,,თანამშრომლობა მაშინ დავიწყე, როცა გუნდიდან გაუშვეს
Aa
Aa

,,თანამშრომლობა მაშინ დავიწყე, როცა გუნდიდან გაუშვეს" - აგენტი ვოლკოვზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა: ჩვენმა გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა შვედეთის  წინააღმდეგ, ბათუმში გამართა (2-0), ხოლო შემდეგ გორში,  უზბეკეთს დაუპირისპირდა და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო (1-0).

ნოემბრის მატჩებში ბელგიური სერენის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად, შემადგენლობაში აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი გამოჩნდა, რომელმაც მეორე შეხვედრაში, უზბეკეთის წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა.

 ლევან ზუხბაია (აგენტი) - საქართველოს პირველ არხთან:

დათო მებრძოლი ბიჭია. იმედი ჰქონდა, რომ ნაკრებში მიიწვევდნენ. შრომა არ ეზარება, ნიჭიერია, კარგი სეზონი ჰქონდა და შანსს იმსახურებდა, რადგან წინა სეზონიც კარგად ჩაატარა, მაგრამ არ იწვევდნენ. მადლობა ნაკრების სამწვრთნელო სტაფს, დათოს შრომა რომ დაუფასეს. 

სხვათა შორის, როდესაც მენეჯერობა დავიწყე, პირველი ფეხბურთელი, ვისთანაც კონტრაქტი გავაფორმე, სწორედ ვოლკოვი იყო. ეს 2015 წელს მოხდა, როდესაც დათოს მტკივნეული პერიოდი ჰქონდა. ტრავმა მიიღო და გუნდიდან გაუშვეს. მგონი, მაშინ ჩვენს გარდა მისი არავის სჯეროდა. ჩანდა, რომ ყველა ის თვისება გააჩნდა, რაც თანამედროვე თავდამსხმელს სჭირდება: სწრაფია, თავით და ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მაღალია. ამას გარდა, პროფესიონალია და თან პიროვნულადაც ძალიან კარგია, ურთიერთობაში გამორჩეულია და შრომა არ ეზარებოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ საინტერესო მოთამაშე იქნებოდა.

ბოლო ორი სეზონი აზერბაიჯანში ბევრი კარგი თამაში ჩაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მისით თავად დაინტერესდნენ, თურქეთში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში. გადაწყვეტილებას დათო სანაკრებო და კარიერული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ახლა მისგან მეტს ელიან და დარწმუნებული ვარ, წინსვლას გააგრძელებს.

არასოდეს მინახავს ასეთი ასაკის მოთამაშე, რომელიც სანაკრებო სიაში ასე კარგად ჩაეწერებოდა.

მან დამანახა, რომ სანაკრებო შანსს აქამდეც იმსახურებდა. ამ კუთხით ჩემს თავზე ცოტა გაბრაზებული ვარ, მაგრამ როგორცაა ნათქვამი, სჯობს მოხდეს რაღაც, თუნდაც გვიანი იყოს. მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა , - ვოლკოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაქო.

10 ტურის შემდეგ, 26 წლის დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს 8 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ვოლკოვისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ბოლო, მე-10 ტური, სადაც ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე
გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე"