ჯოკოვიჩისა და ტიმის იოლი გამარჯვებები! - მეორე 1/2 ფინალური წყვილიც ცნობილია
Aa
Aa

ჯოკოვიჩისა და ტიმის იოლი გამარჯვებები! - მეორე 1/2 ფინალური წყვილიც ცნობილია

„როლან გაროსზე“ ბოლო ორი მეოთხედფინალური მატჩიც ლოგიკურად, ფავორიტთა გამარჯვებით დასრულდა. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ალექსანდრ ზვერევის შეხვედრა დაძაბული ბრძოლის ფონზე დაიწყო.

ზვერევმა მე-9 გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტზე აწვდიდა, თუმცა ზედიზედ 3 გეიმი დათმო, რის შემდეგაც რიტმიდან ამოვარდა და 3 სეტში - 5:7; 2:6; 2:6 წააგო. „ნოლემ“ შანსები ეფექტურად გამოიყენა, 11 ბრეიკ-პოინტიდან 6 ბრეიკად გარდასახა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.

შედეგად, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირის 1/2 ფინალში დომინიკ ტიმზე გავიდა, რომელმაც თავისი მატჩი ასევე იოლად მოიგო.

ტიმის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი გახლდათ. მატჩის უპირობო ფავორიტად ავსტრიელი ითვლებოდა, თუმცა ექსპერტები შედარებით დაძაბულ თამაშს ვარაუდობდნენ, რაც საერთოდ არ გამართლდა. ATP-ს რეიტინგის მეოთხეადგილოსანი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მოწინააღმდეგეს მოწოდება ერთხელაც არ დაუთმო და 1 საათსა და 50 წუთში - 6:2; 6:4; 6:2 იმარჯვა.

ტიმმა, რომელიც გასული წლის „როლან გაროსის“ ფინალისტია, რეიტინგის წამყვანი ოცეულის წარმომადგენელთან ბოლო 9-დან 8 შეხვედრა მოიგო. გამონაკლისი მხოლოდ იმავე ჯოკოვიჩთან მადრიდის მასტერსზე განცდილი მარცხი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები