ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლოკალური ზამორა - AS-ის სტატია მამარდას ბრწყინვალე სტატისტიკაზე

„ვალენსიას’’ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია, რაც სტატისტიკიდან კარგად ჩანს. მის შესახებ სტატიას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი აქვეყნებს.

„ვალენსიამ’’ სტაბილურობას მიაღწია, რაც განსაკუთრებით საშინაო მატჩებზე ითქმის. გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში 12 საშინაო მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. საკუთარ მოედანზე ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე, მამარდაშვილმა ლა ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა, ამ კუთხით „ღამურები'' ლა ლიგაში საუკეთესონი არიან.

AS-ი კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, ლა ლიგის გასულ ტურში „სევილიასთან'' მატჩი „მესტალიაზე'' 0:0 დასრულდა. ამ სეზონში გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად 8 შეხვედრაში შეინახა, გასული სეზონის შედეგი გააუმჯობესა (7 მშრალი მატჩი) და პირადი რეკორდი გაიმეორა, 2021-22 წლების სეზონში ასევე 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

სტატიის ავტორი მამარდაშვილს ლეგენდარულ რიკარდო ზამორას ადარებს. სეზონის დასრულებამდე 13 ტური რჩება და ქართველ მეკარეს შედეგის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს.

25 ტურში „ვალენსიამ'' 36 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და ამ მომენტისთვის საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა მის კონკურენტებს, „ბეტისსა'' და „სოსიედადს'' მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ. მომდევნო ტურში „ღამურები'' „გრანადას'' ესტუმრებიან (24 თებერვალი, 17:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები