ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილის დაბრუნება - კრემონეზე ბოლოადგილოსანთან დამარცხდა

7-მატჩიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა, სერია B-ს მე-17 ტურში „კრემონეზე'' ბოლოადგილოსან „ფერალპისალოს'' ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა (1:0).  ამ სენსაციური წაგებით „კრემონეზეს'' 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დასრულდა. 

მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. ბურთს 105-ჯერ შეეხო, მისი 84 პასიდან 73 ზუსტი იყო (87 პროცენტი). ბურთი 13-ჯერ დაკარგა. 8 საჰაერო ორთაბრძოლიდან 5 მოიგო, მინდორზე 9 ორთაბრძოლიდან 3-ში გამარჯვებული გამოვიდა. თამაშის წესი 3-ჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა, მან კი კარისკენ ორი არაზუსტი დარტყმა შეასრულა. ლოჩოშვილმა მეტოქის შეტევა სამჯერ განმუხტა.

53-ე წუთზე ლოჩოშვილმა ცუდი პასი შეასრულა, რასაც მეტოქის კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც ქართველმა მცველმა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო.

 

17 ტურის შემდეგ „კრემონეზე'' 29 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „პარმას'' 6 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრამდე ლოჩოშვილს სერია B-ს ბოლო შვიდ ტურში არ უთამაშია, ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ექვს თამაშში კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ლუკამ წითელი ბარათი მე-9 ტურში „კომოსთან“ მიიღო, მას შემდეგ „კრემონეზემ“ ზედიზედ 7 მატჩი ამ სამი ცენტრალური მცველით ჩაატარა: რავანელი, ბიანკეტი (კაპიტანი) და ანტოვი. რავანელისა და ანტონოვის დისკვალიფიკაციის გამო 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.

ამ სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა საერთო ჯამში „კრემონეზეს'' რიგებში 10 მატჩი ჩაატარა (8 - სერია B, 2 - იტალიის თასი).

„ფერალპისალოსთან'' მატჩამდე „კრემონეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

„გამოვუცხადებ თუ არა ლოჩოშვილსა და ტუიას ნდობას? რა თქმა უნდა! ლოჩოშვილი და ტუია მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. დავამატებ, რომ ურთულესი შეხვედრა გველოდება და მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ამ მატჩში ბევრი ორთაბრძოლა იქნება და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ხასიათი უნდა გამოვავლინოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები