გიორგი მამარდაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, რამაზ სვანაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ივა გელაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

საქართველო V ისრაელი | ის, რაც მატჩზე დაგვაინტერესებს

საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებებს UEFA-ს ოფიციალური საიტი ევრო U21-ის მთავარ სიურპრიზებად მოიხსენიებს და მათ 1/4 ფინალურ მატჩზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ჯგუფში, პირველად ადგილზე გავიდა. გაი ლუზონის ბიჭებმა კი ინგლისთან წაგების მიუხედავად, გერმანიასთან (1:1) და ჩეხეთთან (1:0) სასურველ შედეგს მიაღწიეს და ევროს პლეი-ოფში ისინიც პირველად ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ოფიციალურ მატჩში პირველად შეხვდებიან, თუმცა ამხანაგურის სტატუსით სამჯერ უკვე უთამაშიათ. 2022 წლის 16 ნოემბერს, გორში, ისრაელმა ლემკინისა და ბარ არადის გოლებით 2:1 მოიგო (ჩვენგან, 0:2-ზე, ნიკა ხორხელმა შეაგდო) (იხილე სტატია და VIDEO). 2019 წლის მარტში, ამავე ანგარიშით უკვე ჩვენებმა მოიგეს: ლუკა ლოჩოშვილმა და გიორგი არაბიძემ (პენალტით) გაიტანეს, მეტოქისგან ოფრი არადმა (ეს სხვა არადია) გაიტანა. 2011 წლის მარტში, ისრაელმა 2:0 მოიგო.

ასევე საინტერესოა, რომ 2018 წლის ნოემბერში, ევრო U19-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გუნდებმა „მიხეილ მესხზე“ ითამაშეს. საქართველო ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა, ისრაელისგან მას კარზევმა უპასუხა - 1:1. იმ თამაშში მოედანზე იყვნენ ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, გიორგი გულიაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (90 წუთი), სათადარიგოთა სკამზე იჯდა გიორგი მამარდაშვილი. ისრაელისგან „მესხზე“ ითამაშეს: კეოუფმა, ბლორიანმა, ჰოფმეისტერმა, კარზევმა და სკამზე იყო არადი.

ფაქტები: საქართველო

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 2009 წლის შემდეგ (შვედეთი), ევროს პირველი მასპინძელია, რომელიც პლეი-ოფში გავიდა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ტურნირი მასპინძლის რანგში მოიგო, ნიდერლანდებია - 2007-ში. 

2006 წლის ევრო U21-ის შემდეგ პირველად მოხდა, როცა დებიუტანტი გუნდი პლეი-ოფში გავიდა - მაშინ ეს უკრაინამ გააკეთა და ფინალამდეც მივიდა - ნიდერლანდებთან 0:3 წააგო.

საქართველო 32-ე გუნდია, რომელიც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობს - 1994 წლიდან მოყოლებული, როცა ტურნირზე ფორმატი შეიცვალა. ჩვენები ევრო U21 2023-ის ერთადერთი დებიუტანტები არიან.

საქართველოსთვის წინა 14 გათამაშება საკვალიფიკაციო ეტაპზე სრულდებოდა. ყველაზე წარმატებული შესარჩევი 1998 წელს იყო, როცა 8-დან 3-3 თამაში მოიგეს და ფრედ დაასრულეს და 2-ჯერ დამარცხდნენ - ჯგუფში მეორეზე გავიდნენ, ჩამორჩნენ მხოლოდ ინგლისს და აჯობეს იტალიას, პოლონეთსა და მოლდოვას.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2021-ის შესარჩევის ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა (საფრანგეთისა და შვეიცარიის შემდეგ) – 5 მოგება და 5 წაგება.

იმის მიუხედავად, რომ ევრო U21-ზე დებიუტანტია, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ევროს ფინალურ ეტაპზე უთამაშიათ. 2013-ისა და 2017 წლების (აქ მასპინძლის სტატუსით) ევრო U19-ზე, ასევე U17-ზე 2002-სა (1/4 ფინალამდე მივიდნენ და იქ მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან წააგეს) და 2012-ში, როცა ნახევარფინალში გავიდნენ და იქ ნიდერლანდებთან დამატებით დროში წააგეს.

საქართველომ მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი გაიტანა: 2-2 ბელგიასთან და პორტუგალიასთან და 1 ნიდერლანდებთან. ყველა ეს გოლი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.

ფაქტები: ისრაელი

ისრაელი ევრო U21-ის ფინალურ ეტაპზე მესამედ თამაშობს: 2007-ში და 2013-ში, როცა მასპინძლები იყვნენ. ჯგუფური ეტაპი პირველად გაიარეს.

ისრაელმა 2007-ის ევროზე ჯგუფის სამივე მატჩი წააგო, 2013-ში კი 4 ქულა მოაგროვა - ნორვეგიასთან ფრე, იტალიასთან წაგება და ინგლისთან მოგება (1:0).

ისრაელმა ამ ევროს შესარჩევის ჯგუფში 10-დან 6 მატჩი მოიგო და მხოლოდ გერმანიას ჩამორჩა. შესარჩევის პლეი-ოფში ირლანდიასთან ორმატჩიანი დუელი პენალტებამდე მივიდა (1:1 და 0:0) და იქ ისრაელმა 3:1 მოიგო.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელისგან 14-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, ყველაზე მეტი ომრი განდელმანმა (3). სხვათა შორის, ჩეხეთთან ჯგუფურის გადამწყვეტ მატჩშიც მან შეაგდო, 82-ე წუთზე. დორ ტურგემანს საკვალიფიკაციოზე არ უთამაშია და ის გუნდში მე-15 კაცია, ვინც შესარჩევიდან მოყოლებული გოლი გაიტანა.

ისრაელმა პირველ ტურში მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან 1:1 ითამაშა (VIDEO), შემდეგ ინგლისთან 0:2 წააგო (VIDEO), ბოლო ტურში კი ჩეხეთთან 1:0 მოიგო (VIDEO). საბოლოოდ, ინგლისზე 5-ით ნაკლები, გერმანიაზე 3-ით მეტი და ჩეხეთზე 1-ით მეტი ქულა დააგროვა.

მეკარე დანიელ პერეტზმა (მაკაბი თელ-ავივი) გერმანიასთან (1:1) ორი პენალტი მოიგერია.

ისრაელმა ევროს ფინალურების 9-დან 4 მატჩი გაიტანა გოლი - ჯამში 5 გოლი აქვს. ჩეხეთთან მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როცა არ გაუშვეს - ჯამში 15 აქვთ მიღებული.

საინტერესო დეტალები და წვრილმანები

გიორგი წიტაიშვილი ისრაელის ქალაქ რიშონ ლეზიონში დაიბადა. იმ პერიოდში, მისი მამა - კლიმენტი ამ ქალაქის გუნდ „ჰაპოელ ირონში“ თამაშობდა.

გიორგი წიტაიშვილი გასული სეზონის ევროპა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ჰაპოელ ბე’ერ შევას“ შეხვდა. მისმა „ლეხმა“ ორივე მატჩი ფრედ ითამაშა: 0:0 (შინ) და 1:1 (ისრაელში).

ისრაელის ნაკრებმა მაისში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა. დებიუნატი იყო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჯგუფში 4 ქულა აიღო, კოლუმბიას (7 ქულა) ჩამორჩა, იაპონიასა (3) და სენეგალს (2) აჯობა. 1/8 ფინალში უზბეკეთს 97-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგეს, 1/4 ფინალში ბრაზილიასთან დამატებით დროში მოიგეს (VIDEO). 1/2 ფინალში ურუგვაისთან 0:1 დამარცხნდნენ (VIDEO), მე-3 ადგილისთვის მაშინდელ მოქმედ ვიცე-ჩემპიონ სამხრეთ კორეას 3:1 აჯობეს.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან ამ გუნდში 5 კაცია: ანან ხალალი (თავდამსხმელი; მაკაბი ჰაიფა), სტავ ლემკინი (მცველი; ჰაპოელ თელ-ავივი), როი რევივო (მცველი; ჰაპოელ იერუსალიმი), დორ ტურგემანი (თავდამსხმელი; მაკაბი თელ-ავივი), ტომერ ტზარფატი (მეკარე; მაკაბი ნეტანია).

ისრაელის ნაკრებმა გასულ ზაფხულს ევრო U19 ითამაშა და ფინალამდე მივიდა. ჯგუფში, 4 ქულით, ინგლისის შემდეგ (9 ქულა) მეორე ადგილზე გავიდნენ - ავსტრია და სერბეთი ჩამოიტოვეს. ტურნირი 8-გუნდიანი იყო, ასე რომ, ჯგუფიდან 1/2 ფინალში მოხვდნენ, იქ საფრანგეთს 2:1 მოუგეს და ფინალში ისევ ინგლისს შეხვდნენ. ფინალსაც იგებდნენ, მაგრამ ბრიტანელებმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და 3:1 მოიგეს.

2022 წლის ევრო U19-დან ამ ნაკრებში 6 კაცია: იდან გორნო (თავდამსხმელი; მაკაბი პეტაჰ ტიკვა), დორ ტურგემანი (თავდამსხმელი; მაკაბი თელ-ავივი), ტომერ ტზარფატი (მეკარე; მაკაბი ნეტანია), სტავ ლემკინი (მცველი; ჰაპოელ თელ-ავივი), როი რევივო (მცველი; ჰაპოელ იერუსალიმი), ოსკარ გლოუხი (ნახევარმცველი; ზალცბურგი).

ოსკარ გლოუხმა 2022 წლის იმ ეურო U19-ზე 3 გოლი შეაგდო. 2004 წლის 1-ელ აპრილს არის დაბადებული და ისრაელის ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება.

ისრაელის მე-11 ნომერი, დორ ტურგემანს (ოქტომბერში 20 წლის ხდება) ქვეყნის ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად მოიაზრებენ (მისი გოლები ბრაზილიასთან და გერმანიასთან). 

გიორგი წიტაიშვილსა და ოსკარ გლოუხს მიმდინარე ტურნირზე 2-2 საგოლე პასი აქვთ გაკეთებული და ლიდერთა შორის არიან, ამდენივე აქვთ: სერხიო გომესს, მორგან გიბს-უაითს, ფაბიან რიედერსა და სანდრო ტონალის.

საქართველოს ტრავმირებული ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარება, ისრაელს როი რევივო ჰყავს დისკვალიფიცირებული.

ნახევარფინალში გასულმა გუნდმა, შესაძლოა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური გაინაღდოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ 1/2 ფინალში ინგლისის ან საფრანგეთის ნაკრებებიდან ერთ-ერთი მაინც გავა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ მე-3 ადგილისთვის მატჩი დაინიშნება და საგზური მისი მეშვეობით გათამაშდება.

საქართველოსა და ისრაელის 1/4 ფინალური მატჩი 1-ელ ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათიდან დაიწყება. ყველა ბილეთი გაყიდულია. გამარჯვებული ინგლისსა და პორტუგალიას შორის მოგებულზე, 1/2 ფინალში გადის. ფინალის საგზური 5 ივლისს, ბათუმში გათამაშდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი გაჩერება ახლა ძალიან რთულია...“ - ბიჭები ისრაელთან მატჩამდე
„ჩვენი გაჩერება ახლა ძალიან რთულია...“ - ბიჭები ისრაელთან მატჩამდე