ამბები, რომელიც მოსაყოლად ღირს -  ოქროს ბურთი და 6 ქართველი ფეხბურთელი
Aa Aa

ამბები, რომელიც მოსაყოლად ღირს - ოქროს ბურთი და 6 ქართველი ფეხბურთელი

France Fooltball-მა 2021 წლის Ballon d'Or-ის (სიტყვა-სიტყვით - ოქროს ბურთის) დაჯილდოების ცერემონიის ლოკაციად ამჯერადაც პარიზის შატელეს საოპერო თეატრი შეარჩია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი.

რიგით 65-ე დაჯილდოვება არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეო მესის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მეშვიდედ და ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ჩაიბარა.

ისტორია

ოქროს ბურთის დაჯილდოვება ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული ჯილდოა, რომელიც შეიძლება, რომ ფეხბურთელმა საფეხბურთო სამყაროში დაიმსახუროს. ჯილდო 1956 წელს, ფრანგული ჟურნალის, France Football-ის მიერ შეიქმნა და 2010 წელს კოჰაბიტაცია FIFA-სთან ერთად შედგა, თუმცა ურთიერთობამ მხოლოდ 6 წელს გასტანა - ხელშეკრულება 2016 წელს დასრულდა.

წლების განმავლობაში ოქროს ბურთი სხვადასხვა წესებსა და ნიუანსებს ცვლიდა, რათა ფეხბურთის ვარსკვლავებისთვის მეტად მიმზიდველი და სასურველი გამხდარიყო, რამაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო. მაგალითისთვის, თავდაპირველად ჯილდო მხოლოდ ევროპაში მოთამაშე ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, შემდეგ საერთო აზრი ჩამოყალიბდა და გადაწყდა, რომ პრიზს დაიმსახურებდა ევროპაში მოთამაშე ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც სხვებზე მეტად გამორჩეული სეზონი ექნებოდა, შესაბამისად, მოთამაშის წარმომავლობაზე აქცენტი აღარ გაკეთდებოდა. შემდეგ, ხმის მიცემის უფლება ავტორიტეტული სპორტული გამოცემების სპორტულ ჟურნალისტებს მიენიჭათ, ასევე, გაითვალისწინეს ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა (მონაწილეობას იღებს საქართველოც) და მთავარი მწვრთნელების აზრი. 

თანამედროვეობაში ჯილდოს უკვე ჩამოყალიბებული იერსახე აქვს.

ოქროს ბურთის ვიზუალი, წონა, ფასი

წესებთან ერთად იცვლებოდა ნანატრი ჯილდოს ვიზუალი, წონა და შესაბამისად, ღირებულება. დღეს, ოქროს ბურთს ძალიან ზუსტი მახასიათებლები აქვს, რაც არც მეტი, არც ნაკლები: 28 სანტიმეტრში,  22 დიამეტრსა და 12 კილოგრამში გამოიხატება.

საინტერესოა, რომ ოქროს ბურთი სუფთა ოქრო არ არის - გამოყენებულია სპილენძის ფირფიტები, რომელიც ბურთს აძლევს იმ ვიზუალს, რომლითაც წარმოდგენილი დღესაა. როგორც წესი, მას ოქროში ავლებენ, გადაიტანენ ორგანიზატორის, France Football-ის, ლოგოსა და გამარჯვებულის ვინაობის გაგების შემდეგ, ბუნებრივია, მის სახელს.

ჯილდოს ღირებული 3 000 ევროს ოდნავ აღემატება.

 

ოქროს ბურთის პირველი გამარჯვებული

სტენლი მეთიუზი - შესაძლოა, ეს სახელი კარგად მოგეხსენებოდეთ ან სულაც, პირველად იგებდეთ. ინგლისელი გარემარბი, ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრისთვის წესით, კარგად ნაცნობია - მან 1934/1957 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 63 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

საკლუბო კარიერის მხრივ, მეთიუზი მხოლოდ 2 გუნდის, სტოკ სიტის და ბლექპულის რიგებში გამოდიოდა.

1956 წელს, როდესაც France Football-მა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის პირველი ოქროს ბურთის დააწესა, ჯილდოს პირველი გამარჯვებული სწორედ სტენლი მეთიუზი გახდა - ,,ნაჩვენები შედეგებისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.'' ფეხბურთელი მაშინ არც მეტი, არც ნაკლები 41 წლის გახლდათ და მის ერთადერთ მონაგარს FA Cup -ზე მოპოვებული ვერცხლის მედალი წარმოადგენდა.

საინტერესოა, რომ მაშინ მეთიუზი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც პროფესიული კარიერის დასრულებამდე რაინდად აკურთხეს.

 

6 ქართველი და ოქროს ბურთი

თანამედროვე რეალობაში შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, რომ იყო დრო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ოქროს ბურთის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ და ხმების კონკრეტულ რაოდენობასაც იღებდნენ.

ლეგენდარული ფეხბურთელების სახელები დღეს ცოტამ თუ არ იცის. საქმე სწორედ იმაშია, რომ მსგავსმა დეტალებმა აქცია მათი სახელები ლეგენდარულად.

სხვადასხვა წლებში, აღნიშნულ ჯილდოზე წარდგენილი სულ 6 ქართველი იყო. პირველად, ოქროს ბურთის დაარსებიდან მე-6 წელს - ლეგენდარული დინამოელი, მიხეილ მესხი, რომელმაც 4 ხმა მიიღო (17-22 ადგილი) და სლავა მეტრეველი - 3 ხმით (23-27 ადგილი).

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მესხს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა - შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, საიდანაც ექვსჯერ აღიარეს სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.  1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები შეადგინეს. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ  მიხეილ მესხი დასახელდა.

,,მაშინ ბევრი ოცნებობდა მთავრობაში მოხვედრაზე ან შემოსავლიან სამსახურზე. კარიერის შემდეგ მიშას რა სამსახური არ შესთავაზეს, მათ შორის, ძალიან დიდი თანამდებობებიც, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან სულით ფეხბურთელს ისევ ამ სფეროში დარჩენა სურდა.


საფეხბურთო სკოლის აშენება გადაწყვიტა, რადგან უნდოდა, ქართული ფეხბურთისთვის შემტევი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი თაობები გაეზარდა. ასე დაარსდა „ავაზა“, სადაც მიშასთან ვმუშაობდი.


პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო სკოლა აუშენეს. იცით, რატომ? მოვლენა იყო - ისეთივე მოვლენა ფეხბურთში, როგორც გალაკტიონი - პოეზიაში , - იხსენებდა მესხის თანაკლასელი.

მეტრეველი კი, დინამო თბილისში 1963 წლიდან 1971 წლამდე ასპარეზობდა, ჩაატარა 259 მატჩი და გაიტანა 73 გოლი. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მონაწილეობა 3 მსოფლიო თასზე მიიღო (1962, 1966, 1970) და ამავდროულად პირველი, ვინც FIFA-ს მსოფლიო ნაკრებში ითამაშა (1968 წელს, ბრაზილიის წინააღმდეგ).

1965 წელს, ოქროს ბურთის ნომინატთა სიაში, კვლავ სლავა მეტრეველი მოხვდა - 2 ხმა (17-24 ადგილი). 

საქართველოს სუპერთასი 2019 წლიდან სწორედ სლავა მეტრეველის სახელს ატარებს. 

საუკეთესოთა სიაში საკუთარი ადგილი მურთაზ ხურცილავამაც იპოვა, რომელსაც 1968 წელს  მხოლოდ 1 ხმა ჰქონდა (24-32 ადგილი), ხოლო 1972 წელს - 3 ხმა (11-14 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ მურთაზ ხურცილავა, სლავა მეტრეველთან ერთად, მეორე ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთზე ორჯერ მოხვდა.

,,გამორჩეულ ექვსეულში" საუკეთესო შედეგი რამაზ შენგელიამ აჩვენა, რომელმაც 10 ხმით მე-7 ადგილი დაიკავა და შესანიშნავი მიღწევის ავტორი გახდა.

საერთოდაც, შენგელიასთვის 1981 ბრწყინვალე წელი იყო. მისი წარმატება გარკვეულწილად, თასების მფლობელთა თასს უკავშირება. აღსანიშნავია ვესტ ჰემთან დაპირისპირება, სადაც შენგელიამ სტუმრად, გოლებით  გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა (1-4).

1981 წლის ოქროს ბურთზე რამაზ შენგელიას ნაჩვენები შედეგი, თანამედროვე რეალობაში, პირდაპირი მნიშვნელობით  სიგიჟეა. ამას თავადაც მიხვდებით, პარალელისთვის, 2021 წლის ოქროს ბურთის საუკეთესო ტოპ 7-ს თუ გადავხედავთ:

1. ლეო მესი (პსჟ)  - 613

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 580

3. ჟორჟინიო (ჩელსი) - 460

4. კარიმ ბენზემა (რეალი) - 239

5. ნ'გოლო კანტე ( ჩელსი) - 186

6. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი) - 178

7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 121

საინტერესოა, რომ 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის დინამოს სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რამაზ შენგელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

 

ამავე წელს (1981), რამაზ შენგელიას 1 პოზიციით ჩამორჩა ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც თავი 9 ქულას მოუყარა და მე-8 ადგილს დასჯერდა.

ჩივაძეზე საუბარი შორის წაგვიყვანს, რადგან ყველაფერი ისედაც ერთი შეხედვით ნათელია - საქართველოს 21-წლამდე და ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

წარუშლელია დავით ყიფიანის კვალიც. ყიფიანი მესამეა, რომელმაც 1981 წლის სიაშია, დაიმსახურა 6 ხმა და აღნიშნული ჯილდოს ჩამონათვალში მე-11 ადგილი მიიღო.

საინტერესოა, რომ:

დედის ინიციატივით, პატარა დათო ერთხანს ქართულ ცეკვაზე დადიოდა, 7 წელი ფორტეპიანოს დაკვრას სწავლობდა, პარალელურად კი ინგლისურ ენას ეუფლებოდა. თუმცა, მის გულში განსაკუთრებული ადგილი ფეხბურთს ეჭირა.

დედა ბურთს უკრძალავდა და სახლში დაბრუნებისას, სტადიონზე დასვრილ შარვალს საგულდაგულოდ წმენდდა ხოლმე. როცა ეზოში არ უშვებდნენ, მე-3 სართულის აივანზე ერთობოდა, ხოლო ბურთის ფუნქციას სხვადასხვა საგნები ითავსებდნენ.

დინამოში პირველად მოხვედრილს, ერთ-ერთმა მწვრთნელმა ურჩია, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და სჯობდა - ვიოლინოზე დაეკრა"...

ეპოქის დასრულებამდე, ყიფიანს დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული - 4 თასი და 2 სუპერთასი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი 1997 და 2000-01 წლებში ხელმძღვანელობდა.

1981 წელს დინამო თბილისმა ოქროს ბურთზე საუკეთესო შედეგი აჩვენა - ამ გუნდიდან ყველაზე მეტმა, სამმა ფეხბურთელმა (3) მიიღო მონაწილეობა და ჩამოიტოვა მიუნხენის ბაიერნი, რომელსაც ორი (2) წარმომადგენელი ჰყავდა.

1981 წელი სიამაყის გარდა, გულისტკენის შეგრძნებასაც ტოვებს, რადგან ამ წლის შემდეგ, ამ ნომინაციაში, არცერთი ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა აღარ მიუღია.

ოქროს ბურთი, როგორც პრესტიჟული ჯილდო

ყველაფერი  France Football-ის მთავარ რედაქტორს, გაბრიელ ჰანოტს უკავშირდება, რომლის იდეამაც ფრთები შეისხა და დღეს, წლიდან წლამდე, გულშემატკივარი ერთ-ერთ ყველაზე ყურებად საფეხბურთო ცერემონიას სულმოუთქმელად ელოდება. 

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, აღნიშნული ჯილდო გაუქმდა, მისი ბოლო გამარჯვებული, 2019 წელს, ლეო მესი იყო, რომელმაც ოქროს ბურთი 2021 წელსაც არავის დაუთმო.

ორგანიზატორების თქმით, არგენტინელის ტრიუმფს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თვალს 823 მილიონი ადამიანი ადევნებდა. პოპულარულმა გამოცემამ 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე,  სხვადასხვა შინაარსის ჯამური, 61 მილიონამდე შეტყობინება მიიღო, 19.3 მილიონი იყო ვიდეოების ნახვა Twitter-ზე, 26.2 მილიონი - Instagram-სა, ხოლო 1.4  მილიონი - Facebook-ზე.

დასახელებული ციფრები ყველაფერს ამბობს.

გაზიარება: