მესამე ქართველი ''გენტში'' - ქვილითაიას ოთხწლიანი კონტრაქტი
Aa
Aa

მესამე ქართველი ''გენტში'' - ქვილითაიას ოთხწლიანი კონტრაქტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას ბელგიურ ''გენტში'' გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით შეთანხმება ოთხწლიანია.

''გენტი'' ამბიციური კლუბია. მე ამბიციური პიროვნება ვარ. იმედი მაქვს გუნდს გავაძლიერებ. გუნდში ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე ირიცხებიან, რომლებიც ადაპტაციის პროცესს გამიადვილებენ'' - აღნიშნა ქვილითაიამ.

 

ქვილითაიამ გასული ორი სეზონი ავსტრიულ ვენის ''რაპიდში'' გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონის ბუნდესლიგაში 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო.  ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 2016 წლიდან ''რაპიდის'' ფეხბურთელია. ავსტრიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 22 გოლი შეაგდო (17 - ბუნდესლიგა, 4 - ავსტრიის თასი, 1 - ევროპა ლიგა).

გასული სეზონის მიწურულს ავსტრიულ და ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყაზახეთის ჩემპიონ ''ასტანას'' ვენის ''რაპიდის'' ქართველი ფორვარდის გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი crystalsport-ს ესაუბრა.

''ასტანა'' ორჯერ დაუკავშირდა ''რაპიდს.'' ყაზახური გუნდი გასულ ზამთარში ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ არ წავედი. ასევე უარით ვუპასუხე ახლახანს, როცა მეორედ დამიკავშირდნენ. მე არ მსურს ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მით უმეტეს, როცა ევროპული კლუბებიდან ინტერესი არსებობდა. ჰოლანდიური და ბელგიური გუნდებიდან რეალური ინტერესი იყო. ასევე დამიკავშირდა ერთი გერმანული კლუბი, თუმცა ამჟამად ტრავმის გამო ჩემი ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია'' - აღნიშნული კომენტარი გიორგი ქვილითაიამ crystalsport-თვის გასული სეზონის მიწურულს კოჭის ტრავმის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ ''ალტახთან'' შეხვედრამდე გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. როგორც ავსტრიული მედია იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მინდორს სექტემბერში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები