Aa
Aa

ბითაძე „ინდიანას“ 2 ქულითა და 1 მოხსნით დაუბრუნდა

NBA-ს G ლიგაში ჩატარებული მატჩის შემდეგ, გოგა ბითაძე „ინდიანას“ დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა „მაიამისთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნეით მაკმილანის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს საკუთარ კედლებში შეერკინა, თუმცა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 108-122 დამარცხდა. „ჰიტი“ მეოთხე მეოთხედის სტარტზე 28-ქულიან უპირატესობას ფლობდა და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია.

გოგას კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა. ბითაძემ პარკეტზე 2 წუთი და 40 წამი გაატარა და თავი 2 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა. ქართველმა კალათბურთელმა ქულები 2 საჯარიმო ტყორცნის შედეგად აიღო.

„ჰიტთან“ მატჩში „ინდიანას“ დომანტას საბონისმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულასთან ერთად 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. გამარჯვებულ „მაიამის“ რაც შეეხება, ფლორიდელებმა წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწიეს. „ჰიტის" რიგებში მინიმუმ 15 ქულა ერთბაშად 6-მა კალათბურთელმა დააგროვა.

„მაიამისთან“ მარცხი „ინდიანასთვის“ მიმდინარე სეზონში მე-15 წაგება აღმოჩნდა. „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეა და მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს, სტუმრად „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები