მძიმე ბრძოლა - შავი ლომი ლოკომოტივ პენზასთან დამარცხდა
რაგბი ევროპის სუპერ თასის ეგიდით „შავმა ლომმა“ „ლოკომოტივ პენზას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 16:19 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდში 6 დებიუტანტი თამაშობდა.
მატჩი აქტიურად „შავმა ლომმა“ დაიწყო და გიორგი ბაბუნაშვილმა მეექვსე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეტიც, დაწინაურდნენ. „ლოკომოტივი“ 6:3-ს იგებდა, თუმცა სანდრო თოდუამ ლელო დადო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
სტუმართა გუნდი გააქტიურდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა აიღო და საბოლოო ჯამში პირველი ტაიმი 11:11 დასრულდა. „შავი ლომიდან“ ბაბუნაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა.
მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თენგიზ პერანიძემ ლელო დადო. 16:11 „შავი ლომის“ სასარგებლოდ. ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და „ლოკომოტივი“ გააქტიურდა. აქტიურობამ შედეგი გამოიღო და სტუმრებმა საბოლოო ანგარიში 19:16 დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გაიმართა და „შავმა ლომმა“ „ლოკომოტივ პენზა“ 27:11 დაამარცხა.
ფოტო და ვიდეო - "შავი ლომის" ფეისბუქ გვერდი