იოკოძუნების მსგავსად - ტოჩინოშინი ტრავმის გამო
Aa
Aa

იოკოძუნების მსგავსად - ტოჩინოშინი ტრავმის გამო "ნაგოია ბაშოს" გამოეთიშა

იოკოძუნების შემდეგ „ნაგოია ბაშოს“ ტოჩინოშინი გამოეთიშა. ქართველმა სეკიტორმა ტურნირის გაგრძელებაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა. დაზიანება ახლადაღზევებულმა ოძეკიმ პარასკევს, ტამავაშისთან მარცხისას მიიღო. გორგაძეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შაბათს ჩაუტარდა და მარჯვენა ფეხის დიდი თითის დაზიანება აღმოაჩნდა.

გუშინდელი ორთაბრძოლის დროს ლევანს მარჯვენა ფეხის თითებს შორის მყესი გაუწყდა და სიარულიც კი უჭირს, ბრძოლაზე საუბარი ზედმეტია. აღნიშნულ ტრავმას ერთთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება და ამის გამო ტოჩინოშინმა ტურნირის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

„ჩემი თითი გუშინდელი დღის შემდეგ გასიებულია, ძალიან ძლიერ ტკივილს ვგრძნობ და მიწაზე ნორმალურად ფეხსაც ვერ ვადგამ. იმედგაცრუებული ვარ და მინდა ქომაგებს ბოდიში მოვუხადო. ორი-სამი დღის მანძილზე ყინულს დავიდებ და თუ პროგრესი იქნება ბაშოს დავუბრუნდები“.

ტოჩინოშინის ოჯახის უფროსმა, კასუგანომ, განაცხადა: „სამწუხაროა, მაგრამ იგი ბრძოლისთვის საჭირო კონდიციებში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე არცერთი იოკოძუნა არაა დარჩენილი და ლევანს გამარჯვება სურს, მას ბრძოლა უბრალოდ არ შეუძლია“.

„ლევანი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. თუ მნიშვნელოვანი პროგრესი მივიღეთ და ტკივილმა გაქრობა დაიწყო, იგი ბაშოზე აუცილებლად დაბრუნდება“.

ტოჩინოშინი ტურნირს შარშანდელი, ახალი წლის ბაშოს შემდეგ პირველად გამოეთიშა, ლევანი ჩემპინობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ტამავაშისთან ბრძოლა, როგორც ჩანს საბედისწერო გამოდგა.

ფოტო - ქართული სუმოს ქომაგები

ცხელი ამბები