მესი:
Aa
Aa

მესი: "წარმოვიდგენ, თუ როგორ ვიგებთ თასს და მას ხელში ვწევ"

 

ლეო მესის თქმით, წლევანდელი მუნდიალი მისთვის ბოლო შანსი იქნება, რომ სანუკვარ მიზანს მიაღწიოს.

ლეომ აღნიშნა, რომ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი მათი თაობისთვის ბოლო შანსია და ეს მართლაც ასეა. 2022 წლისთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ დღევანდელი არგენტინის ნაკრების ბირთვიდან რომელიმე მათგანმა ნაკრებში ითამაშოს.

მესის საკლუბო კარიერა ნამდვილი ზღაპარია. მან, „ბარსელონასთან“ ერთად ყველაფრის მოგება შეძლო რაც კი ფეხბურთელს შეუძლია, თუმცა სრულიად საპირისპირო ვითარებაა სანაკრებო დონეზე. არგენტინამ ზედიზედ სამი ფინალი წააგო: 2014 წელს მუნდიალი, 2015 წელს კოპა ამერიკა და 2016 წელს საიუბილეო (100 წლის იუბილე) კოპა ამერიკა.

ლეო მესიმ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და თავის მიზნებზე La Cornisa-სთან ისაუბრა.

„წაგებული ფინალების შემდეგ ძალიან ბევრს ვტიროდი. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავდა.

ეს სამი ფინალი ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ჩვენ, რომ ფინალებში ვითამაშეთ, ეს ფაქტი საერთოდ არ გვამხნევებდა“.

30 წლის მესისა და მის თანაგუნდელებს დრო შანსს ართმევს, რომ მათ ერთად რაიმე განსაკუთრებულს მიაღწიონ.

ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ივნისში 31 წლის ხდება. არგენტინის ნაკრების ბირთვი - სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია, გონსალო იგუაინი, ხავიერ მასკერანო, ნიკოლას ოტამენდი - ყველა მათგანი 30 წლის, ან მეტის გახლავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი მუნდიალი მათი ბოლო შანსია.

„ჩვენ შედეგებზე ვართ დამოკიდებული, ეს სამწუხაროა მაგრამ ასეა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თუ ახლა ვერ გავხდებით ჩემპიონები, მომდევნო შანსი აღარ გვექნება“.

მესის თქმით, 2014 წელს ბრაზილიის მუნდიალზე განცდილი მარცხის შემდეგ მთელი გუნდი რუსეთში წარმატებაზე ფიქრობს.

„წარმოვიდგენ, თუ როგორ ვიგებთ თასს და მას ხელში ვწევ. ეს არის ოცნება, რომლის ახდენაც ყოველთვის, ყოველთვის მსურს და ყოველ ჯერზე, ის უფრო და უფრო რთული ხდება.

მინდა ქომაგებს ვუთხრა, რომ ეს მუნდიალი ჩვენთვის წარმატებული იქნება. ოცნება უცვლელია. ჩვენ 2014 წლის ჩემპიონატმა საჭირო გამოცდილება მოგვცა. თასის აღმართვა ყველა ჩვენგანის ოცნებაა“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფში ისლანდიასთან, ხორვატიასთან და ნიგერიასთან ერთად ითამაშებს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ, ლეო მესის ყველა გოლი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები