Aa
Aa

"ამას ვერავინ გადაურჩებოდა" - თვითმხილველის კომენტარი კობის ავიაკატასტროფაზე

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ერთ-ერთი თვითმხილველი ჯერი კოჩარიანია, რომელიც ტრაგედიამდე წუთებით ადრე ეკლესიის სიახლოვეს იდგა და ყავას სვამდა. 

მისი ყურადღება ვერტმფრენმა მიიპყრო, რომელიც უჩვეულოდ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და 62 წლის თვითმხილველისთვის აშკარა გახდა, რომ მექანიზმს რაღაც პრობლემა ჰქონდა.

"მექანიზმი ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ აშკარად, რაღაც რიგზე არ იყო და ვერტმფრენი დაბლა მიფრინავდა. შემდეგ დავინახე, როგორ ეცემოდა და შიშინის ხმის გამოცემა დაიწყო. ყველაფრის კარგად გარჩევა რთული იყო, რადგან ხელს ნისლი მიშლიდა.

ნისლში გაუჩინარდა, შემდეგ აფეთქების ხმა გავიგე და დავინახე, ცეცხლის დიდი ალი როგორ გაჩნდა. ამას ვერავინ გადაურჩებოდა". - კოჩარიანის ამ კომენტარს გამოცემა Los Angeles Times-ი ავრცელებს.

ლეგენდარული კალათბურთელი საკუთარი ვერტმფრენით, 8 ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა, მათ შორის ერთ-ერთი მისი 13 წლის შვილი, ჯიანა, იგივე ჯიჯი იყო. ვერტმფრენი კალიფორნიაში, კერძოდ - კალაბასასში, ადგილობრივი დროით - კვირას დილის 10 საათისთვის ჩამოვარდა.

ვარდნისას მომენტალურად ცეცხლი გაჩნდა და ის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე გავრცელდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილამდე მიღწევა გაუჭირდა. ცხრავე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები