Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  22:48

რონალდო, კრიშტიანუს გარეშე - ისტორია, რომლის გამოც რეალობის გადატვირთვა ღირს

„სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელი მოვაწერე და ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე გავემგზავრე. 5 დღის შემდეგ მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულების გაგრძელებას ვერ შევძლებდი. ასე რომ, ჩემი ინიციატივით არაფერი მომხდარა, ყველაფერი მათ ხელში იყო. იმ მომენტში კლუბში დარჩენა მსურდა

- იხსენებს რონალდო "ბარსელონადან" "ინტერში" გადასვლის მომენტს.

არასდროს გიფიქრიათ კონკრეტულ მომენტში სხვა გადაწყვეტილება, რომ მიგეღოთ თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა? კარგად ან ცუდად... მე მიფიქრია.

რონალდოს კარიერა ფეხბურთის ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თავია, რომელიც ისე არ წარიმართა და მითუმეტეს ისე არ დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, როგორიც უნდა გვენახა, 10-15 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი სიამოვნება უნდა მიგვეღო და ახლა შესაძლოა ფეხბურთს სხვა მეფე ჰყოლოდა...

მე 90-იანების თაობის წარმომადგენელი ვარ და ყოველთვის, როცა ყურებში ჩამესმის - რონალდო... თვალწინ წამიერად ყვითელ მაისურში გამოწყობილი ბიჭი წარმომიდგება, რომელსაც თმები სულ დაბალზე ჰქონდა შეჭრილი და ყოველთვის კარისკენ გარბოდა, ყოველთვის ამწვავებდა. ერთ-ერთზე დარჩენის ნამდვილი დიდოსტატი იყო. მცველთან, მეკარესთან, ცარიელ კართან...

მეცნიერებაში არის ასეთი მოსაზრება, რომ არსებობს პარალელური სამყარო, სადაც ზუსტად შენი მსგავსი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მისი ისტორია შენი მსგავსი არ არის, ის განსხვავებულია და ზოგადად იქ ბევრი რამ სხვანაირად მოხდა და ხდება.

ჩვენი ყოველი არჩევანი, ყოველი ნაბიჯი განსაზღვრავს შედეგს, რომელიც მომავალში დადგება, მაგრამ რა იქნებოდა, თუ...

ფანტაზიის უნარი კარგი რამაა. კარგია, როცა ადამიანს მდიდარი წარმოდგენის უნარი აქვს. ფანტასტიკა? ერთ დღესაც შეიძლება ბევრი რამ რეალობად იქცეს. მაგალითად, მე-17 საუკუნეში ან თუნდაც უფრო ადრე ადამიანისთვის, რომ გეთქვა მთვარეზე გავფრინდები და იქედან დედამიწას გადმოვხედავო, შეიძლება სიცოცხლე კოცონზე დაწვით დაგესრულებინა.

წლების წინ წარმოუდგენელი იყო, რომ დედამიწის მეორე ბოლოში ერთი ადამიანი მეორეს თავის ხმას გააგონებდა, თუმცა ახლა მათი გვესმის და ვხედავთ კიდეც.

ასეთია რეალობა - არაპროგნოზირებადი, მაგრამ სიურპრიზებით აღსავსე, ხანდახან სევდიანიც, მაგრამ არა მთლად უიმედოც. და რა არის რეალობა და როგორ განვსაზღვროთ? „ლურჯ აბს გადაყლაპავ და ზღაპარი დასრულდება. შენს საწოლში გაიღვიძებ და დაიჯერებ, რომ ეს სიზმარი იყო. წითელი აბით კი საოცრებათა სამყაროში მოხვდები“.

ეს ფრაზა ალბათ გეცნოთ - დიალოგის ნაწყვეტი ფილმიდან „მატრიცა“. კიჭაზე ფიქრისას ხანდახან მგონია, რომ ყველას გვძინავს, ყველანი მატრიცაში ვართ და რეალობა სულ სხვაა. რეალობაში რონალდომ ის მიიღო, რაც მისი ნიჭის პატრონს კარიერის ბოლოს უნდა ჰქონოდა. ფეხბურთის ისტორიაშიც მორიგი ულამაზესი და კაშკაშა თავი ჩაიწერა.

თუმცა ჩვენი რეალობა ამჟამად ასე გამოიყურება...

რეალობა ნელია, მშვიდი, დინჯი, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. ფანტაზიის უნარი კი სწრაფია, უსაზღვროა, ბოლო არ უჩანს და იქამდე შეგიძლია წარმოიდგინო, სადამდეც წარმოსახვა გაგიშვებს... რონალდოც ასეთივე იყო - მისი თამაში რეალობას არ შეესაბამებოდა. ერთ ადამიანს ამდენი არ უნდა შეძლებოდა. რატომ არ ჩერდება? გააჩერებს ვინმე? მალდინი? ნესტა? კარლოსი? საერთოდ ვერავინ?

„ასეთი სისწრაფე არასდროს მქონდა ნანახი, ის მე გამცდა და კანავაროს ვეძახდი ჯარიმა, ჯარიმა აიღე-მეთქი, მან კი იგი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. რამდენიმე წუთში ისევ მე გამცდა, თუმცა მისი წაქცევა მოვახერხე და მსაჯმა მეც ყვითელი ბარათი მომცა. ფაბიომ გამომხედა და მითხრა: „ასე თუ გაგრძელდა, 9 კაცით დავასრულებთ, როგორ გავაჩეროთ ის"? - რონალდომ ჩვენი დიალოგი გაიგო და ცუდი იტალიურით გვითხრა: „ბიჭებო, მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა“, - იმ მომენტში თავი დაუცველ და უსუსურ არსებებად ვიგრძენით“.

- იხსენებს ლილიან ტიურამი, როცა მისი და კანავაროს „პარმა“ რონალდოს „ინტერს“ დაუპირისპირდა.

თავად კანავარო კი ამბობს:

„რონალდო იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შემაშინა. ის ჩვენი თაობის ფეხბურთელია. ფენომენალური რონალდო".

რთულია ტიურამს და კანავაროს შევეწინააღმდეგოთ ან რაიმეში არ დავეთანხმოთ.

არ მინდა ასეთი რეალობა სადაც რონალდო მეტოქემ, მასზე უკეთესმა, უფრო ჭკვიანმა და უფრო სრულყოფილმა არ გააჩერა და მისი ზღაპარი, რომლის პირველი თავები ჟიულ ვერნის მთელი ცხოვრების ნაშრომების მსგავსად ზღაპრული და მდიდარი იყო, ტრავმამ გააჩერა, ფერი დაუკარგა, ჩვენს ფანტაზიის უნარს ენთუზიაზმი დაუკარგა...

საოცარი სეზონი პსვ-ში, მორიგი ზღაპრული წელი ბარსელონაში, შემდეგი ნაბიჯი უძლიერეს სერია ა-ში და ჰორიზონტი, თამასა, რომლებიც უკვე თვალისთვის ხილული აღარ იყო - რონალდოს დრო და რეალობა ვერ აჩერებდა. კიჭა სხვაგან იყო, თან ძალიან.

და უცებ მუხლი...

ეს არის ისტორია, რომლის დასასრულიც შეცვალეს და სცენარიდან გამომდინარე მოვლენები უსამართლოდ განვითარდა. მას სხვა დასასრული აქვს, კარგია, მაგრამ დასაწყისს ფინალი „ვერ უქაჩავს".

ამბავი, რომელსაც ამდენი წელია ასეთი დიდი სიყვარულითა და ტკივილით იხსენებენ, მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს და იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ეს იყო დიადი ისტორია, სცენარი, რომელიც ფენტეზის ჟანრს მიეკუთვნებოდა, მაგრამ მოულოდნელად ტრაგიკულად დასრულდა.

როგორ შეიძლება ტრაგიკული ვუწოდოთ ამბავს, რომელიც მუხლის უმძიმესი ტრავმის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობით დაგვირგვინდა?

ჩემთვის ტრაგედიაა, რომ გუგლის ველში ლათინური ასოებით Ronaldo-ს ვწერ და შედეგად სხვა ფეხბურთელს, სხვა ისტორიას ვიღებ, რომელიც ასევე შთამბეჭდავია და ოქროს ასოებით არის დაწერილი, მაგრამ ფეხბურთით „მოწამლული" 90-იანელი ბიჭი, გუგლის პირველ გვერდზე კიჭაზე ვერაფრის ნახვის შემდეგ არსებულ რეალობას ტრაგედიას ვუწოდებ.

Ronaldo (Brazilian footballer) - აი ასე უნდა ჩავწერო და შემდეგ მივიღებ იმ ინფორმაციას, რაც მინდოდა.

ჩემს თავზე მეცინება. ცხოვრებაში ყველა ცდება, ყველა და ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ბავშვობაში სრული სერიოზულობით მჯეროდა, რომ ზიდანი რონალდოზე დიდი იყო. ბრაზილიას არასდროს ვქომაგობდი და ალბათ ამ აზრზე ყოფნის მიზეზი გარკვეულწილად ესეც იყო.

ზიზუ დღემდე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს კუმირად რჩება, რომელმაც სხვათაშორის ფეხბურთი შემაყვარა. მაგრამ წლების გასვლის შემდეგ, ალბათ ობიექტურობაც მომემატა. შეიძლება ვიღაცისთვის ახლაც არ ვიყო ობიექტური, ამაში უცნაური ან საწყენი არაფერია, თუმცა წლების შემდეგ გავიაზრე და მივხვდი, რომ კიჭა სხვაგან იყო.

ბევრი ფეხბურთელია, რომლის გამოც ფეხბურთი მიყვარს, ძალიან ბევრი. მგალითად, დენის ბერგკამპის მოძრაობები ჩემთვის ენით გამოუთქმელი სიამოვნება იყო, თუმცა სულ 3 მოთამაშეა, ვისი ყურების დროსაც რეალობის შეგრძნებას ვკარგავდი და არ მეგონა, რომ რამე ადამიანურს ვუყურებდი (ვუყურებ). მარადონა, რონალდო და მესი. მათი შესრულებით იმას ვხედავ, რისთვისაც დეხბურთის გვერდით სპორტის სხვა სახეობებს არასდროს დავაყენებ.

რონალდინიოც ჭკუიდან მშლიდა და ბევრი რამ ყველაზე უკეთაც იცოდა, გამოსდიოდა კიდეც, თუმცა ყოველგვარი უიღბლობებისა და ხელის შეშლის გარეშე, ადამიანური სისუსტეები გამოიჩინა და მაგიას ნაადრევად უღალატა. ეს სხვა ისტორიაა და ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

და ისევ რონალდო. მარადონამ თავისი კარიერა დაასრულა, უკვე ამქვეყნიური ცხოვრებაც დაასრულა. თავისი მოიგო, მეტიც შეეძლო და მეტიც ეკუთვნოდა, უსამართლოდაც მოექცნენ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ დიეგოს ყურების შემდეგ რაიმე დაგვაკლდა. ეს სრულყოფილი ისტორიაა.

მესიც - ლეოს ისტორიაც უკვე თითქმის შეკრულია, ბოლო თავები იწერება და მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნს მსოფლიო ჩემპიონობის აღმნიშვნელი ფურცელი აკლია, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მესის კარიერამ ზღაპრული სიამოვნება არ მოგვანიჭა. ესეც სრულყოფილი ისტორიაა, რომელსაც ახლაც ვუყურებთ.

მაგრამ რონალდო... ჩემს ამ დიდ სამკუთხედს სამწუხაროდ ვერასდროს ექნება სრულყოფილი ფორმა, რადგან კიჭას ისტორია ისე არ წარიმართა, როგორიც უნდა ყოფილიყო.

ან იქნებ კიჭამ სხვა არჩევანი გააკეთა, როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენე და მისი კარიერა სხვა მიმართულებით წავიდა. იქნებ სადღაც პარალელური სამყარო არსებობს, სადაც რაღაც სხვანაირად მოხდა, სადაც კიჭას მუხლი დღემდე ისეთივე ბუნებრივი აქვს, როგორიც 1976 წლის 18 სექტემბრიდან ჰქონდა, როცა რიო დე ჟანეიროში ნელიო ნაზარიო დე ლიმასა და სონია დოს სანტოს ბარატას ოჯახში დაბადებისას ჰქონდა.

იქ, სადღაც პარალელურ რეალობაში კიჭას კარიერა სრულყოფილია, არანაირი მეტალი მუხლში, არანაირი ჭარბი წონა და ევროპიდან უმოტივაციოდ, ჩემპიონთა ლიგების მოგების გარეშე წასვლა. ბევრი ოქროს ბურთი და ბევრი რეკორდი, რომლებიც დღემდე დაუმხობელია.

პარალელური სამყაროს გუგლში რონალდოს ჩაწერისას გვიგდებს - Ronaldo The Greatest ან რაღაც მსგავსი შინაარსის სათაური.

რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამხოს მესიმ და კრიშტიანუმ, რამდენად დიადი არ უნდა იყოს მარადონა და პელე, მე და კიდევ ბევრი ჩვენგანი ყოველთვის სხვა აზრზე ვიქნებით და ყოველთვის გვექნება სათმქელი - რა იქნებოდა, თუ...

ფანტაზიის უნარი, წარმოსახვა, რეალობა - სანამ სამყარო და ფეხბურთი იარსებებს იქამდე შეგვეძლება ოცნება, ფიქრი, მარჩიელობა, ვარაუდები, იმის შესახებ თუ როგორი იქნებოდა რონალდოს კარიერა, რომ სრულყოფილად წარმართულიყო...?

„მოედანზე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნების სურვილი და ჩემი დამოკიდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამიყენებია. 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთის კიდევ ერთხელ სათამაშოდ მაქსიმუმს გავიღებდი. ერთადერთს, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი, მედიცინა გახლდათ. წარმოდგენა არ მქონდა იყო თუ არა მკურნალობის მეთოდი, რომელიც სასწაულს მოახდენდა და მოედანზე დაბრუნებაში დამეხმარებოდა. ექიმი ან ფიზიოთერაპევტი არ ვარ და არც სამედიცინო განათლება მიმიღია, მაგრამ ჩემი ტრავმებისგან ბევრი რამ ვისწავლე. რეალობა ის იყო, რომ ჩემი მოედანზე დაბრუნება სასწაული იყო. სასწაული, რომელიც ალბათ ბოლომდე ბრძოლის დამსახურება გახლდათ“.

- ამბობს კიჭა.

რონალდომ სასწაული შეძლო და ისეთი სიტუაციიდან გამოძვრა, დაბრუნდა, რომლიდანაც ალბათ ვერავინ დაბრუნდებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისევ იგივე კითხვა მიჩნდება - რა მოხდებოდა, რომ არა ის ტრავმა? სამწუხაროდ პასუხი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვის უნარში უნდა ვეძებოთ...

„კრიშტიანუსა და მესის ხანგრძლივი კარიერა აქვთ. ისინი უკვე 15 წელია დომინირებენ. თუმცა, თუ საუბარი გვაქვს ნიჭსა და შესაძლებლობებზე, რონალდოს არავინ სჯობს. ვინც კი ოდესმე მოედანზე მინახავს რონალდო საუკეთესოა. ტრავმებმა მისი კარიერა შეიწირა, რომელიც შესაძლოა გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო. 19 წლის რონალდოს ნიჭი რაღაც გასაოცარი იყო".

- ამბობს ჟოზე მოურინიო, რომელმაც ნამდვილად იცის რასაც ამბობს, რადგან მას კიჭასთან პირდაპირი შეხება ჰქონდა.

ვიღაცისთვის რეალობა და ციფრები საკმარისია, ჩვენ მეოცნებეებს კი საზღვრები არასდროს გვქონია, ჩარჩოებს არასდროს ვცნობდით ისევე, როგორც რონალდოსთვის არ არსებობდა არანაირი ჰორიზონტი ან თამასა, რომელსაც თავის თავს დაუწესებდა, აკმარებდა...

რონალდო! კრიშტიანუს გარეშე - ისტორია, რომლის გამოც რეალობის გადატვირთვა ღირს და სიამოვნებით მივიღებ წითელ აბს, რომ გამოვიღვიძო და სხვა რეალობა დამხვდეს.

ბოლოს კი კიჭაზე ამ ვიდეოს გიტოვებთ, რომლის ბოლომდე ნახვას გირჩევთ.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში