Aa
Aa

"ასე არ შეიძლება, იგი ფიფა-სგან დისკვალიფიკაციას მიიღებს" - მესის ახალი პრობლემა

ლიონელ მესის შესაძლოა ფიფა-სგან პრობლემები შეექმნას. ცნობილია, რომ მესიმ კონტრაქტის გაწყვეტა ნაადრევად მოითხოვა. სპორტული ადვოკატი ნიკ დე მარკო Sky Sports-თან საუბრისას ამბობს, რომ ლიონელის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სახის რისკი, რომელიც მესიმ უნდა გაითვალისწინოს.

"ფიფას წესებში წერია, რომ ფეხბურთელს თავისი სურვილით ხელშეკრულების გაწყვეტა და სხვა კლუბში გადასვლა არ შეუძლია. ასეთ ქმედებას გარკვეული სანქციები მოჰყვება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ესპანეთის, არგენტინის ან იტალიის კანონი, ეს არის ფიფა-ს წესი, რომელიც არც ერთმა ფეხბურთელმა არ უნდა დაარღვიოს. იმ შემთხვევაში თუ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ შეუძლიათ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართონ.

განვმარტავ კიდევ ერთ საკითხს. ფეხბურთელი, რომელიც თავისი ნებით გაწყვეტს კონტრაქტს და სხვა კლუბში სათამაშოდ გადავა, მას ფიფა დაარეგისტრირებს, როგორც ახალ ფეხბურთელს სხვა გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ მას აუცილებლად აეკრძალება რამდენიმე თვით ფეხბურთის თამაში.

საქმე ისეთ კანონთან გვაქვს, რომ ყველაფერი შეიძლება გართულდეს. პირადად მე ვურჩევ მესის, რომ ჯერ ყველაფერი კარგად გაარკვიოს და მერე გააკეთოს ის, რაც უნდა", - განაცხადა ნიკ დე მარკომ, რომელიც 2002 წლიდან სხვადასხვა მსხვილ სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, არგენტინელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" ფაქსის საშუალებით აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება სურს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ბლაუგრანასთან" შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები