წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნულ ნაკრებში თამაშს შეძლებს
Aa
Aa

წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნულ ნაკრებში თამაშს შეძლებს

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს.​ კიევის დინამოს 20 წლის ფეხბურთელს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. 

ინფორმაციასა და ფოტომასალას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გიორგი წიტაიშვილის პირველი კომენტარი

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, ეროვნულ ნაკრებში გამოძახება რომ დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა.

ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო.

ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ, გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები".

წიტაიშვილს სხვადასხვა პერიოდში უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს კი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გიორგიმ პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის „დინამოში" დაიწყო, 2020-21 წლების სეზონში კი იჯარის წესით პოლტავის „ვორსკლაში" ასპარეზობდა.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები