''ემზადება ძალიან დიდი კალათბურთის სათამაშოდ'' - NBA თუ ჩამოსვლა ევროპაში?
Aa
Aa

''ემზადება ძალიან დიდი კალათბურთის სათამაშოდ'' - NBA თუ ჩამოსვლა ევროპაში?

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრეს.

ვლადიმერ ბოისა: ''ჩემი აზრით კარგი იქნება თუ სანდრო შემდეგ სეზონს ევროპაში გაატარებს. შემდეგ სეზონში ევროპაში რომ ჩამოვიდეს და კარგ გუნდში ითამაშოს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუმცა ცხადია გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს''.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული:''რამდენ პრიზზეა წარდგენილი ხომ იცით... ნეისმიტის პრიზი, კარლ მელოუნის პრიზი, სხვადასხვა პრიზებია და სანდრო ყველაში ფიგურირებს. თქვენ გაიხსენეთ სანდროს ბოლო თამაშები თბილისში, მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და სანდრომ დიდი პროგრესი აჩვენა, მან ძალიან მოუმატა.

სანდრო ემზადება იმისთვის, რომ ძალიან დიდი კალათბურთი ითამაშოს. მას ამისთვის სრულიად ყველა მონაცემი აქვს. ჩვენთვის ასმაგად სასიხარულოა, რომ ამ დონის მოთამაშე ჩვენი ნაკრების წევრი იქნება. ეს არის ამოსავალი წერტილი.

ვნახოთ, შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ სანდროზე დატაცება იყოს და NBA-ში ვიხილოთ''.

„სეტონ ჰოლის“ ქართველ მძიმე ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილს 2021 წლის Naismith Trophy-ის მოგების შანსი აქვს. ეს ჯილდო ამერიკის კოლეჯთა ლიგის წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა და პირველად ისტორიაში რჩეულთა შორის ქართველი მოხვდა.

ორგანიზაცია The Atlanta Tipoff Club-მა, რომლის მიერაცაა ეს ჯილდო დაწესებული, შუა სეზონის 30 ნომინანტი დაასახელა და „მამუ“ ერთ-ერთი მათგანია. 2021 წლის ნეისმიტის თასის მფლობელის ვინაობა 4 აპრილს, საჩემპიონო თამაშამდე ერთი დღით ადრე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 17.9 ქულას აგროვებს და Big East-ის კონფერენციაში ტოპ 15 კალათბურთელს შორის როგორც ქულების, ისე მოხსნებისა და ასისტების მხრივ იმყოფება. ნეისმიტის თასთან ერთად, მას Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელისა და კარლ მელოუნის სახელობის ჯილდოს მოგების შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები