მილანი, ინტერი
Aa Aa

ინტერი VS მილანი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს „ინტერი“ და „მილანი“ დაუპირისპირდებიან. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ნომინალური მასპინძელი „მილანი“ იყო. შეხვედრამ „ინტერის“ უპირატესობით ჩაიარა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

სიმონე ინძაგის გუნდმა სწრაფი გოლი გაიტანა. ანგარიში მე-8 წუთზე ჯეკომ გახსნა, რასაც ზუსტად სამ წუთში ჰენრიკ მხითარიანმა უპასუხა და სხვაობა ორამდე გაზარდა. „მილანი“ სხვაობის შემცირებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და 2:0 დასრულდა.

შიდა ჩემპიონატი

ამ დაპირისპირებას „ნერაძური“ ბრწყინვალე ხასიათზე ხვდება, რადგან ოთხეულში ადგილი თითქმის გაინაღდა. სერია ა-ს გასულ ტურში „ინტერი“ საკუთარ კედლებში „სასუოლოს“ დაუპირისპირდება და 4:2 დაამარცხა.

რაც შეეხება „მილანს“, „როსონერი“ „სპეციას“ ესტუმრა და 0:2 წააგო. ამ მარცხის შემდეგ, პიოლის გუნდს სატურნირო ცხრილში 61 ქულა დარჩა და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. მეოთხე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ კი 4 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი

განმეორებითი მატჩის წინ, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა კრუნიჩის, მესიასის და ბენასერის თამაში, თუმცა პრესკონფერენციაზე პიოლიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით სამივე მათგანი ხელმისაწვდომი იქნება.

სიმონე ინძაგის განკარგულებაში დეალბერტი და შკრინიარი არ იქნებიან. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოაკინ კორეას თამაში.

პიოლი მატჩის წინ:

„ხვალისთვის მომზადება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენს გონებაში არის ერთი მიზანი - მოვიგოთ მატჩი და ფინალში გავიდეთ. ამას ხომ ვერავინ იფიქრებს? ახლა, როგორც არასდროს, არავინ ფიქრობს, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია. ვიცი, რომ დიდებული მატჩის ჩატარება შეგვიძლია.

გვინდა, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ. „ინტერის“ შეცდომებით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. „სპეციაზე“ არ გვისაუბრია. წინ გველოდება მატჩი, რომელში მონაწილეობაზეც ფეხბურთელები ოცნებობენ. ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ახლა წარსულზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ვეცდებით.

აუცილებელია, რომ საგოლე ეპიზოდში უფრო ზუსტები ვიყოთ. ბენასერი თავს კარგად გრძნობს. ასევე კრუნიჩი და მესიასიც კარგად არიან. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილია ისინი ხელმისაწვდომნი იქნებიან.“

ინძაგი მატჩის წინ:

„როგორც მწვრთნელი, ყველა თამაშს ერთნაირად ვუდგები. ვიცი, რომ ეს „ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. დამსახურებული უპირატესობა გვაქვს და ამის შენარჩუნებას არ ვეცდებით. „ინტერმა“ მოსაგებად უნდა ითამაშოს. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს შექმნიან.

ოცნებასთან 90 წუთი გვაშორებს. მთელი სეზონის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ. მაშინაც კი, როცა მუნდიალის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ამ მომენტში სერია ა-ს ოთხეულზე არ ვფიქრობთ. კონცენტრაცია მხოლოდ ნახევარფინალზე გვაქვს. გააზრებული გვაქვს ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შესანიშნავ ფორმაში ვართ. ამ მასშტაბის მატჩისთვის მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2:0 დასრულდა. მომავალი მატჩი კი 16 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: