„კარგი, ცუდი და ბოროტი“ - კაცი, რომელიც დროს დაუზავდა
Aa Aa

„კარგი, ცუდი და ბოროტი“ - კაცი, რომელიც დროს დაუზავდა

ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ „ლივერპული“ თავიანთი დედამო****ლი კვარცხლბეკიდან ჩამომეგდო. დიახ, შეგიძლიათ ამის შესახებ დაწეროთ“. - სერ ალექს ფერგიუსონი თავისი ფიცხი და დაუნდობელი ხასიათით ყოველთვის ცნობილი იყო. ლეგენდარული შოტლანდიელი სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობდა და გვერდიდან მოვლა არ იცოდა - ეს მისი ერთ-ერთი დადებითი თვისება იყო.

1966-67 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მეშვიდედ გახდა. ამის შემდეგ, "მანკუნიანელებმა" მიჯრით 25 წლის განმავლობაში ტიტულის დაბრუნება ვერ მოახერხეს.

1986 წელს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი გახდა, რომელმაც ახალი გუნდის შენება დაიწყო. მიუხედავად ცვლილებებისა "იუნაიტედმა" ჩემპიონატის მოგება კიდევ 6 წელი ვერ შეძლო.

1992 წლიდან ინგლისში ფორმატი შეიცვალა და პრემიერლიგა დაარსდა. იმ წლიდან მოყოლებული ფერგიუსონის გუნდმა ჩემპიონობა 13-ჯერ შეძლო, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო შედეგი დააფიქსირა და მოსისხლე "ლივერპულს" გადაასწრო.

შეიძლება "ფერგი" ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი არ არის, თუმცა რაც მან გააკეთა - ასეთ რამეს კიდევ დიდ ხანს ვერ ვნახავთ.

ამ კაცმა ერთი კლუბის ისტორია თავიდან ბოლომდე გადაწერა და ეს, მხოლოდ მის სახელს უკავშირდება.

სიტყვა იმპერიაზე პირველ რიგში, სერ ალექსის 27 წლიანი მანჩესტერული კარიერა მახსენდება.

დღეს, ამ უნიკალურ პიროვნებაზე ვისაუბრებ და შევეცდები, ის კიდევ უფრო შეგაძულოთ, ან შეგაყვაროთ. ფერგი ხომ ასეთი იყო - „კარგი, ცუდი და ბოროტი“ - მასში ყველა ეს თვისება იყო თავმოყრილი, თუმცა ისინი ყველა ადამიანზე ერთნაირად როდი ვრცელდებოდა. სერ ალექსი ზოგისთვის კარგი იყო, ზოგისთვის ცუდი, ზოგისთვის კი სულაც ბოროტი. შოტლანდიელი, სერჯიო ლეონეს ლეგენდარული ფილმივით განსაკუთრებულია და თავისი უნიკალურობით ცალკე დგას.

ფერგის მიდგომა - როგორ წვრთნიდა ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად

ამ ადამიანმა თაობები აღზარდა და ისინი არამარტო კარგ ფეხბურთელებად აქცია, არამედ ნამდვილ პიროვნებებად და პროფესიონალებად ჩამოაყალიბა.

ფერგის გუნდში საქმეს ზერელედ ვერ მოეკიდებოდი. ახალი ვარცხნილობა და სპორტული მანქანა? გამორიცხული იყო, სანამ სერ ალექსის მითითებებს არ შეასრულებდი და მოედანზე შენსას არ დაამტკიცებდი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ის ყველაფრის უფლებას მოგცემდა, თუმცა ზომიერად.

სერ ალექსის მიდგომებისა და მისი საფეხბურთო ხედვების ყველაზე მარტივად აღსაქმელად ორ ისტორიას მოვიყვან - პატრის ევრასა და ლუიშ ნანის მონაწილეობით...

ევრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ გვერდთან პოდკასტისას კლუბში გატარებული დრო გაიხსენა და სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ ერთი უცნობი ისტორია მოყვა.

„ფერგიუსონმა ჩვენ ყველას გვასწავლა, თუ როგორ დავმსგავსებოდით რობოტებს. როდესაც მატჩებს ვიგებდით, როცა რამე კარგს ვაკეთებდი, თავს კმაყოფილად არ ვგრძნობდი. ეს ჩემთვის რაღაც ნორმალური იყო.

ყოველთვის ვამბობ, რომ დეშამმა გამარჯვება მასწავლა, ეს მნიშვნელოვანია. ფერგიუსონმა კი მასწავლა, რომ გამარჯვება ნორმალურია.

წინასასეზონო სამზადისი გვქონდა. მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილები ვიყავით. ავტობუსში ვიმყოფებოდით. იქვე ქომაგთა რიგი იდგა. ფეხბურთელებს ერთი წესი გვქონდა - თუ გულშემატკივრებს ავტოგრაფს არ ვაძლევდით, ეს ნიშავდა, რომ ხელი არავის უნდა მოეწერა.

ფანჯრიდან ავტობუსის გასწვრივ ვიყურები და რას ვხედავ - ალექს ფერგიუსონი დგას და ყველა მათგანს ავტოგრაფს აძლევს. გეფიცებით, ის მთელი 45 წუთი იდგა და ავტოგრაფებს არიგებდა.

როცა ფერგიუსონი ავტობუსში ამოვიდა  გვითხრა - „რა ჯანდაბაზე ფიქრობთ?! ეს ხალხი გიხდით ხელფასს. ეს ადამიანები მოდიან, რომ თქვენი თამაში ნახონ. ახლა ჩაეთრიეთ ქვემოთ და თითოეულ გულშემატკივარს ავტოგრაფი მიეცით. ეს იყო ფერგის მენტალიტეტი“.

ვარსკვლავური იმიჯის ზედმეტად მორგება ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელისთვის დამღუპველია და შემდეგ, ის მის კარიერაზეც ახდენს გავლენას. ფერგი თავის ბიჭებს ამის უფლებას არ აძლევდა.

სერ ალექსი მეტოქეებისთვის საძულველი ადამიანი იყო, რადგან ის მათ საშინელ დღეში აგდებდა. თუ, შენ მისი გუნდის წევრი იყავი, ან უბრალოდ „მანჩესტერს“ ქომაგობდი, ასეთ შემთხვევაში შოტლანდიელს აუცილებლად გააღმერთებდი. ნეიტრალურ ადამიანებს შორის კი აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილს ის არ მოსწონს, თუმცა მეორე და უფრო დიდი ნაწილი ფერგის აფასებს და ეს ასეც უნდა იყოს.

ის კარგიც იყო, ცუდიც და ბოროტიც - რადგან საქმეს ასე სჭირდებოდა და საჭირო იყო ხალხს მისი პიროვნება სამივე მხრიდან დაენახა.

გონებრივი თამაშები - როგორ კლავდა ფერგი მეტოქეებს ფსიქოლოგიურად

მან პრემიერლიგა 27 წელიწადში 13-ჯერ მოიგო და ამით უნიკალური რამ გააკეთა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი ტაქტიკა და გუნდი კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ უძლური იყო. ამ შემთხვევაში „ბარსელონასთან“ წაგებულ ორ ფინალს არ ვგულისხმობ, საუბარია პრემიერლიგაზე.

სერ ალექსი მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა და მის საათივით აწყობილ საქმეს, წამებში ნაგვის გროვად აქცევდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი რაფაელ ბენიტესის „ლივერპულია“...

2008-09 წლების სეზონი „იუნაიტედმა“ უჩვეულოდ ცუდად დაიწყო. ეს ამბავი 2009 წლის იანვარში მოხდა. პრემიერლიგის ცხრილს „ლივერპული“ ლიდერობდა.

„მანკუნიანელები“ მეორე წრის დაწყების წინ, ლიდერ „ლივერპულს“ და მეორედადგილოსან „ჩელსის“ ჩამორჩებოდნენ და თითქოს პრემიერლიგის მთავარ ფავორიტად ისინი არ უნდა ჩათვლილიყვნენ.

ბენიტესის გუნდი, ტორესისა და ჯერარდის ლიდერობით ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ერთი შეხედვით ნანატრი ტიტულიც უნდა მოეგო, მაგრამ დადგა 9 იანვარი...

„სტოკთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რაფა ბენიტესს ჟურნალისტებმა არა მისი გუნდის დამაჯერებელ თამაშზე, არამედ ალექს ფერგიუსონის მორიგ კომენტარზე ჰკითხეს.

ფერგიუსონმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ლივერპულს“ აუცილებლად დაეწყებოდა ჩავარდნა. ბენიტესმა ეს კითხვა ზედმეტად ემოციურად მიიღო და ფერგის მიერ დაგებულ მახეში ადვილად გაება. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ის კონკურენტის შეფასებებს პრაქტიკულად ყოველთვის ისმენდა და კითხულობდა, რამაც იგი ფსიქოლოგიურად მოშალა.

ესპანელმა სპეციალისტმა უცებ ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და ფაქტებზე საუბარი დაიწყო. ის ფერგიუსონს აკრიტიკებდა, თუმცა აშკარა შესამჩნევი იყო, რომ ბენიტესი ძალიან ნერვიულობდა. ესპანელი პრესის მხრიდან მსგავს კითხვას ელოდა და როგორც ჩანს, ამისთვის ემზადებოდა კიდეც.


წლების შემდეგ, თავის ავტობიოგრაფიულ წინგში სტივენ ჯერარდმა დაწერა, რომ ტელევიზორში ამ მომენტის ნახვის შემდეგ, მაშინვე მიხვდა - გუნდი უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცეოდა.

მეორე დღეს, „მერსისაიდელებმა“ „სტოკთან“ სტუმრად ნულოვანი ფრე დააფიქსირეს, რამაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მათი გადასწრების შანსი მისცა. ფერგის ბიჭებმა „ჩელსის“ მარტივად 3-0 მოუგეს და „ლივერპულის“ ოცნების დამსხვრევა დაიწყეს.

„ვფიქრობ, ის გაბრაზებული ადამიანია. მან რაღაცის შესახებ სულ უნდა იწუწუნოს. თავისი შხამი უნდა გადაყლაპოს. იმედი მაქვს, ის მიხვდება რომ მისი სიტყვები აბსურდია“. - ასე „ამკობდა“ ხოლმე სერ ალექსი რაფა ბენიტესს.

ფერგიმ ყველაფერი იცოდა - 27 წელი და 4 ხელშეუხებელი

ფერგიუსონი უხეში და დაუნდობელი იყო, როცა შენ მის დავალებას არ შეასრულებდი, ან უბრალოდ არაპოროფესიონალურად მოიქცეოდი. ეს ყველამ იცოდა და მის მიმართ შიშიც სწორედ აქედან მოდიოდა.

მას ხასიათის პრობლემა არ ჰქონია და არც ფსიქოლოგიურად სჭირდა რამე. საქმე სხვაგვარად იყო - ვინც მას უსმენდა, ის საბოლოოდ იგებდა.

ფერგიმ კარგად იცოდა, რომ არსებობდნენ განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები ჰქონდათ და მატჩზე გავლენის მოხდენა მარტოს შეეძლოთ. ასეთ მოთამაშეებს, ის რაღაცებს პატიობდა და მათ მიმართ რისხვას არასდროს ავლენდა.

27 წლიან ეპოქაში სულ იყო 4 ფეხბურთელი, რომლებიც ხელშეუხებლის სტატუსით სარგებლობდნენ. ამის შესახებ რაიან გიგზი საუბრობს და მათ სახელებს გვიმხელს:

„იყო სამი, ან ოთხი მოთამაშე, რომელსაც „ფერგი“ არასდროს აკრიტიკებდა. პირველი ასეთი ერიკ კანტონა გახლდათ, ასევე ბრაიან რობსონი, როი კინი და კრიშტიანუ რონალდუ. ისინი, მატჩების მოგებას თავიანთი ნიჭით ახერხებდნენ".

ყველა ადამიანი თანასწორია, თუმცა ყველა ფეხბურთელი არა. ფეხბურთს თავისი წესები აქვს და მას ყველა ემორჩილება, გამონაკლისი არც ფერგი ყოფილა.

ფერგი ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს იშვიათად ყიდულობდა

სერ ალექსს, როგორც კი, საშუალება მიეცემოდა, გუნდში ახალგაზრდებს აწინაურებდა და იყო შემთხვევები, როცა მათ საზღვარგარეთაც ეძებდა.

ის, ასევე პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებსაც აკვირდებოდა. ოღონდ არჩევდა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მისი აზრით, ნდობას იმსახურებდნენ, განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ და მანჩესტერში დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდნენ. მაგალითად, გარი პალისტერი, სტივ ბრიუსი, უეინ რუნი, რიო ფერდინანდი და რობინ ვან პერსი.

ფერგიუსონს ყოველთვის უნდოდა, უცხოელი ამომავალი ვარსკვლავი შეეძინა, რომელთანაც მუშაობა შეეძლებოდა და მას უმაღლესი დონის ფეხბურთელად აქცევდა. მაგალითად, ნემანია ვიდიჩი, პიტერ შმეიხელი, პატრის ევრა, კრიშტიანუ რონალდუ და ოლე გუნარ სულშერი.

ფერგი ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს იშვიათად ყიდულობდა.

ფეხბურთელთა გასხვისებას რაც შეეხება, ამ მხრივ ფერგიუსონი შეუბრალებელი იყო. იგი ყიდდა ყველას, ვინც სათანადოდ კარგი არ იყო, ან კონტროლის მისეულ მეთოდებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. სერ ალექსისთვის შემადგენლობის რადიკალურად გადახალისება მიუღებელი იყო. „მანჩესტერს“ ყოველთვის 6-7 ახალგაზრდა, 10 საშუალო ასაკის და 3-4 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი ჰყავდა.

ეს მიდგომა გრძელდებოდა 27 წლის მანძილზე და ამას შედეგი თითქმის ყოველთვის მოჰქონდა. თითქმის იმიტომ, რომ ამქვეყნად სრულყოფილი არაფერია.

გუნდი ყოველთვის ყველაზე მაღლა დგას, თუმცა გამონაკლისი ყველაფერშია

აბსოლუტურად სწორი მიდგომა და მოსაზრებაა, რომ კლუბზე მაღლა თავი არავინ უნდა დააყენოს. როცა ასეთი რამ ხდება, ამ დროს მხოლოდ ერთი ზარალდება - გუნდი.

ფერგის ეს არასდროს მოუთხოვია, ან უთქვამს, მაგრამ მისმა 27 წლიანმა ეპოქამ ის ქალაქ მანჩესტერში (და არამარტო) ყველაზე გავლენიან ადამიანად აქცია. სერ ალექსი დროის ამ მონაკვეთში თავად იყო „იუნაიტედი“.

მან, კლუბისთვის იმდენი და იმ მნიშვნელობის სამუშაო გასწია, რომ მისი ინტერესები გუნდის ინტერესებად იქცა.

ეს იყო მომენტი, როცა ერთი ადამიანი იყო მთელი კლუბი და მთელი კლუბი ასოცირდებოდა ერთ ადამიანთან.

ამ საუკუნეში იგივეს თქმა ლეო მესიზე შეგვიძლია. რაც მან „ბარსელონასთვის“ გააკეთა - ერთ ფეხბურთელს ერთი კლუბისთვის ამდენი არასდროს გაუკეთებია. ფერგიუსონის მსგავსად არგენტინელმაც კლუბის ისტორია თავიდან ბოლომდე გადაწერა და ის ახალ საფეხურზე აიყვანა. სწორედ ეს გააკეთა სერ ალექსმა „ოლდ ტრაფორდზე“.

მისი წასვლის შემდეგ, „იუნაიტედი“ რასაც დაემსგავსა ყველანი ვხედავთ. გუნდი პრემიერლიგისთვის ბრძოლაში აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს.

„მანკუნიანელები“ ფერგის წასვლას მოუმზადებლები შეხვდნენ... ეჭვი მაქვს, იგივე ბედი ელის „ბარსელონასაც“, როცა მათი „ფერგიუსონი“ კარიერას დაასრულებს...

დაუნდობელი კაცი, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერზე მიდიოდა

როგორ გამოიყვანა წყობიდან რაფაელ ბენიტესი - ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ. ფერგი პრემიერლიგაში ყველაფერს ტოტალურად აკონტროლებდა. მან, იცოდა რა ხდებოდა სხვა გუნდებში, როგორ მოექცია მსაჯები მისი გავლენის ქვეშ, როგორ დაეთრგუნა ფსიქოლოგიურად კონკურენტები და რა დროს, როგორ ესაუბრა თავის ფეხბურთელებთან.

„მახსოვს მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში სადებიუტო სეზონს ვატარებდი და იყო მომენტი, როცა პრემიერ ლიგაში მეორეადგილოსანს 15 ქულით ვუსწრებდით. შემდეგ სიტის ვუმასპინძლეთ, 2-1 დავმარცხდით და ჩვენი უპირატესობა 12 ქულამდე შემცირდა. მთავარი მწვრთნელების უმრავლესობა ამისგან ტრაგედიას არ შექმნიდა, მაგრამ ფერგი წაგებამ განარისხა. ვითარება იმანაც გაამწვავა, რომ სიტისთან მარცხის შემდეგ, მანჩესტერის ორი ფეხბურთელი გასართობად წვეულებაზე წავიდა.

მატჩის მომდევნო დღეს, ფერგიმ გასახდელში ფოტოები გვაჩვენა, რომლებზეც ასახული იყო თუ როგორ ერთობოდა ის ორი მოთამაშე წინა ღამით. ამის შემდეგ შოტლანდიელმა გუნდს მიმართა: „ბიჭებო, თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ ორი პრ***ს ბრალი იქნება, რომლებმაც ღამით გასართობად წასვლა გადაწყვიტეს.

ზემოთ ხსენებული ორი ფეხბურთელის გვარებს არ გავასაჯაროვებ, სამაგიეროდ გეტყვით, რომ ფერგიმ ისინი მიწასთან გაასწორა. წარმოიდგინეთ, მას ჰქონდა ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო ისინი ღამის 2-ზე, 3-ზე და 4-ზე რას აკეთებდნენ.

ფერგიუსონი ამაზე არ გაჩერებულა. მან გვითხრა, რომ თუ ტიტულის დასაკუთრებამდე, რომელიმე ფეხბურთელი გასართობად წავიდოდა, მას გუნდის დატოვება მოუწევდა. ფერგი შეუბრალებელი იყო და ასე მოგვმართა: „არ მაინტერესებს ვინ ხარ, არ მაინტერესებს რამდენი თასი მოგიგია. თუ სეზონის დასრულებამდე გასართობად წახვალ, გაგყიდი".

ფერგიუსონის გამოსვლის შემდეგ, ორი ისეთი რთული ვარჯიში მქონდა, რომელთა მსგავსიც ცხოვრებაში არასდროს მქონია. ფერგიმ ზუსტად იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო მკაცრი და როდის - ლმობიერი“. - რობინ ვან პერსი.

ადამიანი, რომელსაც გამარჯვების დიდი სურვილი აქვს, მის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ეს „ყველაფერი“ ინდივიდუალურია და ადამიანები მას განსხვავებულად აკეთებენ.

მაგალითად, იტალიის ნაკრების სათამაშო სტილი ბევრს ნერვებს უშლიდა და „სკუადრა აძურას“ ისეთი მატჩები მოუგია, რომლის მოგებასაც შესაძლოა არ იმსახურებდნენ (ნამდვილად? სადაო თემაა), თუმცა შედეგი შედეგია და ტაბლოზე რაც წერია რეალობაც სწორედ ის არის. რეალობას კი ყველაზე ძლიერები ქმნიან.

ასევე იყო ჟოზე მოურინიოც, რომელსაც თავისი სტილი ჰქონდა. „განსაკუთრებული“ მიზანს თავისი ხელწერით აღწევდა. მასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა ისტორიაში მხოლოდ გამარჯვებულთა სახელები რჩება, მოურინიო კი სიაში აუცილებლად იქნება.

ფერგი შედეგს ყველაფერზე ტოტალური კონტროლითა და აქამდე არნახული სიმკაცრით აღწევდა. მისი გავლენა იმხელა იყო, რომ მეეჭვება მსგავსი უახლოეს მომავალში ვიხილოთ.

ბევრს ეს არ მოსწონდა, თუმცა... მოდი მარტივ მაგალითს მოვიყვან. ავიღოთ ფილმები, რომლებშიც მთავარი პერსონაჟები ყოველთვის დადებითი პიროვნებები არ არიან. დამტკიცებულია, რომ კინომოყვარულები ყველაზე მეტად უარყოფითი როლის შემსრულებელი მსახიობებით იხიბლებიან და მათ თვისებებს აღმერთებენ.

მაგალითად ავიღოთ ფილმი „კრავთა დუმილი“ და მისი მთავარი პერსონაჟი ანიბალ ლექტერი. ეს ნამუშევარი შედევრად იმიტომ იქცა, რომ უარყოფითი პერსონაჟის შემსრულებელმა ენტონი ჰოპკინსმა არნახულად მაგრად ითამაშა.

ასევეა ფერგიც - დიახ, ის ანგელოზი არასდროს ყოფილა, ბექჰემისთვის ბუცის სროლა და გახეთქილი წარბი მისი ბრალი იყო. პირიქით - ის სასტიკი გახლდათ, შედეგსაც თავისი მკაცრი მეთოდებით აღწევდა, მაგრამ ანიბალ ლექტერის მსგავსად, მანაც თავისი 27 წლიანი ეპოქა განსაკუთრებულად, სწორედ ასეთი მიდგომითა და ინტელექტით აქცია. პირადად მე სერ ალექსით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი და მისი კარიერისთვის თვალის დევნება ისეთივე სიამოვნებას მანიჭებდა, როგორსაც ენტონი ჰოპკინსის პერფორმანსი კამერების წინ.

იყო „ცუდი ტიპი“, არ ნიშნავს იმას, რომ შენ შედევრის შექმნა არ შეგიძლია. ცხოვრებაშიც ასეა - დიდი და კარგი საქმისთვის ადამიანს ცუდი რაღაცების გაკეთებაც უნდა შეეძლოს, რადგან ცხოვრება ფილმი არ არის და აქ ანგელოზები არ არსებობენ. ყველა ვინც წესის დაცვით მოქმედებს, ისტორიას არასდროს დაამახსოვრდება, რადგან წესები იმისთვის დაიწერა, რომ ისინი ხალხმა დაარღვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ რობოტები ვიქნებოდით.

დასკვნა - კაცი, რომელიც დროს დაუზავდა

„კვირა დღე იყო, მზიანი დღე, ''არსენალთან'' უნდა გვეთამაშა, ფერგიუსონის საუბარი მხოლოდ 15 წამი გაგრძელდა: ''ბიჭებო, კვირა დღეა, გარეთ მზეა, არ მინდა ვინმემ ჩემ კვირა დღეს ჩაი**ას.''

ყველამ იცოდა, რომ  ბურთი კარს არ უნდა აეცილებინათ, შეცდომა არ უნდა დაეშვათ. არავის სურდა ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაგდება. მისი კვირა დღე არ უნდა გაგვენადგურებინა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის“. - პატრის ევრა.

ფერგიუსონის ტაქტიკური მონახაზებისა და სქემების შესახებ შეგნებულად არ ვისაუბრე, რადგან ეს ისედაც ყველამ კარგად იცოდა. მინდოდა, რომ სერ ალექსის სიდიადე უფრო სხვა კუთხით წარმომეჩინა და იმედია ამის გაკეთება შევძელი.

იმ ტაქტიკური მონახაზის, შერჩეული თერთმეტეულის და განხორციელებული ცვლილებების მიღმა იმალება შრომა, რომელიც წლები გრძელდება, ნიუანსები, რომლებიც საბოლოოდ ყველაფერს განსაზღვრავს.

აბა სცადოს ვინმემ 27 წელი ერთ გუნდში გაჩერება. საერთოდ, თუ გაძლებს, ან ვინმე აცდის? ფერგიმ საწყის 6 სეზონში პრემიერლიგის მოგება ვერ შეძლო, თუმცა შემდეგ გუნდი სათავისოდ მომართა და ისტორიაში უნიკალური ეპოქა შექმნა. ასეთი რამის გამეორება რთული ბევრი რამის გამო იქნება. პირველი იმიტომ, რომ საამისოდ ფერგიუსონი, ან მისი შესაძლებლობების მქონე ადამიანია საჭირო. მეორე - დღეს, კლუბები მწვრთნელებს ბევრ რამეს არ პატიობენ და მათ პოსტს ნაადრევად ატოვებინებენ.

ფერგი იყო ერთადერთი და განუმეორებელი - თავისი ხელწერის, ხასიათის, მიდგომებისა და გადაწყვეტილებების გამო.

მას, კონკურენტი გუნდის ქომაგები ნაბიჭვარს უწოდებენ ხოლმე და მე მათი მესმის, ამაზე ზემოთ ვისაუბრე. დიახ, ის ნაბიჭვარი ფსიქოპათი იყო - ფერგი იყო კარგიც, ცუდიც და ბოროტიც. სწორედ ამის გამო, მან შეძლო და ცხოვრების მთავარი „მატჩი“ ფრედ დაასრულა. ეს ის შემთხვევაა, როცა ფრე ცალსახად გამარჯვებას ნიშნავს.

„გუნდი ფრეზე სათამაშოდ არასდროს გამიყვანია“, - მისი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იყო. მისთვის ფრე მისაღები მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა - კარიერის ბოლოს, იგი დროს დაუზავდა. დროს ვერავინ ამარცხებს, ისტორიაში რჩებიან ისინი, ვინც მასთან ბრძოლას საყაიმო ანგარიშით ასრულებენ.

ასეთი იყო სერ ალექსიც - მისმა 27 წლიანმა მოღვაწეობამ დროის ხაზში ადგილი სამუდამოდ დაიკავა და მას ვერაფერი წაშლის.

გაზიარება: