გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მსოფლიო დონის მეკარე ჯერ არაა“ - BILD-ის სტატია მამარდაშვილზე

„ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს „ბაიერნს“ უკავშირებენ და როგორც ფაბრიციო რომანო წერს, „რეკორდმაისტერი“ „მამარდას“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, სტატია ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, BILD-მა გამოაქვეყნა და „ღამურების“ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

იქნება „მამა“ ახალი ნოიერი?

„ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ნიჭიერი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ბაიერნის სატრანსფერო სიაში იმყოფება. BILD-ის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს რამდენჯერმე უკვე დააკვირდა და მისი ტრანსფერი უფრო ცხელი თემა იან ზომერის წასვლის შემთხვევაში გახდება. ბაიერნის ტექნიკურ დირექტორს, მარკო ნეპეს ფეხბურთელის წარმომადგენლებთან კონტაქტი აქვს და საინტერესოა, ვინ არის მეკარე, რომელიც საერთაშორისო დონეზე საყოველთაოდ ცნობილი ჯერ კიდევ არაა.

მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა, რომ ვალენსიას ლა ლიგიდან გავარდნის შიში ბოლო ტურამდე ჰქონდა. გიორგი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეკარედ ითვლება და მასზე წინ მხოლოდ ტიბო კურტუას, მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და იან ობლაკს აყენებენ. მამარდაშვილმა კარში წასული ბურთების 70 პროცენტი მოიგერია და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში 1.97 მეტრია, ხაზზე ბრწყინვალე რეფლექსებით გამოირჩევა.

ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონში, მან მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო და მინდორზე 3420 წუთი გაატარა. გიორგის, ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს სახით, დიდი ფანი ჰყავს. იტალიელი ლეგენდა მამარდაშვილის მიღწევებს ისე აფასებს, რომ ერთხელ ეჩხუბა კიდეც. ელჩესთან გამართული მატჩის შემდეგ (2:2), გიორგიმ მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მოუბოდიშა, რის გამოც, გატუზო ეჩხუბა. რა იყო ამის მიზეზი? როგორც იტალიელი სპეციალისტი ამბობს, საბოდიშო არაფერი იყო, რადგან გიორგის გუნდი უამრავჯერ გადაურჩენია და სრული ნდობა ჰქონდა.

22 წლის ფეხბურთელმა პროგრესს სინათლის სისწრაფით მიაღწია. ორი წლის წინ, იგი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და ვალენსიამ სწორედ მაშინ აღმოაჩინა. 1-წლიანი იჯარისა და კლუბთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების შემდეგ, მისი სატრანსფერო ღირებულება 800 000 ევროდან, 25 მილიონამდე გაიზარდა. Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ 13 მეკარეა შეფასებული და ბაიერნთან ერთად, მისით ჩელსი და ინტერიც ინტერესდებიან.

თუმცა, აქვს „მამას“ ის, რაც საჭიროა, რომ ახალი ნოიერი გახდეს? რთული სათქმელია! მიუხედავად იმისა, რომ კარის ხაზზე საოცრად ძლიერია, მსოფლიო დონის მეკარე ჯერ არაა. ფეხით თამაშზე თუ ვისაუბრებთ, მისი მარცხენა ფეხი საერთაშორისო დონის არაა, თუმცა ესპანეთში ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მას ამ ასპექტში პროგრესის მიღწევა შეუძლია.

ალექსანდრ ნუბელის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ნოიერის შემცვლელად ყოფნა და მისთვის კონკურენციის გაწევა ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკარისთვის მარტივი ნამდვილად არაა. მამარდაშვილი იქნება დამაიმედებელი, მაგრამ გაურკვეველი ფსონი მომავალზე“, - წერს გერმანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 20 მილიონად შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ივლისის სატრანსფერო ზონა
5 ივლისის სატრანსფერო ზონა