურო იკარდი ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, თუმცა სამპაოლის მერყევ ტაქტიკაში ვერცერთი მათგანი ვერ ჯდება და შესაძლოა ისინი სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩნენ.

სამპაოლის ფაქტიურად მთელი არგენტინა მოუწოდებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს და რუსეთში ორივე მათგანი იახლოს.

გასაგებია, რომ დიბალა მესის პოზიციაზე თამაშობს და ისინი ერთმანეთს სღუდავენ, საბოლოოდ კი მოედანზე დიბალას როლი იკარგება.

დამაჯერებელი ვერც იკარდია, რომელიც გუნდს აშკარად ვერ მოერგო, თუმცა ეს მხოლოდ მისი ბრალი არ არის, რადგან სამპაოლი ტაქტიკას მუდმივად ცვლის. შემადგენლობაში არ არის ბირთვი, რომელიც ერთმანეთთან  შეთამაშებული იქნება.

ძნელია, როდესაც შენს თანაგუნდელებთან ერთად 7-8 მატჩიც კი არ გაქვს ნათამაშები და მოედანზე მათთან უსიტყვოდ გაგებას გთხოვენ.

რაც არ უნდა იყოს, დიბალასა და იკარდის კლასი „ალბისელესტეს“ აუცილებლად დასჭირდება, თუნდაც ეს 15-20 წუთით იყოს.

რა მოხდება, თუ მესი ტრავმას მიიღებს, ან უბრალოდ მეტოქე ზონებს შეუზღუდავს და ლეოს თამაში არ წაუვა? რა მოხდება, თუ დი მარია, აგუერო ან რომელიმე სხვა ტრავმირებული იქნება? სათადარიგოთა სკამზე არგენტინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით „ალბისელესტე“ ფონს ვერ გავა.

ასე, რომ სამპაოლი ველოსიპედის გამოგონებას უნდა შეეშვას და პრობლემას მარტივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არგენტინას კატასტროფა ელოდება, სამპაოლი კი სამწვრთნელო კარიერას ნაადრევად დაასრულებს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ესპანეთის ნაკრებთან ავადსახსენებელ მატჩს, პრესის გარდა არგენტინული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდებიც გამოეხმაურნენ.

პედრო პასკული (1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი):„არგენტინა დღეს მესიზე 10-ჯერ მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ 1986 წელს მარადონაზე ვიყავით.

მესი ვერ მოვა და ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. ის ითამაშებს ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, მაგრამ ვინ მოაგვარებს პრობლემებს დაცვაში? 1:6-ის წაგება მესისთვის კიდევ ერთი პრობლემაა. როდესაც ის ნაკრებს დაუბრუნდება და მოედანზე გავა, ყველა პრობლემის გადაჭრას მას მოსთხოვენ.

სამპაოლის გადაწყვეტილება ვერ გავიგე. ნახევარდაცვაში მასკერანო, ბილია და ბანეგა დააყენა, რომ მათ ბურთი დაეჭირათ, მაგრამ ვისთვის უნდა მიეცათ ის, როდესაც შეტევაში გადავიდოდნენ?

რაც შეეხება იგუაინს, როცა ის ცისფერ-თეთრ მაისურს ირგებს გოლების გატანა უბრალოდ ავიწყდება. არ ვიცი, უბრალოდ ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტორია. როდესაც ხედავ, რომ იგუაინი შენ ვერაფერს გაძლევს, მარტივად უნდა იმოქმედო და ის ნაკრებს ჩამოაშორო.

მარადონა რა თქმა უნდა გუნდის პრობლემებს აგვარებდა, მაგრამ ის მარტო არასდროს ყოფილა. მის გვერდით ჩვენ ვიდექით.

აგუერო და დი მარია ნაკრებში იმ დონეს ვერ თამაშობენ, როგორც თავიანთ კლუბებში.

დიბალას მუნდიალზე წავიყვანდი. დიახ, მართალია რომ ის მესის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ის ახალგაზრდაა და მას ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შეუძლია.

დიბალა არ არის მესი, თუმცა ის განსხვავებულია და საჭიროა.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არგენტინა ვართ და არა პერუ. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს და გამბედაობა უნდა მოვიკრიბოთ, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ. ცისფერ-თეთრი მაისურის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა.

მე, პრესკონფერენციაზე ხორხე სამპაოლი ვნახე, რომელიც ძალიან წყნარად გამოიყურებოდა და ეს შემაშფოთებელია.

ესპანეთთან მატჩში გაუგებარია, თუ რატომ არ მიეცა შანსი ლაუტარო მარტინესს, რომლის შეძენითაც „ინტერი“ და „დორტმუნდი“ ინტერესდებიან. ის, პიკესა და რამოსის დონის პროფესიონალების წინააღმდეგ დიდ გამოცდილებას მიიღებდა. ასევე, შანსს იმსახურებდა დიეგო პეროტიც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებს მთელი გულით ვუსურვებ“.

ხორხე ვალდანო (1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი): „მესი არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მცირე შანსი ჯერ კიდევ აქვს.

იგუაინი ნაკრებისთვის დამღუპველია. ხორხე სამპაოლის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი“.

მარიო კემპესი (1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი):პირველ ნახევარში არგენტინა მომეწონა. მეორე ტაიმში კი მოედანზე ვნახე 11 მოთამაშე, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ.

სამპაოლის არ მესმის. რას ერჩის ის იკარდის. მაურო არის ფეხბურთელი, რომელსაც შეგიძლია ენდო.

გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ესპანეთთან მატჩში ძალიან მომეწონა მესა. იმ მოთამაშეებს, რომლებიც ძირითადში იმყოფებიან მოდუნების საშუალება არ უნდა მიეცეთ“.

მესი, რომელიც 13 წლიდან „ლა მასიაში“ იზრდებოდა და დღემდე „ბარსელონას“ ღირსებას იცავს, თამაშობს ნაკრებში, რომელიც ბურთს ვერ აკონტროლებს. მწვრთნელს არ აქვს არანაირი მონახაზი, თუ როგორ განახორციელონ გააზრებული შეტევა.

სამპაოლიმ არგენტინას იდეალური ტაქტიკა უნდა შეურჩიოს. ასეთი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია, უბრალოდ საჭიროა სწორი ტაქტიკა, რომელიც მათ პლიუსებს წინა პლანზე წამოწევს და შემადგენლობაში ბალანსს შეინარჩუნებს.

წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის შემადგენლობის მქონე გუნდს, მხოლოდ მესის იმედი ჰქონდეს.

თუ, კვლავინდებურად ყველა დადგება და მესის მხრიდან საოცრებების ჩადენას დაელოდება, სასწაული არ მოხდება, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მარტო ვერავინ ვერაფერს მოიგებს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები