კვერკველიას მოგება
Aa
Aa

კვერკველიას მოგება "ნიცასთან" და უხვგოლიანობა "ევროპა ლიგაზე"

გუშინ ევროპის სხვადასხვა ქალაქში „ევროპა ლიგის“ 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება ნიცაში შედგა, სადაც სოლომონ კვერკველიას „ლოკომოტივი“, „ნიცას“ სტუმრობდა.

ქართველმა მცველმა, ტრადიციულად, მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო „რკინიგზელებმა“ თამაში 0:2-დან დაატრიალეს, 3:2 მოიგეს და საპასუხო შეხვედრის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

ჯანო ანანიძის გარეშე მოასპარეზე მოსკოვის „სპარტაკი“ საკუთარ კედლებში „ბილბაოსთან“ 1:3-ზე დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლით მიზერზულზე მიზერული შანსი შერჩა.

კიდევ ერთი უხვგოლიანი მატჩი დორტმუნდში ჩატარდა - „სიგნალ იდუნა“ პარკზე „დორტმუნდი“ „ატალანტას“ უგებდა, შემდეგ აგებდა, საბოლოოდ კი მაინც იმარჯვა - 3:2. გერმანელთაგან დუბლი მათმა ახალწვეულმა მიში ბატშუაიმ მიითვალა, ერთი გოლი ანდრე შიურლემ შეაგდო, იტალიელთაგან კი წყვილი გოლით თავი იოსიპ ილიჩიჩმა გამოიჩინა.

თავიანთი შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით გასვლაზე მოიგო მიმდინარე გათამაშების ორმა მთავარმა გრადმა - „მილანმა“ და „არსენალმა“. იტალიელებმა რაზგრადის „ლუდოგორეცს“ კუტრონეს, როდრიგესისა და ბორინის გოლებით აჯობეს, ხოლო ინგლისელებმა ტურნირის დებიუტანტ „იოსტერსუნდს“ ნაჩო მონრეალისა და მესუთ იოზილის გოლებით მოუგეს, კიდევ ერთი ბურთი კი შვედებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“ „კოპენჰაგენს“ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველსავე შეხვედრაში გადაუწყვიტა და 4:1 დაამარცხა. „როხიბლანკოსგან“ გოლები საულ ნიგესმა, გამეირომ, გრიზმანმა და ვიტოლომ შეაგდეს.

1/16 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი „ლიონმა“ და „ვილიარეალმა“ შეადგინეს, რომელთაც პირველი მატჩი საფრანგეთში გამართეს და იგი მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

სხვა შეხვედრათაგან აღსანიშნავია „ლაიფციგის“ მხრიდან სერია A-ს ლიდერ „ნაპოლის“ სტუმრად 3:1-ზე დამარცხება. აშკარაა, რომ ნეაპოლელებს „ევროპა ლიგისთვის“ არ სცხელათ.

„ნაპოლის“ წაგებას, კიდევ ერთი იტალიური გუნდის „ლაციოს“ მარცხიც დაემატა, რომელიც ბუქარესტში „სტიაუას“ 0:1-ზე გაეყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები