გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, ტომ კლევერლი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ბრუნდება - უოტფორდის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

„უოტფორდის’’ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომ კლევერლიმ „პრესტონთან’’ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და შემადგენლობაში იქნება.

ტომ კლევერლი: „გიორგი და ჯეკ გრივსი გამოჯანმრთელდნენ. თავს შეუძლოდ გრძნობდნენ და ამის გამო ორშაბათს არ უთამაშიათ, „პრესტონთან’’ შემადგენლობაში იქნებიან’’.

საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდში’’ არ უთამაშია, ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, „ლიდსთან’’ სკამზე იჯდა, „ვესტ ბრომვიჩთან’’ სამატჩო განაცხადში გაციების გამო არ იმყოფებოდა.

„უოტფორდი’’ – „პრესტონის’’ მატჩი ხვალ, 6 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში ჩაკვეტაძე როგორც მინიმუმ ცვლილებაზე ითამაშებს. შესაძლოა, სასტარტოდან დაიწყოს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 34 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში „გენტიდან'' ერთწლიანი იჯარით „უოტფორდში'' გადავიდა, გასულ ზამთარში ინგლისურმა კლუბმა გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები