Aa
Aa

"ჯვაროსნები" ირლანდიისთვის სრული შემადგენლობით ემზადებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები „ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის რიგით მე-6 მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვლადიმირ ვაისმა ჩვენი გუნდი კვლავ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ავარჯიშა და ფეხბურთელები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მსუბუქად დატვირთა.

საქართველოს ნაკრებმა შეკრება 7 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა სრული შემადგენლობით გუშინ პირველად ივარჯიშა. „ჯვაროსნებს“ ამერიკიდან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ, რომელთაც კვირას MLS-ის ბოლო ტურის მატჩში ითამაშეს.

საწვრთნელი პროცესის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს სწორედ კაშია გაესაუბრა, რომლის თქმითაც, საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან დამყარებული უარყოფითი ტენდენციის შეცვლა და მეტოქის დამარცხება შეუძლია. ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ასევე დაამატა, რომ „დინამო არენაზე“ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და ეროვნული გუნდი წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან აქამდე ჩატარებულ 11 მატჩში, 10 წაგება და 1 ფრე აქვს. საყაიმო შედეგი ორი წლის წინ სწორედ „დინამო არენაზე“ დაფიქსირდა, ჩვენს გუნდს მაშინაც ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა.

„ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში, „ჯვაროსნებს“ 4 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე არიან, „აირიშები“ კი ქვეჯგუფს 11 ქულით ლიდერობენ.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მას, მარკო გუიდას ხელმძღვანელობით, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მატჩზე დასასწრებ ბილეთთა ფასი 5; 10; 15 და 25 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები