საქართველოს ნაკრების იდენტობა და მიზნები - სანიოლის ინტერვიუ Fifa.com-თან
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების იდენტობა და მიზნები - სანიოლის ინტერვიუ Fifa.com-თან

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Fifa.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების იდენტობასა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასახულ მიზნებს შეეხო.

როგორ აღმოჩნდით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

„ჩემი სურვილი ნაკრების გაწვრთნა იყო და არა კლუბის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოფილი ფეხბურთელები მართავენ, რომელთა წინააღმდეგ გერმანიაში უამრავჯერ მითამაშია. მათგან ჩემ მიმართ არსებული ნდობა თავიდანვე ვიგრძენი და მიღებულ წინადადებას უდიდესი სიხარულითა და ამბიციური მიზნებით დავთანხმდი“.

სამწვრთნელო კარიერა საფრანგეთის 20-წლამდე გუნდში დაიწყე და ასისტენტის ფუნქციები შეითავსე. შემდეგ 21-წლამდე გუნდში გადახვედი, რასაც ბორდოში გატარებული ორი სეზონი და ბაიერნის თავკაცის ასისტენტობა მოჰყვა. სანაკრებო ფეხბურთში დაბრუნებისკენ რამ გიბიძგა?

„საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობით უდიდესი სიამოვნება მივიღე. სანაკრებო ფეხბურთის სისტემა შემეფერება და მინდოდა, ეს კიდევ ერთხელ გამომეცადა. ვიმყოფები ქვეყანაში, რომელსაც განვითარების გაგრძელება სურს და შემიძლია, ამ პროცესში სასარგებლო როლი შევითავსო. ჩემთვის აქ მუშაობა საშუალო ხანგრძლივობის პროექტია, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გრძელვადიანი პროექტები უბრალოდ არ არსებობს“.

როგორ ხასიათზე დაგხვდა ეროვნული გუნდი და ქვეყანა, როცა საქართველოში ჩახვედი?

„უდიდესი იმედგაცრუება და სევდა ვიგრძენი, როცა ვნახე, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური პლეიოფის ფინალში დათმო, თუმცა ამან გვიჩვენა, რომ ამ დონის ტურნირზე გასვლა შესაძლებელია და გუნდს ამის პოტენციალი აქვს. უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩნდება და მათთან პირადად მუშაობა ყოველთვის სასარგებლოა, რადგან მათ პროგრესს საკუთარი თვალით ხედავ. ეს პროექტი მომწონს, რადგან სათანადო დროს გამოჩნდა და გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს, საკმაოდ რეალისტურია. ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მაგრამ როგორც ფედერაციას, ისე გუნდს, სურვილი აქვს, რომ პროგრესი გაგრძელდეს“.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კონკრეტული მიზანი გაქვთ?

„არა, კონკრეტული მიზანი არ დაგვისახავს, რადგან მშვენივრად მოგვეხსენება, რომ რთულ ჯგუფში ვიმყოფებით და ესპანეთისა და შვედეთის სახით ჩვენზე ბევრად გამოცდილი მეტოქეები გვყავს. ასე ვიტყვი - ჩვენი მისია სხვებისთვის კვალიფიკაციის გართულებაა და ამისთვის სათანადო დონის გუნდი და ამბიციური ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. ამიტომ, ლიმიტის დაწესება საჭირო არ იყო. გვინდა, მოწინააღმდეგის მიუხედავად, ჩვენი სათამაშო სტილი და იდენტობა გვქონდეს“.

როგორ დაახასიათებდით თქვენს იდენტობას?

„ეროვნული ნაკრების ამოცანა თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტაციაა. ფეხბურთელები თავდაჯერებულნი უნდა იყვნენ, ირწმუნონ, რომ მაღალი დონის მოთამაშეები არიან და მატჩებისას გარისკონ. საქართველოს მსგავსი გუნდი უშანსოდ იქნება, თუ არ გარისკავს. დაცვაში ვერ დავდგებით და ვერ გვექნება იმის იმედი, რომ მეტოქე შეცდება. მატჩებისას ამბიციური უნდა იყო და მოწინააღმდეგეს შეცდომები თავად დააშვებინო. ჩემი მოსვლის შემდეგ, ვგრძნობ, რომ კურსის შეცვლა ყველას სურს, მაგრამ ამისთვის სასურველი შედეგებია საჭირო, რადგან თავდაჯერებულობას სწორედ ეს გმატებს. ქართველები ამაყები არიან და ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ევროპულ ასპარეზზე თავს იჩენენ, ამ გუნდის წამყვანი ძალა სწორედ ისინი უნდა იყვნენ“.

რა იქნება საქართველოსთვის წარმატებული შედეგი საკვალიფიკაციო ეტაპზე?

„მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ადგილი ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. უფრო მაღალი პოზიციის დაკავება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, განსაკუთრებით დღევანდელი პირობების გათვალისწინებით. ვგულისხმობ მგზავრობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ცარიელ ტრიბუნებს. პროფესიონალებს, რომლებიც უმაყურებლოდ თამაშობენ, უდიდეს პატივს ვცემ, რადგან ცარიელი ტრიბუნების ფონზე ასპარეზობა მსხვერპლის გაღებას მოითხოვს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები