მატჩის წინ - იუვენტუსი VS რეალი
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS რეალი

დღეს, 22:45 საათზე, უელსის დედაქალაქ კარდიფში, The National Stadium of Wales-ზე, "ჩემპიონთა ლიგის" 2016-2017 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

ის, რაც ფინალის წინ უნდა ვიცოდეთ...

"რეალს" ეს ტურნირი 11-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო "იუვეს" - 2-ჯერ. 

მადრიდელებმა ტიტული გასულ წელს მოიპოვეს, ტურინელებმა ბოლო ევროპულ წარმატებას 1996 წელს მიაღწიეს.

ეს მეტოქეები "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მეორედ ხვდებიან - 1998 წელს "რეალმა" მიატოვიჩის ერთადერთი გოლით იმარჯვა.

ჯამში ამ გუნდებს შორის 18 ურთიერთშეხვედრაა გამართული. ორივეს 8 მოგება აქვს, 2 თამაში ფრედ დასრულდა. 

"რეალს" აქვს შანსი, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" (1993 წლიდან) ზედიზედ ორჯერ მოიგებს.

"იუვენტუსს" ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი, 6 ფინალი აქვს წაგებული, მათგან ბოლო 4 ზედიზედ (1997; 1998; 2003 და 2015).

"რეალს" "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 5 ფინალი ზედიზედ აქვს მოგებული (1998; 2000; 2002; 2014 და 2016).

"იუვენტუსს" აქვს შანსი "ჩემპიონთა ლიგა" დაუმარცხებლად მოიგოს. ბოლოს ასეთ შედეგს "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2007-2008 წლების სეზონში მიაღწია.

"იუვენტუსი" შესაძლოა გახდეს მე-9 კლუბი, რომელიც სეზონურ "ტრებლს" შეასრულებს. ტურინელებმა სერია A-ში და იტალიის თასზე უკვე იმარჯვეს.

თუკი ბუფონი ითამაშებს და "იუვე" ტიტულს მოიპოვებს, იგი გახდება "ჩემპიონთა ლიგის" ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული, ვინც ფინალში მონაწილეობას მიიღებს.

სერხიო რამოსი და კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება გახდნენ პირველი ფეხბურთელები, ვინც "ჩემპიონთა ლიგის" 3 სხვადასხვა ფინალში გაიტანს გოლს. 2 სხვადასხვა ფინალში გოლები რაულ გონსალესს (2000 და 2002), სამუელ ეტოოსა (2006 და 2009) და ლიონელ მესის (2009 და 2011) აქვთ გატანილი.

თუკი ითამაშებს, დანი ალვეში "ჩემპიონთა ლიგაზე" თავის მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. ამ ტურნირზე 100-ზე მეტი მატჩი სულ 30 ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის სერხიო რამოსსა და ჯანლუიჯი ბუფონს.

ზიდანს აქვს შანსი, გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" (1993 წლიდან) ერთ კლუბს ზედიზედ ორჯერ მოაგებინებს.

გუნდების ახალი ამბები

იტალიელებს დღევანდელ მატჩში ტრავმირებულები - მარკო პიაცა და სტეფანო სტურარო დააკლდებათ.

"იუვენტუსმა" "ჩელსისგან" ხუან მანუელ კვადრადო გამოისყიდა. მან კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მარიო მანჯუკიჩმა ტურინელებთან არსებული ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ესპანელთა რიგებში შესაძლოა დანი კარვახალმა და გარეტ ბეილმა ვერ ითამაშონ.

ექიმების ვარაუდით, კარვახალი თამაშისთვის მწყობრში იქნება და იგი სავარაუდო შემადგენლობაშიც მოიაზრება. რაც შეეხება ბეილს, მას თადარიგში უნდა ველოდოთ.

მწვრთნელების კომენტარები

მასიმილიანო ალეგრი: "შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. თამაში შეიძლება 90 ან 120 წუთი გაგრძელდეს, ამიტომ შესაბამისი სტრატეგია უნდა ავარჩიო - საჭიროა როგორც მოქნილი თერთმეტეული, ასევე კარგი შემცვლელებიც. 

მთელი წელი ბევრი ვიშრომეთ. წინ ერთი თამაშია, რომელსაც მენტალურად დამშვიდებული და ამასთანავე სრულად კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. რწმენა აუცილებელია და ჩვენ ვიცით, რომ ტიტულის მოგება შეგვიძლია.

სტატისტიკა არაფერს ნიშნავს. ეს მატჩი ტექნიკურად და ტაქტიკურად იდეალურად უნდა ჩავატაროთ, რათა მეტოქეზე უკეთესი აღმოვჩნდეთ. 

სიმართლე გითხრათ, "ტრებლზე" ნაკლებად ვფიქრობ. წელს იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოვიგეთ, შესაბამისად, ეს სეზონი უკვე ფანტასტიურია. ხვალ კი უბრალოდ უნდა ვცადოთ, რომ წელი კიდევ უფრო წარმატებული, ვიტყოდი, დაუვიწყარი გავხადოთ.

ხშირად მესმის, რომ "იუვენტუსს" 6 ფინალი აქვს წაგებული, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიაა. ნაკლებად მნიშვნელოვანია რა მოხდა 15, 20 ან 50 წლის წინ.

2015 წლის ფინალში იმდენად თავდაჯერებული არ ვიყავით. მას შემდეგ გუნდი აშკარად გაიზარდა, დიდი გამოცდილება დააგროვა. ასე რომ, ახლა სულ სხვა სიტუაციაა".

ზინედინ ზიდანი: "წელს ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რათა შიდა ჩემპიონატი მოგვეგო და ამ თამაშამდე მოვსულიყავით. შემიძლია, ვთქვა, რომ გადამწყვეტი მატჩისათვის მთელი გუნდი მზადაა.

მიჩვეული ვართ, რომ "რეალს" ნებისმიერი თამაშის წინ ფავორიტად მოიაზრებენ და ცდილობენ გუნდი წნეხში მოაქციონ. წნეხი ჩვენთვის პრობლემა არაა, რაც შეეხება ფავორიტობას, ეს ფინალია, სადაც მსგავსი ცნება არ არსებობს - შანსები 50-50-ზეა.

ფეხბურთში ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ვიცი, რას ნიშნავს წაგება და შესაძლოა ახლაც ასე მოხდეს, თუმცა ეს საშიშროება მეტოქესაც აქვს. ცხადია, რომ უდიდეს გუნდს ვხვდებით, რომელთანაც საუკეთესო თამაშის ჩვენება დაგვჭირდება.

"იუვეტუსში" ვთამაშობდი და კარგად ვიცი იტალიური "კატენაჩო", თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ფორმაციის "იუვეს" ძლიერი მხარე მხოლოდ თავდაცვაა. მათ შეტევა ბრწყინვალედ გამოსდით და ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ გახსნილი თამაში იქნება.

ნამდვილად არ გეტყვით, ვის ვათამაშებ ძირითადში. ისკო და ბეილი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან. მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ. ასეთი მატჩისათვის ყველა მოთამაშე იდეალურად უნდა იყოს მომზადებული და ჩემი არჩევანიც სწორედ ამაზე იქნება დაფუძნებული".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი - დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი.

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო - რონალდუ, ბენზემა.

მსაჯი

შეხვედრას გერმანელი ფელიქს ბრიხი იმსაჯებს, რომელიც 41 წლისაა და პროფესიით ადვოკატი გახლავთ.

ბრიხის, როგორც მსაჯის დებიუტი 2004 წელს, 29 წლის ასაკში შედგა. იგი საერთაშორისო მატჩებს 2007 წლიდან მოყოლებული უძღვება და 2014 წლის "ევროპა ლიგის" ფინალი აქვს განსჯილი. 

გერმანელმა რეფერიმ მიმდინარე წლის "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში, "პორტოსა" და "იუვენტუსის" პირველი შეხვედრა იმსაჯა, რომელიც "იუვემ" 0:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრიხმა იმ თამაშის 26-ე წუთზე პორტუგალიელებს ფეხბურთელი გაუძევა.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები