ბარსელონა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

სეზონის პირველი ელ კლასიკო მადრიდის რეალმა მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში გულშემატკივარმა „ელ კლასიკო“ იხილა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ მატჩში მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.

შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და საგოლე მომენტები როგორც მადრიდელებს, ისე კალატონიელებსაც მრავლად ჰქონდათ, თუმცა რეალიზებაში უფრო ზუსტი კარლო ანჩელოტის გუნდი აღმოჩნდა და საბოლოოდ დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

ანგარიში მე-12 წუთზე „რეალმა“ კარიმ ბენზემას გოლით გახსნა. კროოსის მიერ მეკარესთან პირისპირ დატოვებულმა ვინისიუსმა ტერ შტეგენის კარის აღება ვერ შეძლო, დამატებაზე კი ბენზემამ ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

35-ე წუთზე მოედნის ცენტრში გათამაშებული კომბინაცია გოლად ფედე ვალვერდემ აქცია, რომელმაც ფერლან მენდის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში ჩავის გუნდი გააქტიურდა და მადრიდელთა კართან არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნა, თუმცა კატალონიელებს მომენტების რეალიზაცია აშკარად უჭირდათ. საბოლოოდ, აქტიურობამ შედეგი 83-ე წუთზე გამოიღო, როდესაც შეცვლაზე შემოსულა ფერან ტორესმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და შეხვედრაც უფრო მეტად დაძაბა.

გოლის შემდეგ „ბარსელონას“ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა სტუმრებმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს.

საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე როდრიგომ დააფიქსირა, რომელმაც თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

9 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილს იკავებს, „ბარსელონა“ კი 22 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალონსო ანჩელოტის შემცვლელად ? - მადრიდში მომავალზე ფიქრობენ
ალონსო ანჩელოტის შემცვლელად ? - მადრიდში მომავალზე ფიქრობენ