ჩაწყობილ მატჩში 1-5 უნდა წაეგოთ - მცველმა განზრახ 2 ავტოგოლი გაიტანა
Aa
Aa

ჩაწყობილ მატჩში 1-5 უნდა წაეგოთ - მცველმა განზრახ 2 ავტოგოლი გაიტანა

განის პრემიერ ლიგაში გამართულმა მატჩმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. „აშგოლდმა“ „ინტერ ალიესი“ საშინაო არენაზე 7-0 დაამარცხა და ბოლო ორი გოლი საკუთარ კარში სტუმართა გუნდის მცველმა, ჰაშმინ მუსამ გაიტანა, თანაც ეს განზრახ გააკეთა და მისი ქმედებების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

შეხვედრის შემდეგ, მუსამ საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა. განელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მატჩი ჩაწყობილი იყო და ასე იმიტომ მოიქცა, რომ წინასწარ შეთანხმებული ანგარიში არ დაფიქსირებულიყო. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, „ინტერ ალიესს“ ზუსტი ანგარიშით, 1-5 უნდა წაეგო. 78-ე წუთზე მუსას გუნდი 0-5-ს აგებდა და ბოლო წუთებში გოლი უნდა გაეტანა, თუმცა ჰაშმინი სხვა აზრზე იყო და საკუთარ კარში ორი ბურთი შეაგდო.

„მწვრთნელს დავპირდი, რომ თუ შეცვლაზე შემიყვანდა ფსონის ავტორებს საქმეს გავუფუჭებდი. სასტუმროში ყოფნისას გავიგე, რომ ფსონი ზუსტ ანგარიშზე გააკეთეს და ჩემს გუნდს 1-5 უნდა წაეგო. მატჩების ჩაწყობას ვგმობ და ასე სწორედ ამიტომ მოვიქეცი“.

განის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ადგილობრივ პრესაში კი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი გამოცემის მიხედვით, მუსამ ფსონის განთავსება ვერ მოახერხა, გაბრაზდა და 2 ავტოგოლი სწორედ ამიტომ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები