15 მთავარი წესი, რომელიც 1992 წლიდან ფეხბურთში შეიცვალა...
Aa
Aa

15 მთავარი წესი, რომელიც 1992 წლიდან ფეხბურთში შეიცვალა...

გასული საუკუნის ბოლოდან ფეხბურთში არაერთი წესი შეიცვალა. გთავაზობთ იმ წესებს, რომელთა ცვლილებამაც თამაშზე თვალსაჩინო გავლენა მოახდინა და მის განვითარებას შეუწყო ხელი. 

1. მეკარეს თანაგუნდელის პასის შემდეგ ბურთის ხელში აღება აღარ შეუძლია. აღნიშნული წესი ფეხბურთში 1992 წელს დაინერგა. შედეგად, მეკარეებმა ფეხით თამაში ისწავლეს და თანდათან ეს კომპონენტი დახვეწეს, რამაც თამაშს მეტი დინამიკა და ხიბლი შესძინა.

დროთა განმავლობაში გოლკიპერმა გარკვეულწილად უკანა მცველის, იგივე „ლიბეროს“ ფუნქცია“ მიიღო. მაგალითისთვის ედვინ ვან დერ სარი და მანუელ ნოიერი ავიღოთ, რომლებიც ხშირად გუნდის შეტევების ერთ-ერთ წამომწყებებად გვევლინებოდნენ.

2. რთულია წარმოსადგენია, მაგრამ 1994 წლამდე მწვრთნელებს მოედნის გარშემო ნებისმიერ მონაკვეთზე გადაადგილება შეეძლოთ. იქიდან მოყოლებული მათ სათადარიგოთა სკამთან მკაცრად შემოსაზღვრული მოქმედების არეალი აქვთ, რომელსაც არ უნდა გაცდნენ.

3. საუბარი იმაზე, რომ გუნდს თამაშის მოგებაზე 2-ზე მეტი ქულა უნდა მიეღო 1981 წლიდან დაიწყო, თუმცა წესი მხოლოდ 1994 წელს მიიღეს და მას შემდეგ გამარჯვებული გუნდის აქტივში 3 ქულა იწერება.

4. 1995 წლიდან ფეხბურთში ოფიციალური მატჩებისას დასაშვებია 3 შეცვლის განხორციელება. შესაძლებელია შეცვალო ნებისმიერი ფეხბურთელი, მათ შორის ისიც, ვინც თავად შეცვლაზე გამოვიდა.

5. 90-იანი წლების შუამდე მსაჯი ვალდებული იყო, რომ წესის დარღვევისას თამაში დაუყოვნებლივ გაეჩერებინა. მას შემდეგ, აქვს უფლება, რომ თუკი ბურთით დაზარალებული გუნდი დარჩა, სპეციალური ჟესტით ფეხბურთელებს ანიშნოს, რომ დამნაშავე დაისჯება და თამაში უნდა გაგრძელდეს.

6. 1996 წლამდე უკნიდან ვარდნა წითელი ბარათით არ ისჯებოდა, ხოლო იმ წელს „ფიფამ“ მიიღო კანონი, რომ ფეხბურთელი თუ განზრახ ჯარიმაზე ითამაშებდა და მეტოქეს უკნიდან ჩაარტყამდა, ავტომატურად მოედნიდან უნდა გაეძევებინათ.

მსაჯები ხანდახან ამ წესს არ ითვალისწინებენ, თუმცა მათ ამ საკითხზე დიდი ტურნირების წინ ყოველთვის მკაცრად აფრთხილებენ.

7. XX-ე საუკუნის ბოლოს ფეხბურთში მკვეთრად გახშირდა სიმულაციები, რის წინააღმდეგაც მსაჯს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა.

„ფიფამ“ მიიღო წესი, რომლის მიხედვითაც სიმულაციისას ფეხბურთელი ყვითლით, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს.

8. უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ 1998 წლამდე საკუთარი კარიდან მეტოქის კარში თავისუფალი დარტყმის შედეგად გატანილი გოლი არ ითვლებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში მეტოქის კარში გატანილი გოლი ითვლება, თუმცა საკუთარ კარში გატანილი - არა.

9. 2002 წელს მეკარეებისთვის „6 წამის წესი“ შემოიღეს. ისინი ვალდებულები არიან, რომ ბურთი ხელში 6 წამზე მეტი დროით არ გაიჩერონ.

10. 1993-დან 2004 წლამდე ფეხბურთში „ოქროს გოლის“ წესი მოქმედებდა, რომელიც დამატებით დროში გოლის გატანისთანავე თამაშის დამთავრებას და გამტანი გუნდის გამარჯვებას ნიშნავდა.

მაგალითისთვის „ევრო 2000“-ის ფინალი მოვიყვანოთ, რომელშიც საფრანგეთმა იტალიას მოუგო. ტრეზეგემ მატჩის 103-ე წუთზე გაიტანა და საფრანგეთი ჩემპიონად გამოცხადდა. დღევანდელი წესებით იტალიელებს თამაშის გადასარჩენად კიდევ 17 წუთი ექნებოდათ...

11. 2006 წლამდე ფეხბურთელებს მატჩისას ბეჭდის, სამაჯურებისა და სხვა საიუველირო ნივთების ტარება შეეძლოთ. მას შემდეგ ისინი ამისთვის დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით ისჯებიან.

12. 2009-2010 წლების სეზონის „ევროპა ლიგაზე“ მსაჯს დამატებითი ასისტენტები დაემატა, რომლებიც ორივე კართან დგანან და საჯარიმოში მომხდარ მოვლენებზე მთავარ არბიტრს ინფორმაციას აწვდიან.

13. სპეციალური სპრეის დახმარებით ჯარიმის ადგილის მონიშვნისა და 9 მეტრიანი დისტანციის დაცვის იდეამ 2000 წელს გაიჟღერა. ეს ნოვაცია ფეხბურთში 2011 წლის „კოპა ამერიკაზე“ დაინერგა.

პირველი დიდი ტურნირი, რომელზეც მსაჯებმა სპრეი გამოიყენეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ახლა მას თითქმის მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველა საკლუბო ტურნირსა თუ ჩემპიონატზე იყენებენ.

14. 2016 წლიდან ძალაში შევიდა წესი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს თამაშის ცენტრიდან დაწყებისას, პასის გაკეთება არა აუცილებლად წინ, არამედ ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ.

15. ბოლო დროს დამხმარე ვიდეო-რეფერის (VAR) ფეხბურთში შემოღების აუცილებლობაზე ყველა საუბრობს.

აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, მსაჯს შეუძლია სადავო ეპიზოდისას ვიდეო-რეფერი მოითხოვოს და მომენტის განმეორებით ნახვის შედეგად, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ფიფამ“ დამხმარე ვიდეო-რეფერი პირველად „კონფედერაციის თასის“ 2017 წლის გათამაშებაზე გამოიყენა.

როგორც ფეხბურთის მმართველ ორგანოში აცხადებენ, ვიდეო-რეფერის გამოყენების აუცილებლობა ფეხბურთის წესებში ოფიციალურად 2019 წლამდე შევა.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები