ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ერთმანეთის ნიღბები მოირგეს“ | Sky Sport Italia-ს სტატია ხვიჩაზე და ოსიმენზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Sky Sport Italia-მ „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც „პარტენოპეიმ“ 4:1 მოიგო, სტატია მიუძღვნა. Sky Sport Italia-მ აქცენტი ნეაპოლელთა ორ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე გააკეთა და მათი გამოსვლა შეაფასა.

„ერთმანეთის სუპერგმირის ნიღბები მოირგეს. როლები გაცვალეს, ოღონდ მოედანზე კი არა, საკუთარ თავებში. ნაპოლის 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და გუნდისთვის, რომელმაც გასულ სეზონში სერია A ცოცხლად შეჭამა, ეს ძალიან გრძელი სერია გახლდათ. ნაპოლიმ მართლა დაიწყო, როგორც ეს აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, და სამი ქულა აიღო. ინტენსიური 3 დღის შემდეგ, გუნდს ორმა სიმბოლომ ულიდერა, ოღონდ, მათ როლები გაცვალეს.

ერთ მხარეს კვარა გვყავს. მშვიდი ქართველი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა. მან თავისი საფირმო აღნიშვნა, „ძილი ნებისა“, რომელსაც გასულ სეზონში იყენებდა, მიივიწყა და გოლის შემდეგ, სახეზე შეუპოვრობა და თავდადება გამოესახა. იმედგაცრუებამ, ბურთის ძელისთვის ორჯერ გარტყმის გამო, და სიბრაზემ, რომ გოლი დიდი ხანი არ ჰქონდა გატანილი, ერთად იფეთქა. კვარა გუშინ ოსიმენივით გამოიყურებოდა, ოსიმენი კი კვარას ჰგავდა. ქარბორბალა თავდამსხმელმა, რომელიც ათასი კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს ხოლმე, თანაგუნდელისგან მშვიდი ტემპერამენტი ითხოვა. მან გაიტანა, მაგრამ როგორც სჩვევია ხოლმე, არ გაქცეულა და თანაგუნდელებთან ჩახუტებას დაელოდა. ბოლონიასთან შეცვლით გაბრაზებულმა ოსიმენმა მოედანი ამჯერად მშვიდად დატოვა, რუდი გარსიას ხელი ჩამოართვა, პენალტიც კი არ დაარტყა და ის პიოტრ ჟელინსკის დაუთმო.

ნაპოლიმ იპოვა დუეტი, რომელიც ბოლო სამი მატჩის განმავლობაში დაკარგული იყო და მათი ბეჭდის გარეშე პარტენოპეი ვერ იმარჯვებდა. ისინი დაბრუნდნენ და მათ დაბრუნებას სამი ქულაც მოჰყვა. კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია და 189-დღიანი გვალვა ჰქონდა. უდინეზესთან გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და სიმეონესაც შეაგდებინა. გაღიმებული კვარას კიდევ ერთხელ ხილვა ყველანაირ ეჭვებს გვიქარწყლებს და ვალდებულს გვხდის, მისი რეკორდული სტატისტიკა მოვიყვანოთ. გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ხვიჩამ ერთ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მეექვსედ მიითვალა. აღნიშნულ პერიოდში (გასული სეზონიდან, დღემდე) ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, იგი ამ მაჩვენებლით ლიონელ მესისთან ერთად, საუკეთესოა (მესისაც 6-ჯერ აქვს ერთ თამაშში მინიმუმ გოლი და ასისტი გაფორმებული, როცა პსჟ-ში იყო).

ოსიმენის სუპერგმირის ნიღაბს რაც შეეხება, 3-დღიანი დაძაბულობების შემდეგ, რომლებიც გაფუჭებულ პენალტს, ბოლონიასთან შეცვლას, ტიკტოკსა და ინსტაგრამს უკავშირდება, მან ყველაფერს ცივსისხლიანად უპასუხა. ჟელინსკის პენალტი დაუთმო, კვარას დაეხმარა და რა თქმა უნდა, გააკეთა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის: გოლი გაიტანა და შემდეგ ისევ გოლის გატანა სცადა. ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ნამდვილი სუპერგმირები არიან, რომლებმაც გუშინ თავიანთი ნიღბები გაცვალეს“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, „უდინეზესთან“ შეხვედრაში, „კვარა“ ბურთს 54-ჯერ შეეხო, 6 დარტყმა ჰქონდა, 2-ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, 6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა, 12-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო და 2 საკვანძო პასი გააკეთა. სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა მისი თამაში 9.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 9.8 დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და მესი საუკეთესოები არიან | საინტერესო სტატისტიკა ხვიჩაზე
კვარა და მესი საუკეთესოები არიან | საინტერესო სტატისტიკა ხვიჩაზე