Aa
Aa

ყველაფერი, რაც ფინალს უხდება - საფრანგეთი მსოფლიო მწვერვალზე!

რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამ სტადიის დებიუტანტი, ხორვატია დაამარცხა და ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ისტორიაში მეორედ მოიგო.

მოსკოვში, "ლუჟნიკებზე" გამართული დაპირისპირება შესანიშნავი სანახავი გამოდგა, რომელშიც თითქმის ყველაფერი ვიხილეთ: ავტოგოლი, პენალტი, მეკარის კურიუზული შეცდომა, ახლოდან, გნებავთ, შორიდან გატანილი გოლი, რამაც საერთო ჯამში, 6 ბურთიანი ფინალი გვაჩუქა.

1998 წლის შემდეგ, მუნდიალის ფინალში 3 და მეტი გოლი პირველად გავიდა, ერთმა გუნდმა მინიმუმ 4 შედეგიანი დარტყმის შესრულება, 1970 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.

ისიც საინტერესოა, რომ ამ ფინალში იმდენი გოლი გავიდა, რამდენიც 2002-2014 წლების ჩათვლით ყველა ფინალურ მატჩში.

მატჩის სტარტზე, ინიციატივას ხორვატები ფლობდნენ, ფრანგები კი აკადემიურ სტილში, ჩვეული თავდაჯერებით თამაშობდნენ და შანსს ელოდებოდნენ. 

მე-18 წუთზე, დეშამის გუნდის სასარგებლოდ საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გრიზმანმა ჩააწოდა, მარიო მანჯუკიჩს ფატალურად არ გაუმართლა და ფინალური დაპირისპირება ავტოგოლით გაიხსნა. 

მარიო მანჯუკიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ავტოგოლი გაიტანა და უარყოფით კუთხით, მაგრამ მაინც ისტორიაში ჩაეწერა.

 

ზლატკო დალიჩის გუნდი შედარებით გააქტიურდა და შანსი 28-ე წუთზე მიიღო, როცა სტანდარტულისას დამუშავებული კომბინაცია გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე ივან პერიშიჩი დარჩა, რომელმაც მარცხენა ფეხით ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

 

პერიშიჩის გოლს ლეგენდარული ესპანელი, იკერ კასილიასი გამოეხმაურა, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა: "რა გოლი! დედაჩემო"!

თამაშის მორიგი საგოლე შანსი, 39-ე წუთზე, ისევ სტანდარტულის შედეგად შეიქმნა. ფრანგებმა კუთხური მოაწოდეს და ეპიზოდის ანტიგმირი, ამჯერად პერიშიჩი გახდა, რომელსაც ბურთი ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტის დანიშვნა, ვიდეო რეფერის დახმარების შემდეგ გადაწყვიტა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის მუნდიალზე, ორასიო ელიზონდოს შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების მე-2 არგენტინელმა მსაჯმა, ნესტორ პიტანამ საქმეს თავი კარგად გაართვა და შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ.

ნიშნულთან ანტუან გრიზმანი მივიდა და სუბაშიჩის მოტყუება არ გასჭირვებია, რითაც მიმდინარე ტურნირზე მე-4 გოლი შეაგდო და მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირს, ჰარი კეინს ჩამორჩა - 6.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მე-6 პენალტი დაინიშნა. ბოლოს თერთმეტი მეტრიდან, ასევე საფრანგეთმა დაარტყა. 2006 წლის გადამწყვეტ შეხვედრაში, ზინედინ ზიდანმა ჯიჯი ბუფონს ავანტიურა შესთავაზა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

გუნდები შესვენებაზე 2:1-ით გავიდნენ, მეორე ტაიმის სტარტზე კი ფრანგებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს, რითაც გამარჯვებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. 

პოლ პოგბამ მეტოქის დაცვის დაბნეულობით ისარგებლა და მოხდენილი დარტყმით მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა - 3:1.

 

საკონტროლო გასროლა კილიან მბაპემ შემოგვთავაზა, რომელმაც 65-ე წუთზე ბურთი კარიდან საკმაოდ შორს მიიღო, მაგრამ დისტანციას არ შეუშინდა, დაფარული დარტყმა შეასრულა, სუბაშიჩმა კი სათანადოდ ვერ ითამაშა.

 

"პარი სენ ჟერმენის" 19 წლის შემტევი, მე-2 ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ფინალში გაიტანა. 60 წლის წინ, 1958 წლის ფინალში, პელემ შეაგდო და რეკორდიც მას ეკუთვნის.

სიმბოლურია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის ძირითად დროში ყველაზე მეტი, 7 გოლი სწორედ 1958 წელს გავიდა. მას შემდეგ, ამ ფინალის ძირითადი დრო ყველაზე შედეგიანია.

თითქოს ფრანგებს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანათ, თუმცა 69-ე წუთზე, ლორისმა შეცდომა დაუშვა და მეტოქეს გოლი აჩუქა.

"მამლების" კაპიტანმა მანჯუკიჩის მოტყუება განიზრახა, ხორვატთა ლიდერმა კი ფეხი დატოვა, რაც გოლის გასატანად საკმარისი აღმოჩნდა - 4:2.

 

ამის მიუხედავად, "სამფეროვნებს" ანგარიშის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ისტორიაში მეორედ მოახერხეს.

მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ, დიდიე დეშამი მე-3 ადამიანია, რომელმაც მუნდიალი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგო - 1998 წ. და 2018 წ.

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა, საუკეთესო მოთამაშედ კი ლუკა მოდრიჩი აღიარეს. მეორე ადგილზე ედენ აზარი გავიდა, მესამეზე კი - ანტუან გრიზმანი.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ ტიბო კურტუა დაასახელეს, რომლის გუნდმაც 7-დან 6 მატჩი მოიგო და მხოლოდ 1/2 ფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ 0:1 დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები