ოდეგორი:
Aa
Aa

ოდეგორი: "არტეტას საფეხბურთო იდეები და ხედვა მომწონს"

ნორვეგიელი შემტევი ნახევარმცველი მარტინ ოდეგორი ოფიციალურად "არსენალის" წევრი გახდა. 22 წლის ფეხბურთელი ლონდონში მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩება. მარტინმა 11 ნომრიანი მაისური მოირგო.

ლონდონში ჩაფრენიდან სულ მალე ოდეგორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "აქ ჩამოსვლამდე არტეტას ვესაუბრე და "არსენალში" გადმოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიკელი უმაღლესი დონის მწვრთნელს ჰგავს. მისი საფეხბურთო ხედვა და იდეები ძალიან მომწონს."

თავისმხრივ ოდეგორზე ესპანელმა სპეციალისტმაც ისაუბრა: "სასიხარულოა, რომ მარტინმა ჩვენ აგვირჩია. ის აქ სეზონის ბოლომდე იქნება. ოდეგორი ჯერჯერობით ახალგაზრდაა, თუმცა უმაღლეს დონეზე უკვე თამაშობს. მისი გადმოსვლა შეტევას საკმაოდ გააძლიერებს."

მიკელ არტეტას გუნდში "სამეფო კლუბის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დანი სებალიოსი ასპარეზობს. მარტინის "რეალიდან" წასვლის მიზეზი კი არასაკმარისი სათამაშო წუთები იყო. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა "ბლანკოსიდან" წასვლა თვითონ მოითხოვა.

22 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "რეალ სოსიედადის" რიგებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მადრიდში დაბრუნების მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ცნობისთვის, ზინედინ ზიდანს პირადად სურდა ნორვეგიელის "ბლანკოსში" ხილვა.

სეზონის დასაწყისში ოდეგორი ხშირად გვევლინებოდა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ყველაფერი გართულდა. პრობლემები ტრავმის მოშუშების შემდეგ დაიწყო. მარტინი სრულ მზადყოფნაში იყო, მაგრამ ფრანგი თავკაცი მას აღარ ენდო და რეალურად ახალგაზრდა ნორვეგიელი ღრმა სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში მარტინ ოდეგორმა მადრიდის "რეალის" მაისური მხოლოდ 11-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები