ჭიკაძის ბრწყინვალე გამარჯვება - ნინძამ ბარბოზა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა
Aa
Aa

ჭიკაძის ბრწყინვალე გამარჯვება - ნინძამ ბარბოზა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა გამართა და მე-7 გამარჯვება მოიპოვა. „ნინძა“ UFC Vegas 35-ის მთავარი მოვლენის ეგიდით, ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და მეტოქე მე-3 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მებრძოლებმა ჩხუბი ფრთხილად დაიწყეს და პირველი რაუნდის შუაწელს, ინიციატივას გიგა დაეუფლა. ჭიკაძე დისტანციას იცავდა, მეტოქეს ზუსტი კომბინაციების განხორციელებას ურთულებდა და ეფექტურად უტევდა. „ნინძამ“ რამდენიმე ძლიერი დარტყმა შემოგვთავაზა და პირველი რაუნდი ბარბოზაზე უკეთ ჩაატარა. მეორე რაუნდში, ბრაზილიელი გააქტიურდა, მცირე უპირატესობასაც ფლობდა და ფეხით რამდენიმე ძლიერი დარტყმა განახორციელა.

მესამე რაუნდი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, „ნინძამ" შესანიშნავად ჩაატარა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რამაც ბარბოზას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბრაზილიელმა მაქსიმუმი გააკეთა, რათა ბრძოლა გაგრძელებულიყო, თუმცა ჭიკაძემ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. გიგა აქტიურ იერიშებზე გადავიდა, ბრწყინვალე კომბინაციები გამოიყენა და შეხვედრის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, ბრძოლა შეეჩერებინა.

ამრიგად, ჭიკაძემ კარიერაში მე-14 და UFC-ში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველ მებრძოლს რეიტინგში წინსვლა გარანტირებული აქვს და სავარაუდოდ, მისი მომდევნო მეტოქე დივიზიონის ტოპ 5-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები