ჩვენ და დანიელები - ურთიერთშეხვედრები
Aa
Aa

ჩვენ და დანიელები - ურთიერთშეხვედრები

"ევრო 2020"-ის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, კოპენჰაგენში, დანიის მთავარ გუნდს დაუპირისპირდება. თამაში "თელია პარკენზე" ჩატარდება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

"ჯვაროსნებს" აქამდე დანიელთა წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ და, სამწუხაროდ, ჯერაც მოუგებლად არიან - 1 ფრე და 2 წაგება.  მივყვეთ და გავიხსენოთ ყველა ეს შეხვედრა.

პირველად გუნდებმა 2004 წლის 17 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ითამაშეს. თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. დანიელები მე-7 წუთზე იონ-დალ ტომასონმა დააწინაურა, რასაც 33-ე წუთზე დემეტრაძის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. იმავე ტომასონმა სკანდინავიელები კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, თუმცა მალხაზ ასათიანმა ალენ ჟირესის გუნდს ქულა გადაურჩინა.

 

იმავე შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი, 2005 წლის 7 სექტემბერს, სწორედ იმ არენაზე გაიმართა, რომელზეც გუნდები დღეს ითამაშებენ. ჩვენთვის უსიამოვნოდ მოსაგონარი შეხვედრა 1:6 დასრულდა. ტომასონმა ამ თამაშშიც გაიტანა, სორენ ლარსენმა დუბლი შეასრულა, ასევე თითო ბურთი კი იენსენმა, პოულსენმა და დანიელ აგერმა შეაგდეს. საქართველოს ნაკრებმა 7-გუნდიანი შესარჩევი ჯგუფი მე-6 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ ყაზახეთს გაუსწრო.

 

2013 წლის 5 ივნისს, ქართველები და დანიელები უკვე ამხანაგურად გაეჯიბრნენ. ჩვენს გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა და ირაკლი ძარიას 52-ე წუთზე გატანილი გოლით დავწინაურდით კიდეც, მაგრამ დარჩენილ დროში პედერსენმა და კრისტიან ერიქსენმა შეაგდეს და 1:2 დავმარცხდით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები