''ჩემი ოცნება რეალში თამაშია'' - ''მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო''
Aa
Aa

''ჩემი ოცნება რეალში თამაშია'' - ''მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა. 19 წლის ტალანტის ოცნება მადრიდის ''რეალში'' თამაშია. მაკედონიასთან მარცხით იმედგაცრუებულია, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

ხვიჩა კვარაცხელია: ''ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემს ცხოცრებაში პირველი იყო. ძალიან მინდოდა საქართველოს ნაკრებს დავხმარებოდი, მაგრამ ასე დაემთხვა, საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთი დღის შემდეგ კორონავირუსი დამიდასტურდა. ოთახიდან აღარ უნდა გამოვსულიყავი და თამაში არ შემეძლო. მართლა არ ვიცი კორონავირუსი საიდან გადამედო.

არ მაქვს იმის თქმის უფლება თუ რა დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რადგან ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს, მაგრამ ვფიქრობ საქართველოს ნაკრებს ასეთი შანსი კიდევ ექნება და ამ ოცნებას ავიხდენთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მოსალოდნელი იყო, რომ ძალიან მაღალი დონის გუნდები შეგვხვდებოდა.

ჩემი განსახილველი არაა თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მთავარია ჩვენმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

ბავშვობიდან მადრიდის ''რეალში'' თამაშზე ვოცნებობდი. ახლაც ასეა, თუმცა ევროპაში ბევრი ძლიერი ჩემპიონატია. ჩემი ოცნებაც ესაა, რომ ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატში მოვხვდე.

რუსეთში მხოლოდ ''რუბინში'' ვითამაშებ. სხვა რუსულ კლუბში თამაშს არ ვაპირებ. ჩემს ტრანსფერზე განხილვები ახლაც მიდის, თუმცა ყველაფერს დრო გვანახებს. კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაკავშირებს''.

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. "დინამო არენაზე" მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა, თანაგუნდელთა სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გორან პანდევმა დაასრულა. ამ გამარჯვებით სტუმრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს, ქართველებმა კი ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას ფინალურ მატჩში არ უთამაშია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები