დამშვიდობება დიდებული მუშაობის შემდეგ - ჰალგრიმსონმა პოსტი დატოვა
Aa
Aa

დამშვიდობება დიდებული მუშაობის შემდეგ - ჰალგრიმსონმა პოსტი დატოვა

ისლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმერ ჰალგრიმსონმა საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა. 51 წლის ისლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდში 7 წელი მუშაობდა.

''შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ეროვნული ნაკრებიდან წასვლა გადავწყვიტე. მადლიერი ვარ, რომ ძლიერი გუნდის წევრი ვიყავი. განვლილ წლებში ისლანდიის ეროვნულ ნაკრებში კარი გაიხსნა ახალი თაობებისთვის, რომლებმაც ისლანდიის ფეხბურთის ისტორიაში დიდ წარმატებას მიაღწიეს'' - განაცხადა ჰალგრიმსონმა.

''მან დიდებულად ითამაშა. ისლანდიური ფეხბურთი არასდროს ყოფილა ასე წარმატებული. მადლობა ჰალგრიმსონს თანამშრომლობისთვის'' - განაცხადა ისლანდიის ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა გუდნი ბერგსონმა.

2011 წელს ჰალგრიმსონი ისლანდიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მთავარი მწვრთნელის, ლარს ლაგერბაკის ასისტენტად დანიშნეს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიამ ფლეი-ოფამდე გასვლა მოახერხა, სადაც ხორვატიასთან დამარცხდა.

ისლანდიის ნაკრების პროგრესს მთავარ მწვრთნელებთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი მოჰყვა. 2013 წლიდან ეროვნულ ნაკრებს ლაგერბაკი და ჰალგრიმსონი თანაბარი უფლებებით ხელმძღვანელობდნენ. მათი მუშაობისას ისლანდიამ ისტორიულ შედეგს მიაღწია, როცა ევრო 2016-ის მერვედფინალში ინგლისს სძლია და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.

2016 წლიდან ლაგერბაკმა ისლანდიის ნაკრები დატოვა. ჰალგრიმსონის მთავარი მწვრთნელობისას ისლანდიამ ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვება. რუსეთში გამართულ მუნდიალზე ისლანდიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები