ჯოკოვიჩს მარეიც მიყვა - "ავსტრალიის ღია პირველობა" 2 მთავარი ფავორიტის გარეშე დარჩა!
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ბრიტანელი, ენდი მარეი, "ავსტრალიის ღია პირველობის" 1/8-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერ მიშა ზვერევთან, მოულოდნელად, 5:7 7:5 2:6 4:6 დამარცხდა. შეხვედრა სამ საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
გერმანელმა და ბრიტანელმა სეტები გაცვალეს, ხოლო მესამე პარტიაში მიშამ ორი ბრეიკი გააკეთა და 2:1 დაწინაურდა.
მეოთხე სეტის სტარტზევე ზვერევმა მორიგი ბრეიკი შეასრულა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ენდიმ ვერაფრით ვერ მოახერხა სეტის და შესაბამისად მატჩის გადარჩენა.
მარეის გადამწყვეტ სეტში ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ენდიმ 13 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი გააკეთა, ხოლო ზვერევმა 17-დან - 8.
1/4-ფინალში ზვერევი, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.