ბარსელონა, ნიკას ბლოგები, ერიკ აბიდალი
Aa Aa

გმირი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - ერიკ აბიდალის ცხოვრება

ერიკ აბიდალი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელია, როგორც სათამაშო ხარისხით და კლასით, ისე თავისი ისტორიით. ფრანგ ყოფილ ფეხბურთელს კარიერის დროს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. აბიდალს კიბო ჰქონდა, რომელიც დიდი ბრძოლის შედეგად დაამარცხა და ფეხბურთს დაუბრუნდა.

დღეს კი მინდა ერიკის კარიერის გამორჩეული მომენტები თავისივე ინტერვიუს სახით შემოგთავაზოთ.

რომ არა ფეხბურთი..?

„ფეხბურთელობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ 17 წლის ასაკში ორივე ფეხი მოვიტეხე და ეს ოცნება ძალიან რთული გახდა. ფეხბურთის გარდა, ლიონში მხატვრობას და დეკორატორობას ვსწავლობდი. ამ საქმეში ცუდი არ ვიყავი, მაგრამ არც საუკეთესო. 18 წლის ასაკში, „ლიონ დუშერის“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ნიცას წინააღმდეგ ვითამაშე, რომელიც მეორე დივიზიონში ასპარეზობდა.

მონაკოდან სკაუტები იყვნენ მოსული, რათა ნიცას ერთ-ერთ ფეხბურთელს დაჰკვირვებოდნენ. ჩვენ 4:0 მოვიგეთ. იცით რა მოხდა? მეორე დღეს სკაუტებმა ჩემი გუნდის პრეზიდენტს დაურეკეს და საცდელ ვარჯიშებზე 1 კვირით წამიყვანეს. იმ 1 კვირაში თავი შესანიშნავად წარმოვაჩინე. მითხრეს, რომ იქ ზაფხულში დავბრუნებულიყავი. შემდეგ, 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ჩემი ოცნებაც ახდა..”

ბავშვობის კლუბ(ებ)ი

„მე ქალაქში გავიზარდე და აქედან გამომდინარე ლიონს ვგულშემატკივრობდი. სტადიონზე ხშირად დავდიოდი. რთული იყო, რადგან ბილეთები ძალიან ძვირი ღირდა. ჩემს სამეზობლოში ოჯახებს დიდი ფული არ ჰქონდათ. ხშირად ლიონის ასოციაცია გვიგზავნიდა ბილეთებს..

ლიუდოვიკ ჟიული, რომელიც მოგვიანებით ბარსელონაში წავიდა, აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მე ლიონში საცდელ ვარჯიშებზე მინდოდა წასვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე წერილს ვიღებდი იმ პასუხით, რომ ეს შეუძლებელი იყო. მიზეზად ჩემს სიგამხდრეს ასახელებდნენ. ამას წელიწადში 4-ჯერ მაინც ვიგებდი. აქედან გამომდინარე, სხვაგან მომიწია წასვლა..“

პირველი გოლი და მშობლების შერიგება

„დიახ, როდესაც ჩემი პირველი პროფესიონალური გოლი გავიტანე ამან იმხელა სიხარული გამოიწვია, რომ ჩემმა მშობლებმა შერიგება გადაწყვიტეს. პირველ გოლს 4 წლის განმავლობაში ვერ ვიტანდი..“

ლიონი ჩ.ლიგაზე

„როდესაც ლიონში გადავედი იქ დიდებული ატმოსფერო დამხვდა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ლიგა 1-ს სულ ჩვენ ვიგებდით. რა დაგვაკლდა ჩემპიონთა ლიგაზე? მცირე დეტალები. ვფიქრობ, იმ პერიოდში ლიონი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და გაუმჯობესებას ყოველ წელს ცდილობდა. სამწუხაროდ, პლეი-ოფში გამუდმებით ისეთ გუნდებს ვხვდებოდით, რომლებიც ჩვენზე მდიდრები და გამოცდილები იყვნენ. კი დავამარცხეთ რეალი, მაგრამ ჩემპიონობა კოლოსალურად რთული იყო..“

უარი ვარჯიშზე და ბარსელონა

„არა სიმართლე არ არის. მანიპულაციას არ მივმართავდი და არც ვარჯიშზე მითქვამს უარი. მე დავურეკე პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ბარსელონაში მსურდა თამაში. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც მე და ჩემი მეუღლე კატალონიაში დასასვენებლად ვიყავით ჩასული და უკან ვბრუნდებოდით.

თვითმფრინავში ავდიოდით, როცა ბარსადან დამირეკეს და მითხრეს, რომ გუნდებს შორის შეთანხმება შედგა, ბარსელონაში უნდა ჩავსულიყავი და კონტრაქტი გამეფორმებინა. ბედის ირონიაა. მე ზუსტად იმ დროს ვტოვებდი ქალაქს. თვითმფრინავში არ ავედი, ბარგის უკან დაბრუნება მოვითხოვე. ეს ცოტა უცნაური მოთხოვნა იყო, მაგრამ იქ კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. ბარგი დამიბრუნეს. მეორე დილას კლუბში მივედი და კონტრაქტი გავაფორმე.“

რაიკაარდი და გუარდიოლა

„თითოეულ მწვრთნელს თავისი გეგმა და გადაწყვეტილებები აქვს. რაიკაარდის ბარსელონა ძალიან კარგად თამაშობდა. მან ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო. ხალხმა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ, ორმა მწვრთნელმა ტრებლი მოიგო.

პეპი განსხვავებული და უფრო ქარიზმატული იყო, თანაც კარიერა ახალი დასრულებული ჰქონდა. მან ჩვენ და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ახალი სათამაშო სტილი შესთავაზა, რამაც 100%-ით გაამართლა. გუარდიოლა ბევრს მუშაობდა, მაგრამ გაუმართლა, რომ პირველივე სეზონში ყველა ტიტული მოიგო. ფეხბურთი ასეთია, ცოტა აუცილებლად უნდა გაგიმართლოს.“

კონცენტრაცია

„ბევრი ამბობს, რომ იმ ბარსელონაში მცველად ყოფნა მოსაწყენი იყო, რადგან ბურთი გამუდმებით ჩვენ გვეჭირა. იმასაც გვაბრალებდნენ, რომ კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა. ეს სისულელე და სიცრუეა, რადგან ჩვენ, ბარსელონას მცველები ყველაფერზე პასუხისმგებლები ვიყავით, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მე და დანი ალვეში შეტევებს ხშირად ვიწყებდით და გამორიცხული იყო, რომ მოგვეწყინა.“

ბარსას საუკეთესო მატჩი

„რეალის 5:0 და 6:2 დამარცხება საოცარია. ბერნაბეუზე 6 გოლის გატანა? დაუჯერებელია. გუარდიოლა რეალთან მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებულად უდგებოდა. 2011 წელს კოპა დელ რეის ფინალი კრიშტიანუ რონალდუს გოლით წავაგეთ.

თამაშის შემდეგ მან თქვა: „ეს წაგება ჩემი ბრალია. შევცდი! ტაქტიკის ცვლილება მინდოდა და არ გავაკეთე. ახლა რეალთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორჯერ უნდა ვითამაშოთ. ტაქტიკას აუცილებლად შევცვლი და ვნახოთ რა მოხდება.“ პეპმა თქვა ეს და შეასრულა. ჩვენ მადრიდი დავამარცხეთ.

გუარდიოლამ მცველებს დაგვავალა, რომ შეტევაში არ ავსულიყავით. ნახევარდაცვის ხაზს არ ვცდებოდით, რადგან მოურინიომ რეალი კონტრ-შეტევებზე ათამაშა. ამან გაამართლა. სერხიო ბუსკეტს მე და ალვეში საყრდენ ზონაში ხშირად ვეხმარებოდით და რეალის ნახევარმცველები შეტევებს ვეღარ ავითარებდნენ.

ხალხი დღემდე ამბობს, რომ ის ბარსელონა ყოველთვის ერთნაირად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ ტაქტიკას ხშირად ვცვლიდით. ერთ-ერთი მატჩის წინ პეპმა მე და ვალდესს უთხრა: „ვიქტორ, ბურთი ყოველთვის ერიკს მიაწოდე და მარცხნიდან შეუტიეთ, რადგან ისინი მარჯვენა ფლანგიდან თავს ცუდად იცავენ.“ - ასეც მოხდა. იმ მატჩში პირადად მე გავიტანე გოლი.“


ალვეშთან მეგობრობა

„ფეხბურთში ბევრი მეგობარი მყავს. ჩემი შვილები დანი ალვეშის შვილებთან ერთად, ერთ სკოლაში დადიოდნენ. ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი ღვიძლი შემომთავაზა, როცა ავად ვიყავი. ეს წარმოუდგენელი ჟესტი იყო. ის ამას სერიოზულად ამბობდა, მაგრამ ვერასდროს დავთანხმდებოდი..“

სახალისო მოგონება მესიზე

„ერთ-ერთ ვარჯიშზე, ჯარიმების დარტყმაში ყველამ ვივარჯიშეთ. კარში პინტო იდგა. მესი კი ყოველი დარტყმის წინ აფრთხილებდა, თუ სად უნდა დამდგარიყო, რომ მოეგერიებინა. პინტომ მას ყურადღება არ მიაქცია და დიდი ამბიციებით მოემზადა. მესიმ ზუსტად 10-ჯერ გააფრთხილა, არცერთხელ დაუჯერა და ათივე შემთხვევაში გაუტანა. ყველა გიჟივით ვიცინოდით.“

დისკვალიფიკაცია

„დისკვალიფიკაციის გამო, 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოვტოვე და ეს ემოციურად ძალიან რთული იყო. ასეთ დროს, თამაში კიდევ უფრო მეტად გინდება. თამამად ვამბობ, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, როცა ნახევარფინალში ყვითელი ბარათი მომცა. არ ვიმსახურებდი! მანჩესტერ იუნაიტედმა კარგად დაიწყო, მაგრამ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიყავით, ვაჯობეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“


ღვიძლის სიმსივნე

„ჩემს ადგილზე ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთს ისევ ვითამაშებდი, მაგრამ მე წარმოვიდგენდი! ჩემი უპირველესი მიზანი დაბრუნება იყო! არასდროს მიფიქრია, რომ ამას ვერ შევძლებდი. რთული ბრძოლა გამოვიარე, მაგრამ გვერდით უამრავი ადამიანი მყავდა.  ექიმები, ფიზიოთერაპევტები, ოჯახის წევრები.. საკმაოდ სწრაფად დავბრუნდი, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო რთული ოპერაცია დამჭირდა. ტრანსპლანტაცია. დონორი ჩემი ბიძაშვილი იყო. 42 დღე საავადმყოფოში გავატარე და ფიზიკური ძალა გამომელია.

2 წლის შემდეგ, ბარსას პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩემი დაბრუნება შეუძლებელი იყო. რეალურად, ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, ფეხბურთის თამაში მართლაც შეუძლებელი ჩანს, მაგრამ მე ეს შევძელი!!

ღმერთმა მომცა შანსი და შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი. კარიერის დასრულების შემდეგ, ფონდი ჩამოვაყალიბე, რომლითაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ვეხმარები. ამ ყველაფერს ჩემი დროის 80% მიაქვს, მაგრამ ვალდებული ვარ მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მაქსიმალურად დავუდგე გვერდში.“

„2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას. პირველი მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. როგორც წესი, ძირითადში პუოლი იყო და მე სათადარიგოთა სკამზე ვჯდებოდი. 2009 წელს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვითამაშე, ამაზე უკვე ვისაუბრეთ..

პეპ გუარდიოლას შანსის მოცემისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. განსაკუთრებით იმის გამო, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი და მაინც მათამაშა. შემდეგ დადგა საოცარი მომენტი. კაპიტნის სამკლავური მომცეს და მე თასის აღმართვა შემეძლო. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.. სიმსივნის ამოკვეთიდან 2 თვის შემდეგ, იმ თამაშში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ჩემი ოცნება იყო. ექიმებს არ ეგონათ, რომ შევძლებდი, მაგრამ მე ძალიან მტკიცე ვიყავი!!“

ბარსელონადან წასვლა

„საქმე ფულში არასდროს ყოფილა. ვერასდროს გავიგებ, რატომ დასრულდა ჩემი და ბარსელონას ურთიერთობა 2013 წელს, მაშინ, როდესაც კარგ ფორმაში ვიყავი. ვიმსახურებდი, თუ არა ახალ კონტრაქტს? არ ვიცი.. ალბათ უფრო კი..

მათ მიიღეს გადაწყვეტილება და მე ამის მიღება მომიწია. ხელმძღვანელობამ ამას პროფესიონალური გადაწყვეტილება დაარქვა, თუმცა ეს ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული მომენტი იყო.. ვფიქრობ, უნდა აეხსნათ, რას ნიშნავდა პროფესიონალური გადაწყვეტილება, რადგან ჩემზე დიდი პროფესიონალი არ არსებობდა.“

შეთავაზებები

„იმ პერიოდში პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ პრემიერ ლიგიდან მქონდა შემოთავაზებები. საუბარი ძირითადად არსენალზე და ლივერპულზე იყო, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ინგლისში თამაში მინდოდა. ჩემი მებრძოლი მენტალიტეტი იქ იმუშავებდა, სირბილითა და „box to box“ ფეხბურთით.“

მონაკო და შემდეგ უცებ ოლიმპიაკოსი

„ჩემს მონაკოსთან კონტრაქტს 25 თამაშის შემდეგ, განახლების პუნქტი ჰქონდა. ის ავტომატურად უნდა გახანგრძლივებულიყო, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა გავიგე, რომ მწვრთნელი სხვა ტიპის მარცხენა მცველს ეძებდა.. უფრო სწრაფს..

ვიცოდი, რომ გუნდში ყველაზე სწრაფი მცველი ვიყავი, მაგრამ ვთქვი „კარგი“ და მათ გადაწყვეტილებას პატივი ვეცი. შემდეგ უმალ ოლიმპიაკოსმა დარეკა.. მომეწონა იქ გატარებული დრო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 5 თვის გასვლის შემდეგ გავიაზრე, რომ ფეხბურთი ჩემთვის აღარ იყო..

როგორც წესი, ვარჯიშზე და თამაშზე გუნდისთვის ბრძოლა მინდოდა და მე ეს მომენტი დავკარგე.. აღარ ვღელავდი და აღარ მაინტერესებდა.. ყველანაირი ემოცია გაქრა..

არ ვიცი რატომ.. შესაძლოა მთელი ენერგია დავხარჯე. პრეზიდენტს ამის მიღება გაუჭირდა, მაგრამ მას ავუხსენი, რომ მხოლოდ ფულის გამო თამაში არ მინდოდა.

რეაქცია ზიდანის და მატერაცის ეპიზოდზე

„თამაშის შემდეგ, გასახდელში ბოდიში მოიხადა. ის მომენტი არ დამინახავს, მხოლოდ შემდეგ, იუთუბზე ვნახე. გაძევების შემდეგ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავი უნდა დაგვეცვა. ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაინც ვფიქრობდით გამარჯვებაზე. შეგვეძლო კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ პენალტების სერიაში დავმარცხდით.“

ატმოსფერო 2010 წლის მუნდიალზე

„მწვრთნელმა და ფედერაციამ ანელკას დატოვებით დიდი შეცდომა დაუშვა და გუნდი ამას ვერ შეეგუა. ამის შემდეგ, ყველაფერი გართულდა. სტაფსა და ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაძაბული იყო.“

გაღიზიანება

„ერთხელ მე ვთქვი, რომ ჩემი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგე გუნდის შემტევების გაღიზიანება იყო. ყველაზე კარგად ეს 2004 წელს ლიონის შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამომივიდა. მან ფლანგიც კი შეიცვალა, რომ ჩემს წინააღმდეგ არ ეთამაშა.“

რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?

„ჩემი ფონდი, რომ სიმსივნით დაავადებულ ხალხს დავეხმარო..“

გაზიარება: