ხვიჩა კვარაცხელია, სალერნიტანა
Aa
Aa

საჩემპიონო ზეიმი გადაიდო - ნაპოლიმ სალერნიტანა ვერ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დაწყებამდე „ინტერთან“ „ლაციოს“ მარცხით (3:1) „ნაპოლის“ შეეძლო ჩემპიონობა ამავე ტურში გაენაღდებინა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა შანსი ვერ გამოიყენა და შესაბამისად, საჩემპიონო ზეიმიც მინიმუმ 1 ტურით გადაიდო.

ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, თუმცა ერთ ეპიზოდში ოჩოას კარს მცირედით ააცილა, შემდეგ კი მექსიკელმა მეკარემ აჯობა.

რაც შეეხება გოლებს, ანგარიში 62-ე წუთზე მატიას ოლივეირამ გახსნა, რომელმაც კუთხურიდან ჯაკომო რასპადორის მიერ შესრულებული ზუსტი გადაცემა გამოიყენა.

ნეაპოლელთა ზეიმი ბოულაი დიამ გადადო, რომელმაც 84-ე წუთზე მასპინძელთა კარში ეფექტური გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა.

ნაპოლი 1:1 სალერნიტანა

„ნაპოლი“ ჩემპიონობის მოპოვებას შემდეგ ტურში, სტუმრად „უდინეზესთან“ ეცდება. შეხვედრა 4 მაისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

32 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლაციოს“ 18 ქულით უსწრებს. თუმცა, დიდი შანსია, რომ „ლაციოს“ „იუვენტუსმა“ გადაასწროს, რომელსაც 32-ე ტურში თავისი შეხვედრა სათამაშო აქვს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე „ბოლონიას“ ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში 62 ქულას დააგროვებს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, „ნაპოლისთან“ სხვაობა კი 17 ქულა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაბო ვერდესთან მატჩით ვიწყებთ - საქართველოს კალენდარი მსოფლიოს ჩემპიონატზე
კაბო ვერდესთან მატჩით ვიწყებთ - საქართველოს კალენდარი მსოფლიოს ჩემპიონატზე