გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

უოტფორდმა მოუგებელი სერია შეწყვიტა - ჩაკვეტაძე სკამზე დასვეს და ცვლილებაზე ათამაშეს

ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურში აუტსაიდერი „როტერჰემი’’ შინ „უოტფორდთან’’ 0:1 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა ჩემპიონშიფში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (14 იანვრის შემდეგ ჩემპიონშიფში პირველად მოიგო), გამოკვეთილი აუტსაიდერი დაამარცხა და სტატისტიკა გამოასწორა, 44 ქულით მე-11 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 7 ქულით ჩამორჩება.

„უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ქართველი ფეხბურთელი სასტარტო 11-ეულის მიღმა დატოვა, თამაშში 55-ე წუთზე ჩართო, როცა ანგარიში 0:0 იყო. 58-ე წუთზე ჩაკვეტაძის დარტყმა მეტოქის ფეხბურთელმა მოიგერია, დამატებაზე ასპრილიამ დაარტყა და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.

ჩაკვეტაძე ბურთს მხოლოდ 18-ჯერ შეეხო, 12-დან 7 პასი ზუსტად შეასრულა, თამაშის წესი ორჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ თამაშის წესი ერთხელ დაირღვა, რის გამოც არბიტრმა „უოტფორდის’’ ფეხბურთელი გააფრთხილა.

ქართველ ნახევარმცველს დრიბლინგის 2 მცდელობა ჰქონდა, 1 წარმატებული იყო. ბურთი 6-ჯერ დაკარგა.

26 იანვარს, ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' შინ „ბრისტოლთან'' 1:4 განადგურდა. ამ მატჩში ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და ამ შეხვედრის შემდეგ მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჩემპიონშიფისა და ინგლისის ასოციაციის თასის ჩათვლით ზედიზედ 11 მატჩი სასტარტოში დაიწყო (9 - ჩემპიონშიფი, 2 - ასოციაციის თასი), თუმცა მას შემდეგ „უოტფორდმა'' „გენტიდან'' გამოისყიდა (პირველ თებერვალს), მისი თამაშის ხარისხი გაუარესდა და დღევანდელ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საუკეთესო თვისებები ვერც გამოკვეთილ აუტსაიდერთან გამოავლინა, დრიბლინგზე ვერ მიდის და მწვავე პასს ვერ ასრულებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც „უოტფორდში'' გადავიდა, ფიზმომზადების კუთხით დიდი პროგრესი აქვს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე 30 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

„უოტფორდი'' შემდეგ ტურში „ჰადერსფილდს'' მიიღებს (24 თებერვალი, 19:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები