გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - უოტფორდმა პრემიერ ლიგის თეორიული შანსიც დაკარგა

ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში „უოტფორდი’’- „პრესტონი’’ 0:0 დასრულდა.

„უოტფორდის’’ სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდა, სკამზე იჯდა და მინდორს ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ტომ კლევერლიმ თამაშში 62-ე წუთზე ჩართო.

შეტევაში ქართველი ფეხბურთელის თამაშს სიმწვავე აკლდა, მისგან უფრო აქტიურ მოქმედებებს ველით, თუმცა მოტივირებული იყო, მათ შორის დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ერთ ეპიზოდში მეტოქეს ბურთი აართვა და კონტრშეტევის წამოწყება სცადა, მაგრამ შემდეგ მისი თანაგუნდელისგან შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყვა.

ამ მატჩის შემდეგ „უოტფორდს'' პრემიერ ლიგაში აღზევების თეორიული შანსიც გაუქრა, მე-6 ადგილზე მყოფ „ნორვიჩს'' 16 ქულით ჩამორჩება, დარჩენილ ხუთ ტურში 16 ქულის აღმოფხვრა შეუძლებელია. ამ ეტაპზე „უოტფორდი'' 51 ქულით მე-14 ადგილზეა.

პირველ თებერვალს, როცა ჩაკვემ „უოტფორდმა'' კონტრაქტი გააფორმა, კლუბის პრესსამსახურთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სხვა ქვეყანაში გადასვლა შესაძლოა არაკომფორტული აღმოჩნდეს, მაგრამ აქ ყველაფერს სწრაფად შევეჩვიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბევრი გამოწვევა გველოდება, რომლებიც ერთად უნდა გადავლახოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგაში დაწინაურებაა. ეს ყველას გვინდა. ფეხბურთელებითა და მწვრთნელებით დაწყებული, ქომაგებით დამთავრებული''.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 34 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში დაბრუნდა, თუმცა  ორი მატჩი გამოტოვა, „ლიდსთან’’ სკამზე იჯდა, „ვესტ ბრომვიჩთან’’ სამატჩო განაცხადში გაციების გამო ვერ მოხვდა, დღეს კი მინდორს დაუბრუნდა.

გასულ ზაფხულში „გენტმა'' ჩაკვე ერთი სეზონით „უოტფორდში'' გაანათხოვრა, გასულ ზამთარში ინგლისურმა კლუბმა გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები