Aa
Aa

მატჩის წინ - სპარტაკი VS ლივერპული

პირველ ტურში ამ ჯგუფის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. დღეს კი „სპარტაკი“ და „ლივერპული“ პირველი 3 ქულის აღებას ეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ 7 წელი, კონკრეტულად კი „ჩემპიონთა ლიგის“ 13 თამაშია, რაც „სპარტაკი“ კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს.

„სახალხო გუნდმა“ რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში სახლში „ანჟის“ ვერ მოუგო და ფრედ 2:2 ითამაშა. იმ შეხვედრაში მოსკოველებს პენალტის დარტყმის უფლება ჯანო ანანიძემ მოუპოვა, რომელიც შემდეგ დაშავდა და დღევანდელი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ანანიძის გარდა, ასევე ვერ ითამაშებენ ზე ლუიში, ტიგიევი, დავიდოვი, გლუშაკოვი და ზობნინი. საეჭვოა მოსკოველთა ლიდერ კვინსი პრომესისა და პერდრო როჩას მოედანზე გასვლაც.

მასიმო კარერა (სპარტაკი): „პრომესის საკითხი უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გადაწყდება. ის ალბათ უფრო ვერ ითამაშებს. შემიძლია ვთქვა, რომ მასზე უკეთეს მდგომარეობაში პედრო როჩა.

„ლივერპული“ მსოფლიო დონის გუნდია, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე იციან და ჩვენ საკუთარი თამაშის ჩვენებას ვეცდებით“.

4 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, „ლივერპულმა“ გამარჯვების გემო შაბათს „ლესტერთან“ გაიხსენა.

მერსისაიდელებმა ლესტერშირელებს დაძაბულ ბრძოლაში სალაჰის, კოუტინიოსა და ჰენდერსონის გოლებით 3:2 აჯობეს.

ინგლისელები ამ თამაშს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. მათი მხრიდან მხოლოდ ადამ ლალანა ვერ ითამაშებს.

იურგენ კლოპი (ლივერპული): „რთულ თამაშს ველი, რადგან „სპარტაკი“ ძალიან გამოცდილი გუნდია. ესაა ადგილი, სადაც გამარჯვების მოპოვება ყველას უჭირს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. მე მყავს ბიჭები, რომლებიც რთულ სიტუაციას არ უშინდებიან და ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვიან.

რაც შეეხება თქვენ კითხვას პრომესზე, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა, ვფიქრობ, ახლა მის შესაძლო ტრანსფერზე საუბრისთვის შესაფერისი დრო არაა“.

ბოლო პერიოდში პრესაში დაიწერა, რომ „ლივერპულს“ თავისი დღევანდელი მეტოქის ჰოლანდიელი შემტევის კვინსი პრომესის შეძენა სურს.

მოსკოვში, „ოტკრიტიე არენაზე“ „სპარტაკისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და მას ფრანგი კლემენ ტურპენი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები