ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში 1/2 ფინალი!.. - ეკო გორგოძის წარმატებული სვლა ასტანაში...
Aa
Aa

ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში 1/2 ფინალი!.. - ეკო გორგოძის წარმატებული სვლა ასტანაში...

ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე, ასტანას ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 80 ათასი ამერიკული დოლარია, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შორის, წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.

გათამაშებაზე მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა დღეს 1/8 ფინალური მატჩი გამართა და ვეტერან უზბეკ აკგულ ამანმურადოვას დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. პირველი პარტიის ბედი მე-11 გეიმში გადაწყდა, როცა ქართველმა ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზე წარმატებით ჩააწოდა. კიდევ უფრო დიდი ბრძოლა იყო მეორე სეტში, რომლის გამარჯვებულიც საერთოდ ტაიბრეიკზე გამოვლინდა. ამ შემთხვევაშიც გორგოძემ უკეთესად ითამაშა და შემოკლებული გეიმის მოგებით, თამაში 7:5; 7:6-ზე დახურა.

ეკომ 3 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 67%, მეორეზე კი 50% მოიგო.

რაც შეეხება წყვილთა ბადეს, აქ გორგოძე იმავე ამანმურადოვასთან ერთად ასპარეზობს და გათამაშების 1/2 ფინალში გააღწია. ქართულ-უზბეკურმა დუეტმა პირველი მატჩი 2 სეტში მოიგო, დღეს კი ასევე მარტივად, 6:1; 6:3 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები