გიორგი ჩაკვეტაძე, სლოვანი
Aa
Aa

„მის სანახავად ხალხი სტადიონზე მოდიოდა“ - პიტერ დურიში ჩაკვეტაძეზე

სლოვაკური ფეხბურთის ექსპერტი პიტერ დურიში, რომელიც „ტრენჩინში“ (2000-03) და „სპარტაკ ტრნავაში“ (2003-10) თამაშობდა, ადგილობრივ გამოცემა Pravda-სთან ინტერვიუში ბრატისლავას „სლოვანზე“ ისაუბრა. მისი თქმით, „სლოვანმა“ შემადგენლობა გააძლიერა, გუნდიდან წასული ფეხბურთელები შესაბამისი დონის მოთამაშეებით შეავსო და გუნდის ერთადერთ დანაკლისს ჩაკვეტაძე წარმოადგენს, რომელიც „გენტის“ საკუთრებაა და ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას, შესაძლოა სლოვაკურ კლუბში დაბრუნდეს.

პიტერ დურიში: „რამდენიმე კარგად ცნობილმა მოთამაშემ გუნდი დატოვა, მაგრამ „სლოვანი“ მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისს გრძნობს. მას ბრწყინვალე სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა „სლოვანის“ თამაშს არტისტული ელემენტები შესძინა. ის იყო მოთამაშე, რომლის სანახავად ხალხი სტადიონზე მოდიოდა“.

ჩაკვეტაძის სლოვაკური კარიერიდან გამოსარჩევია „დუნაისკა სტრედასთან“ შესრულებული გადაცემა. მაშინ სლოვაკური ფეხბურთის ანალიტიკოსმა მარტინ მიკულიჩმა, რომელსაც ბრატისლავას „არტმედიას“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია, TV Dajto-სთან ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

მარტინ მიკულიჩი:„საოცარი პასი და მოულოდნელი გოლის გამტანი კუჩკა. შესაძლოა, ველოდით, რომ პასის ავტორი უმცროსი ვლადიმირ ვაისი ან ჩავრიჩი იქნებოდა, მაგრამ იქ ჩაკვეტაძე იყო, ფანტასტიკური გამჭრიახობა გამოავლინა“.

 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა, გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა, საერთო ჯამში ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით 47 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. მას „სლოვანთან“ საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე თვეში ეწურება, თუმცა მისი „გენტში“ დაბრუნება თითქმის წარმოუდგენელია.

გასულ თვეში (25 ივნისი) ბრატისლავას „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა სლოვაკურ Pravda-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლუბი ჩაკვეტაძის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს: „ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. გვსურს, „სლოვანში“ დარჩეს, მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთელის სურვილზე არაა დამოკიდებული. სამი ვარიანტი განიხილება: ჩვენ გამოვისყიდით, სხვა კლუბი შეიძენს ან „გენტი“ კვლავ გაანათხოვრებს. ჩვენი კლუბი მხოლოდ გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები