კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი "მანჩესტერის", პოგბას, რონალდუს და ზლატანის შესახებ

დღესდღეობით კონორ მაკგრეგორისთვის შერეულ ორთაბრძოლებზე წინ არაფერი დგას, თუმცა რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. ბავშვობაში ირლანდიელი მებრძოლი ფეხბურთს აღმერთებდა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი გულშემატკივარი გახლდათ.

FIFA-სთან საუბრისას კონორმა წარსული გაიხსენა და განაცხადა: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემი ფავორიტი გუნდი იყო. რამდენიმე დღის წინ ფოტოს წავაწყდი, სადაც „წითელი ეშმაკების“ საქვეყნოდ ცნობილი ნაცრისფერი მაისური მაცვია, რომელიც 8 წლის ასაკში ვიყიდე“.

„როცა ამ ფოტოს ვუყურებ ჩემს შვილს ვხედავ. ძალიან მაინტერესებს ამ მაისურს რა ბედი ეწია“...

„მანჩესტერს“ იმიტომ ვქომაგობდი, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა და იმ ხალხმა მიმიზიდა, რომელიც „იუნაიტედს“ გულშემატკივრობდა“.

წარსულის შემდეგ კონორმა ოლე გუნარ სულშერის გუნდის შესახებ გააკეთა კომენტარი: „ოლე გუნარ სულშერი განსაკუთრებული ადამიანია, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია. კლუბის ხელმძღვანელობამ მას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად უნდა ჩააბაროს“.

„იგი „მანჩესტერში“ ყოფნით და კლუბის ისტორიით ამაყობს და ეს აშკარაა. ნორვეგიელის დამსახურებაა მისი შეგირდები „წითელი ეშმაკების“ მაისურის მორგებას დიდ პატივად რომ თვლიან. სულშერის წყალობით „იუნაიტედის“ მოთამაშეები ბრწყინვალედ ასპარეზობენ“.

„განსაკუთრებით პოლ პოგბა და მარკუს რაშფორდი გამოირჩევიან. ისინი პერსპექტიული, უშიშარი და თავიანთ თავში დარწმუნებული ფეხბურთელები არიან".

მაკგრეგორს კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ჰკითხეს: „კრიშტიანუ ფენომენალური ათლეტი, შესანიშნავი პიროვნება და წარმატებული ბიზნესმენია. იგი საოცარი დისციპლინითა და საყვარელი საქმისადმი თავდადებით გამოირჩევა. მას სურს ყველაფერი მუდამ იდეალურად იყოს. იგი ახალგაზრდებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა და ისინი ფეხბურთს სწორედ მის გამო თამაშობენ“.

„უბრალოდ გაიხსენეთ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში რა გააკეთა. 34 წლის ასაკში მან ჰეთ-თრიქი მაშინ შეასრულა, როცა ის და მისი გუნდი უდიდესი წნეხის ქვეშ იყვნენ“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში კონორმა იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ზლატანს და გამარჯვებულის მენტალიტეტს, რომელის მას აქვს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ: მხოლოდ ერთი კონორ მაკგრეგორი არსებობს“.

„ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცდილობს ფეხბურთის კონორ მაკგრეგორი გახდეს - წარმატებები მას“

ასევე იხილეთ - პეტკოვიჩი: "ქართველებს რუსული სათამაშო სტილი აქვთ, თუმცა ცოტა ბრაზილიური იდეით"

ცხელი ამბები