გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

უოტფორდის საშინაო მარცხი - ჩაკვეტაძის სუსტი თამაში და დაბალი შეფასება

ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდი’’ შინ „კარდიფთან’’ 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში „უოტფორდის'' 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

მას შემდეგ რაც „უოტფორდმა’’ გიორგი ჩაკვეტაძე „გენტიდან’’ გამოისყიდა, ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში პირველი მატჩი ჩაატარა, სასტარტოში იყო, მე-60 წუთზე შეცვალეს. მისი დღევანდელი პერფორმანსი იდეალური არ ყოფილა, მცდელობები უშედეგო იყო, შეტევების გამწვავება უჭირდა. გარდა ამისა, 44-ე წუთზე მსაჯმა უხეში თამაშის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩაკვეტაძემ 20-დან 17 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 1 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 3-დან სამივე ორთაბრძოლა დათმო, მეორე სართულზე მხოლოდ 1 დუელი ჰქონდა და წააგო. Sofascore-მა ჩაკვეტაძეს 6,4 დაუწერა, რაც „უოტფორდში'' ყველაზე დაბალი შეფასება იყო. Whoscored-ის შეფასებით ჩაკვეტაძემ ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდად ითამაშა (5,71 სარეიტინგო ქულა).

ჩაკვეტაძე VS კარდიფი

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.

„უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა „კარდიფთან'' მატჩამდე გიორგი ჩაკვეტაძეზე აღფრთოვანებით ისაუბრა: „გიორგი პირველივე დღიდან მიყვარს. აქ ის ყველას უყვარს. მას ბრწყინვალე დამოკიდებულება აქვს. მისთვის დიდებულია იმის ცოდნა, რომ ეს მისი სახლია’’.

ინგლისის ჩემპიონშიფის 30 ტურში „უოტფორდმა'' 41 ქულა დააგროვა, მე-11 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 4 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში „უოტფორდი'' „ლესტერს'' მიიღებს (10 თებერვალი, 19:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები